ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰეიმ გასულ კვირას, მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე დერეკ ჩისორა.
დევიდ ჰეი ჟურნალის რეიტინგიდან შარშან გამოიყვანეს, რადგან ბრიტანელმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ახლა კი ის პლანეტის საუკეთესო მძიმეწონოსნებს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ერთი კვირის წინ რეიტინგის ათეულში დებიუტი ჰქონდა კუბელ ოდლანიერ სოლისს, მაგრამ ჰეის დაბრუნების შემდეგ ის კვლავ TOP10-ის მიღმა აღმოჩნდა.
განახლებული რეიტინგი ასე გამოიყურება:
ჩემპიონი - ვლადიმერ
1. ვიტალი კლიჩკო
2. ალექსანდრ პოვეტკინი
3. ტომაშ ადამეკი
4. დევიდ ჰეი
5. კუბრატ პულევი
6. რობერტ ჰელენიუსი
7. დენის ბოიცოვი
8. რუსლან ჩაგაევი
9. კრის არეოლა
10. ტაისონ ფიური
* * *
ამასობაში The Ring-ის ვერსიით საუკეთესო მძიმეწონოსანმა ვლადიმერ კლიჩკომ უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი პოტენციური მეტოქეები დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა 7 ივლისს, ამერიკელი ტონი ტომპსონის დამარცხების შემდეგ, შეინარჩუნა WBA-ს, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ტიტულები.
"მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ მოკრივეს, ვის წინააღმდეგაც აქამდე რინგზე არ გავსულვარ. მინდა ჩემს მომავალ მეტოქეებად ახალი სახეები ვიხილო. მათ შორის არიან - ამერიკელი სეტ მიტჩელი, ბრიტანელი ტაისონ ფიური და პოლონელი მარიუშ ვახი", - განაცხადა კლიჩკომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"