ვლადიმერ კლიჩკო ბრძოლას მარიუშ ვახის წინააღმდეგ გამართავს

AutoSharing Option
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო მორიგ ბრძოლას 10 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში პოლონელი მარიუშ ვახის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა "O2 არენაზე" გაიმართება, რომელიც 16 ათას მაყურებელს იტევს. საინტერესოა, რომ სწორედ ჰამბურგში დაიწყო პროფესიული კარიერა უმცროსმა კლიჩკომ, ბოლო ბრძოლა კი აქ 2011 წლის ივნისში ჩაატარა, როცა ქულებით დაამარცხა ბრიტანელი დევიდ ჰეი.

ვახი ერთ-ერთი იყო იმ ექვს მოკრივეს შორის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრაზე.

ეს ბრძოლა 8 სექტემბერს, მოსკოვში გაიმართება, ოღონდ უფროსმა კლიჩკომ მეტოქედ გერმანელი
მანუელ ჩარი აირჩია, ვახს კი უმცროსი კლიჩკო ერგო. პოლონელმა კარიერაში 27 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (15 - ნოკაუტით), თუმცა მის მეტოქეებს შორის სუპერმძიმე წონის ნამდვილი ვარსკვლავი არ ყოფილა.

ბოლო ბრძოლაში "ვიკინგმა" (ვახის მეტსახელი) WBC-ის ინტერკონტინენტალური ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ამასთან, ბოლო ორი ბრძოლა მან ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

სწორედ ნოკაუტის იმედი აქვს ვახს თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში.

"რომც დავმარცხდე, მაინც არაფერს ვკარგავ, - ამბობს მარიუშ ვახი. - პირიქით, მე მხოლოდ მოგებული დავრჩები ბრძოლის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. უბრალოდ მინდა კარგი კრივი ვაჩვენო სამყაროს. ამიტომაც მშვიდად ვარ.

გამარჯვების მოპოვებას მხოლოდ ნოკაუტით შევძლებ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცე კლიჩკოს ბრძოლაზე კონტროლის დაწესების საშუალება, რადგან ეს დამარცხების ტოლფასი იქნება.

უნდა ვცადო ის რითმიდან ამოვაგდო, ზეწოლა უნდა განვახორციელო მის დაცვაზე და ძლიერი დარტყმები შევთავაზო. ვლადიმერი ზეადამიანი არ არის და შეიძლება მისი დამარცხება".


საინტერესოა, რომ ვახი მისი პრომოუტერის მარიუშ კოლოძეის გადაწყვეტილებით, სხვა სპორტსმენებისგან განცალკევებით, დახურულ კარს მიღმა ვარჯიშობს.

ეს იმით არის გამოწვეული, რომ ერთხელ, პოლონელის გუნდის წევრებმა ვახის ვარჯიშის დროს დარბაზში კლიჩკოს მეორე მწვრთნელი ჯეიმს ალი ბაშირი შენიშნეს. ამის გამო, სასწრაფოდ შესვენება გამოაცხადეს, ბაშირს კი დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული