ქართველი მოკრივეები ევროპისკენ დუშეთის გავლით

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 23 ივნისიდან 1 ივლისამდე 1996-97 წლებში დაბადებულ მოკრივეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრები ერთ კვირაზე მეტია, ამ შეჯიბრებისთვის ინტენსიურად ემზადებიან დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე. ისინი საქართველოს სპორტულ ღირსებას 10 წონით კატეგორიაში დაიცავენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კუკური შავგულიძემ საევროპედ მოსამზადებლად საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს უხმო.

რჩეულები ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც გამოსცადა, რომლის შემდეგაც საბოლოოდ დაკომპლექტდა ნაკრები. 22 ივნისს ბულგარეთში გაემგზავრებიან: ბადრი წიფურია (ფოთი, 46 კგ), შოთა ვაშაძე (ჭიათურა, 48), ლაშა გურული (რუსთავი, 59), გიორგი ცისკარიშვილი (თბილისი, 52), არჩილ
ტურავა (ფოთი, 57), თემურ ჩხეიძე (ქუთაისი, 60), ნუკრი ადამია (ფოთი, 63), ბელა დანელია (ფოთი, 66), რატი ტლაშაძე (გორი, 70), შოთა ხაბურძანია (ზუგდიდი, 75).

დუშეთში ახალგაზრდა მოკრივეთა დაოსტატებაში მთავარ მწვრთნელს ფოთელები - გიგლა ბახტაძე და გოჩა რუსია, გორელი ილია ტლაშაძე და ზუგდიდელი გაგა თოდუა ეხმარებიან.

ჭაბუკების მონდომებულ წვრთნას სტიმულს ისიც აძლევს, რომ ბაზაზე მათთან ერთად ვარჯიშობს ქართველ მოკრივეთა შორის 2012 წლის ოლიმპიადის ერთადერთი ლიცენზიანტი მერაბ თურქაძე, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ რინგზე გამოსასვლელად აქტიურად ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული