ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველები ბულგარელებს შეხვდებიან

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 10 წარმომადგენელი ჩაება.

უკვე გაუწყეთ, რომ 48 კილოში შოთა ვაჩაძემ პირველი წრის შეხვედრა მოიგო, მაგრამ მეორეში რუს სულეიმან ბატოვთან დამარცხდა და შეჯიბრებას ჩამოშორდა.

პირველივე პაექრობების შემდეგ მისი ბედი გაიზიარეს ბადრი წიფურიამ (46), ლაშა გურულმა (50), აჩიკო ტურავამ (57), თეიმურაზ ჩხეიძემ (60) და ბექა დანელიამ. 52 კილოში გიორგი ცისკარიშვილმა ჯერ ალბანელ ზენელის სძლია - 11:6, მერე ფრედ (8:8) დაამთავრა ორთაბრძოლა ინგლისელ მაკგრეილთან, მაგრამ მსაჯებმა უპირატესობა ჩვენებურს მიანიჭეს.

მეოთხედფინალში ცისკარიშვილი ერთი ქულით
დამარცხდა (5:6) სომეხ ერიკ პეტროსიანთან და მანაც მაყურებლებში გადაინაცვლა, როგორც 75 კილოში შოთა ხაბურძანიამ (პირველ წრეში მან ფრანგი ეზედინ ბენ ნასერი დაჯაბნა, რომელსაც მაგომედ მაგომედოვმა (რუსეთი) აჯობა). სამაგიეროდ, გაგვახარეს ნუკრი ადამიამ (63) და რატი ტლაშაძემ (70). ჩვენმა ბიჭებმა ნახევარფინალში გააღწიეს და, სულ მცირე, ბრინჯაოს მედლები დაიბევეს: ადამიამ ერიკ ჟერმაკი (პოლონეთი, 14:11) და ოგუსკან ოზთურქი (თურქეთი, 13:11) დაამარცხა, ტლაშაძემ ანდრეი არადოას (რუმინეთი, 17:9) და ადამ ტოდის (უნგრეთი, 13:8) სძლია.

29 ივნისს ქართველი მოკრივეები ბულგარელებს - ზდრავკო პოპოვსა (63) და ივაილო ივანოვს (70) დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული