ვიტალი კლიჩკოს სისხლიანი გამარჯვება

AutoSharing Option
ვიტალი კლიჩკომ დამაჯერებლად შეინარჩუნა სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტული, როცა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა გერმანელი მანუელ ჩარი.

მოსკოვურმა პუბლიკამ მხოლოდ ოთხი რაუნდი იხილა, რადგან უკრაინელმა პრეტენდენტს წარბი გაუხეთქა და ექიმებმა ჭრილობა ჩარის ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიიჩნიეს...

პირველი რაუნდი ვიტალი კლიჩკოს ბრძოლებისთვის დამახასიათებელი სცენარით მიდიოდა. უკრაინელი ერთგვარ დაზვერვას აწარმოებდა; ამასთან, შედარებით სუსტ, მაგრამ ზუსტ დარტყმებს ახორციელებდა. რაუნდის ბოლოს პრეტენდენტი აქტიურად წავიდა მოწინააღმდეგეზე, მაგრამ რამდენიმე შემხვედრი დარტყმა გაატარა. ჩარს ისღა რჩებოდა, რომ გონგის შემდეგ დარტყმით აეღო რევანში.

შემდეგი რაუნდიც ანალოგიურად ვითარდებოდა, ოღონდ ერთი განსხვავებით -
მანუელი ნოკდაუნში აღმოჩნდა. რამდენიმე დარტყმის (ორი ჯები და პირდაპირი მარჯვნიდან) გატარების შემდეგ მანუელი ისევ მივარდა ჩემპიონს. ამჯერად მისმა ორმა მოქნევამ მიზანს მიღწია, ვიტალის შემხვედრი მარჯვენა დარტყმის შემდეგ ჩარი რინგზე აღმოჩნდა. კლიჩკოს გონგმა არ მისცა უპირატესობის განვრცობის საშუალება.

ამის შემდეგ უკრაინელის მხრიდან გრძელდებოდა მეტოქის ტრადიციული მეთოდური დამუშავება, რაც ასევე ერთგვარ მოთელვას ჰგავდა: ბევრი არაძლიერი, მაგრამ ზუსტი დარტყმა რაუნდის პირველ ნახევარში და რამდენიმე ძლიერი დარტყმა ბოლო წამებზე.

ნოკდაუნის შემდეგ იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე ვერ გასტანდა. მაგრამ ასეთ სწრაფ დასასრულსაც არავინ ელოდა. მეოთხე რაუნდში ვიტალის ერთ-ერთმა გვერდითმა დარტყმამ წარბი გაუხეთქა პრეტენდენტს. ჩარის სახე და რინგი სისხლით შეიღება.

მანუელმა მოახლოებული საფრთხე იგრძნო და ისევ წინ წავიდა, მაგრამ აქედან მხოლოდ ის მიიღო, რომ რამდენიმე საპასუხო დარტყმა გაატარა. რეფერიმ ექიმთან კონსულტაციისთვის ბრძოლა გააჩერა. მცირეხნიანი შემოწმების შემდეგ მსაჯმა ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, რითაც პრეტენდენტისა და მოსკოვური პუბლიკის აღშფოთება გამოიწვია.

აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება ანალოგია ვიტალი კლიჩკოსა და ლენოქს ლუისის ცხრა წლის წინანდელ სახელგანთქმულ ბრძოლასთან, როცა "დაჭრილის" როლში თავად უკრაინელი ვიხილეთ. მაგრამ მაშინ მსაჯმა და რეფერიმ ბრძოლა იმ დროს გააჩერეს, როცა ჭრილობა საშიში გახდა ვიტალის ჯანმრთელობისთვის.

აქ კი ასეთი საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობდა. ასეა თუ ისე, უფროს კლიჩკოს სავსებით დამსახურებული გამარჯვება მიანიჭეს.

როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები შემდეგ რაუნდებში, საბოლოო შედეგი, ალბათ, ასეთივე დარჩებოდა. ცნობილია, რომ ჩარს არ აქვს თავის არსენალში ნოკაუტის მომტანი დარტყმა, ვიტალი კი თავის თამაშს თამაშობდა - ხშირი დარტყმები, რომელიც ღლის მოწინააღმდეგეს და ასეთი ტაქტიკა ბრძოლის მეორე ნახევარში იძლევა ეფექტს.

მიუხედავად ამისა, ბრძოლა ძალიან ადრე დასრულდა. ჩარს თავიდან ისტერიკა დაემართა რინგზე, მაგრამ მალე დაწყნარდა და გამარჯვებულის გამოცხადების დროს ღიმილით ულოცავდა ჩემპიონს ტიტულის შენარჩუნებას.

ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში ვიტალიმ ასე უპასუხა კითხვას კარიერის სავარაუდო დასრულების შესახებ: "გაგრძელება იქნება..." როგორც ჩანს, ეს მართლაც არ იყო ვიტალი კლიჩკოს ბოლო გამოსვლა რინგზე, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის ინტერვიუებში მუდმივად ლაპარაკობდა დიდი სპორტიდან პოლიტიკაში გადასვლის შესახებ.

* * *
გასულ უქმეებზე კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში გაიმართა. მეორე საშუალო წონაში WBA-სა და WBC-ის ჩემპიონი, 28 წლის ანდრე უორდი ნახევრად მძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონს, 30 წლის ჩედ დოუსონს ხვდებოდა. თამაშდებოდა უორდის საჩემპიონო ქამრები.

დოუსონი უკეთ გამოიყურებოდა პირველ რაუნდში, მეორეში ბრძოლა გათანაბრდა, მესამედან კი უორდმა ინიციატივა მოიპოვა და ჰუკით მეტოქე ნოკდაუნში გაგზავნა. მეოთხე რაუნდში მეორე ნოკდაუნიც ვიხილეთ.

სტატისტიკის მიხედვით, უორდმა მარტო მეოთხე რაუნდში 30 დარტყმა შეასრულა, დოუსონმა - მხოლოდ ექვსი. ბრძოლის ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ ის იყო გასარკვევი, რამდენ რაუნდს გაუძლებდა დოუსონი.

მეათე რაუნდში უორდის შეტევამ მორიგი ნოკდაუნი მოიტანა. მისი მეტოქე ისევ წამოდგა, მაგრამ სერიოზულად გაბრუებული ჩანდა. რეფერი სტივ სმუგერის კითხვაზე - "ბრძოლის შეწყვეტა ხომ არ გსურს?" - დოუსონმა თანხმობით უპასუხა. მეათე რაუნდში დაფიქსირდა ტექნიკური ნოკაუტით მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული