და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომისა და მსაჯთა კომისიის წევრის, საერთაშორისო ფედერაციის AIBA ტექნიკური დელეგატის, კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივან ვლადიმერ ახალკაცის მიმართ მადლიერებას რომ გამოხატავენ უცხოელები.
ამიტომაც არის, რომ საერთაშორისო ფედერაციის ტაივანელი თავკაცი ჩინგ კუ ვუ ენდობა ჩვენებურს და ხშირად "ცხელ წერტილებშიც" აგზავნის. დასტურად აზიისა (ასტანაში) და
- AIBA-ს მესვეურთა ნდობა პატივიც არის და დიდი პასუხისმგებლობაც, უპირველესად კი - ჩვენი ეროვნული ფედერაციის დაფასება, - გვითხრა ვლადიმერ ახალკაცმა. - დოქტორი ჩინგ კუ ვუ ჩვენი ქვეყნის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორი წლის წინათ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით, თბილისში იმყოფებოდა.
სამართლიანი პიროვნებაა და ყოველ ღონეს ხმარობს კრივშიც სამართლიანობის აღსადგენად, რაც საერთაშორისო მასშტაბის ოფიციალურ შეჯიბრებებს დაეტყო კიდეც.
- პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯობა მაინცდამაინც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ვირწმუნოთ, რომ ლონდონში უკეთესი მდგომარეობა იქნება? ოლიმპიურ რინგზე ხომ ქართველი მერაბ თურქაძეც მოსინჯავს ძალებს.
- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არბიტრების კვალიფიკაცია საგრძნობლად ამაღლდა, ობიექტურობამაც იმატა, ამიტომაც ლონდონში ბევრად უკეთეს მსაჯობას უნდა ველოდოთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ვინც პეკინში მსაჯობდა, ლონდონში ვერც ერთი ვერ გაემგზავრება. ეს ჩვენთვის არის გულდასაწყვეტი, რადგან ფოთელმა ზურაბ ტიბუამ ჩინეთის დედაქალაქში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოლიმპიადაზე მოკრივეთა სამ საუკეთესო არბიტრს შორის მოხვდა.
უცხოეთის ბევრი ქვეყნის კრივის ფედერაციამ მიმართა AIBA-ს თხოვნით, 2012 წლის თამაშებში საუკეთესო მსაჯთა სამეული მაინც მიიწვიონ, მაგრამ არა მგონია, გამონაკლისი დაუშვან, რაც ჩვენთვის ნამდვილად დიდი დანაკლისია.
- თქვენ ხომ მიგიწვევენ ოლიმპიადაზე?
- კრივის საერთაშორისო ფედერაციას ლიცენზირებული მხოლოდ 18 ტექნიკური დელეგატი ჰყავს. თან ბოლოდროინდელ ნდობასაც თუ გავითვალისწინებთ, თამაშებზე მიწვევა სათუო არ უნდა იყოს.
ოლიმპიადამდე არც ისე დიდი დრო რჩება, მაგრამ კრივის საერთაშორისო ფედერაციას ჯერ კიდევ არ გამოუმზეურებია თამაშების მომსახურე არბიტრებისა და ჟიურის წევრების სია. მარტო ის ვიცით, რომ ტექნიკური დელეგატია იტალიელი ფრანკო ფალჩინელი.
- მერაბ თურქაძეზე რას იტყვით?
- თურქეთის სალიცენზიო ტურნირზე მერაბმა დამსახურებულად მოიპოვა ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია. ამჟამად იგი პირად მწვრთნელ კუკური შავგულიძესთან ერთად დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ვარჯიშობს. სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ჩვენი ფედერაციის ხელშეწყობით ყველა პირობა აქვს წვრთნისა და აქტიური დასვენებისთვის.
თუ ის სპორტულ ფორმას შეინარჩუნებს და წილისყრისას ცოტა ფორტუნაც თუ გაგვიღიმებს, თურქაძეს ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა შეუძლია.
- როცა ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციებში თავისი წარმომადგენელი ჰყავს, მისი სპორტსმენი შეჯიბრებებზე უფრო წელგამართული გამოდის, რადგან იცის, რომ იოლად ვერავინ დაჩაგრავს. პოზიციების შესანარჩუნებლად რა კეთდება?
- უმაღლესი ნიხრით, ანუ სამვარსკვლავიანი ორი მსაჯი გვაყვს - ზურაბ ტიბუა და ტარიელ გოგოჭური, მაშინ როცა უკრაინას, რომელმაც შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე, აზერბაიჯანს, სომხეთს და ბევრ საკრივო ქვეყანას - თითო-თითო.
ჩვენს ფედერაციაში მემკვიდრეობითობის შენარჩუნებისა და მსაჯთა საერთშაორიოს სარბიელზე დაწინაურებაზე ზურაბ ტიბუა მუშაობს ინტენსიურად, ცხადია, ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით. გარკვეული წინსვლაც გვაქვს. ყველაფერი ქართული კრივის საკეთილდღეოდ კეთდება.
- რამდენიმე დღეში სოფია ჭაბუკთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს.
- მართალია, ლონდონის ოლიმპიადას ჯერ არ ჩაუვლია, მაგრამ ჩვენ უკვე დავიწყეთ ზრუნვა 2016 წლის თამაშებისთვის სპორტსმენთა მოსამზადებლად. 1996-1997 წლებში დაბადებულთა საქართველოს პირველობაზე შევარჩიეთ ნაკრების კანდიდატები, რომლებიც ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე გამოვცადეთ. ახლა 10 მათგანი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ემზადება სოფიის ევროპის პირველობისთვის, სადაც ჟიურის თავმჯდომარედ ვარ მიწვეული.
შარშან მსგავს ტურნირზე ჩვენმა ბიჭებმა სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ვეცდებით ამჯერად ნადავლი რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც ვამრავლოთ.
ვიყოთ, რომ დაგვაფასონ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
სურთაზე: ვლადიმერ ახალკაცი (მარჯვნივ) და ჩინ კუ ვუ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დასანანია მაგრამ რუსეთის ნაკრებში გამოდის ქართველი გოგონა(სოფია ოჩიგავა)რომელიც ჩემპიონობის რეალური კანდიდატია...