ვლადიმერ კლიჩკო ტონი ტომპსონთან იჩხუბებს

AutoSharing Option
7 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ბერნში სუპერმძიმე წონაში WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო ამერიკელ ტონი ტომპსონს შეხვდება.

ეს მოკრივეები ოთხი წლის წინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ უკრაინელმა მე-11 რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა. წელს ამერიკელი IBF-ის აუცილებელი პრეტენდენტი გახდა, რამაც მას რევანშის აღების საშუალება მისცა.

40 წლის ტომპსონი პირველი ამბიციური მეტოქე არ არის, რომელთანაც უმცროს კლიჩკოს მოუწია რინგზე გასვლა. თავისი ხანგრძლივი პროფესიული კარიერის განმავლობაში, უკრაინელმა 60 ბრძოლა ჩაატარა და 57 მოიგო, მათ შორის 50 - ნოკაუტით. ვლადიმერის ბოლო ბრძოლა 2012
წლის 3 მარტით თარიღდება – მაშინ უკრაინელმა ფრანგ ჟან-მარკ მორმეკს მეოთხე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.

ტომპსონმა პროფესიულ რინგზე 38 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 36 მოგება (24 - ნოკაუტით) მოდის. როგორც ვთქვით, ეს მოკრივეები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს 2008 წელს გერმანიაში მოხდა. მაშინ ათი რაუნდი უკრაინელი დომინირებდა, ამას მოჰყვა ნოკდაუნი და შემდეგ ნოკაუტი მე-11 რაუნდში.

ამერიკელი, ისევე როგორც ოთხი წლის წინ, ამჯერადაც დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში. "მე მაქვს ამ ბრძოლისთვის გეგმა. და ვფიქრობ, ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს”, - განაცხადა ამერიკელმა მოკრივემ.

თავის მხრივ, კლიჩკომ განაცხადა, რომ არ აქვს ტომპსონთან ხელმეორედ შეხვედრის სურვილი.

"უკეთესი იქნებოდა, ვინმე სხვასთან მეჩხუბა, ვისაც ჯერ რინგზე არ შევხვედრივარ. მაგრამ არჩევანი არ მქონდა.

მე ტიტულები უნდა დავიცვა. ტონი ჩემს მეტოქედ არ დამინიშნავს. მან თავად გაიკვლია გზა აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსისკენ”,
- ამბობს უმცროსი კლიჩკო.

რაც შეეხება ბუკმეიკერთა ფსონებს, აშკარა ფავორიტად უკრაინელი მოკრივე მიიჩნევა. ყველა დარწმუნებულია, რომ კლიჩკო უპრობლემოდ შეინარჩუნებს თავის ტიტულებს.

6 ივლისს, აწონვის ტრადიციული ცერემონია გაიმართა და უკრაინელი მეტოქეზე ორი კილოგრამით მძიმეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული