ისინი ისტორიაში შევიდნენ

AutoSharing Option
ბრიტანელი ქალი მოკრივე ნიკოლა ადამსი სამუდამოდ შევა ოლიმპიადის ისტორიაში. ის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ქალების კრივში. ამ სახეობას სწორედ ლონდონის თამაშებზე ჰქონდა დებიუტი.

ადამსის მეტოქე ფინალურ ბრძოლაში ჩინელი კანკან რენი იყო. ეს მოკრივეები ტრადიციული მეტოქეები არიან. ისინი მსოფლიოს წინა ორ ჩემპიონატზე ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ჩემპიონი რენი გახდა. ასე რომ, ბრიტანელს რევანშზე უნდა ეფიქრა.

საბოლოოდ, რევანში შედგა, თანაც ძალიან დამაჯერებელი. ვერავინ იტყვის, რომ ადამსის მასპინძლობის ხათრით, მსაჯებმა ჩინელი მოკრივე დაჩაგრეს. ბრიტანელი დომინირებდა მთელი ბრძოლის განმავლობაში და ერთხელ (მეორე რაუნდში)
ნოკდაუნშიც კი გაგზავნა მოწინააღმდეგე. საბოლოო ანგარიში კი ნათლად ასახავს ადამსის უპირატესობას - 16:7.

* * *
საკრივო დარბაზში შეკრებილ მაყურებელს არანაკლებ გაუხარდებოდა მეორე ფინალის შედეგი. აქ ირლანდიელი კეტი ტეილორი რუს სოფია ოჩიგავას ხვდებოდა. მეტოქეთა ტიტულების გათვალისწინებით, ეს სუპერბრძოლა იყო: ტეილორი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, ქართული წარმოშობის რუსი - ორგზის.

ოჩიგავა რუსეთის ქალაქ ოდინცოვოშია დაბადებული, მამა ქართველი ჰყავს, დედა - ოსი. თავის დროზე ძმას მიბაძა და კიკბოქსინგში დაიწყო ვარჯიში (იყო რუსეთის ჩემპიონი). შემდეგ კრივში გადავიდა და იქ დიდ შედეგებსაც მიაღწია.

ამიტომაც გასაკვირი არ იქნებოდა, თუ ოჩიგავა გუშინ, ოლიმპიურ ოქროსაც მოიგებდა, მაგრამ ირლანდიელს ოდნავ უფრო მაღალი კლასი აღმოაჩნდა.

სხვათა შორის, პირველი ორი რაუნდის შემდეგ რუსი ქულებით წინ იყო - 4:3, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე რაუნდი, რომელიც ირლანდიელმა პირწმინდად მოიგო - 4:1. სწორედ აქ გაირკვა 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს ბედი.

* * *
რაც შეეხება დღის მესამე ფინალს, 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც რუს სპორტსმენს ვერცხლის მედლით დაკმაყოფილება მოუწია.

ნადეჟდა ტორლოპოვამ პირველ რაუნდში გაუძლო ამერიკელი კლარესა შილდსის შეტევებს და საწყისი ორი წუთი ფრედ - 3:3 დასრულდა (ქალთა კრივში შეხვედრა ოთხი ორ-ორწუთიანი რაუნდისგან შედგება). მაგრამ შემდეგ რაუნდებში ამერიკელი მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას: მეორე ორწუთეულში სამი ქულა მოუგო მეტოქეს, მესამე და მეოთხეში - ორ-ორი, რაც საბოლოოდ კომფორტულ უპირატესობაში გამოიხატა - 19:12.

ქალთა კრივში ოლიმპიადა დასრულდა, დღეს კი კაცების ათივე წონაში გაიმართება ნახევარფინალური შეხვედრები.

ქალები, 51 კგ
ფინალი
ნიკოლა ადამსი (ბრიტ)-კანკან რენი (ჩინ) 16:7.

60 კგ
ფინალი
კეტი ტეილორი (ირლ)-სოფია ოჩიგავა (რუს) 10:8

75 კგ
ფინალი
კლარესა შილდსი (აშშ)-ნადეჟდა ტორლოპოვა (რუს) 19:12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული