არგენტინული გაკვეთილი ლეგენდის ვაჟს

AutoSharing Option
არგენტინელმა სერხიო მარტინესმა ლას ვეგასში ქულებით დაამარცხა მექსიკელი ხულიო სესარ ჩავეს-უმცროსი და წაართვა მას საშუალო წონაში WBC-ის ტიტული.

მარტინესი მთელი ბრძოლის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა ბოლო რაუნდში ნოკდაუნში აღმოჩნდა.

ხულიო სესარ ჩავეს-უმცროსი თავისი ლეგენდარული მამის - ხულიო სესარ ჩავესის ღირსეულია შვილია. 26 წლის ასაკში მან უკვე 47 ბრძოლის ჩატარება მოასწრო და მხოლოდ ერთხელ დაასრულა შეხვედრა ფრედ; დანარჩენი მოიგო, აქედან 31 ნოკაუტით.

მაგრამ ამჯერად მექსიკელს კარიერაში ყველაზე სერიოზული გამოცდა ელოდა - WBC-ის ბრილიანტის ქამრის მფლობელი სერხიო მარტინესი. 37 წლის არგენტინელმა 49
ბრძოლა მოიგო, აქედან 28 - ნოკაუტით. კიდევ ორ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა და ორჯერ დამარცხდა: კარიერის დასაწყისში ანტონიო მარგარიტოსთან წააგო, 2009 წელს - პოლ უილიამსთან.

ბრძოლის წინ ცნობილი იყო, რომ ჩავესი 3 მილიონ დოლარს მიიღებდა, მარტინესის ჰონორარი კი 1.4 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, ორივე მოკრივეს ტელეტრანსლაციიდან გარკვეული პროცენტი ეკუთვნოდა. მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი ნაადრევად გაიყიდა და ბრძოლას 19 186 მაყურებელი დაესწრო - ეს დასწრების ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ლენოქს ლუისისა და ევანდერ ჰოლიფილდის ბრძოლისას დაფიქსირდა.

ბრძოლის დასაწყისში ჩავესმა ინიციატივის მოპოვება სცადა და მეორე რაუნდში მეტოქეს კორპუსში რამდენიმე დარტყმა მიაყენა, მაგრამ მარტინესმა უკეთესი ფუნქციონალური მომზადების ხარჯზე დაჯაბნა მეტოქე და სწრაფი სერიებით წარმატებით უტევდა მექსიკელს. მესამე და მეოთხე რაუნდებში ჩავესმა მეტოქეს ღირსეულად ვერ უპასუხა.

მექსიკელი ხვდებოდა, რომ ბრძოლას აგებდა, ამიტომაც მეექვსე რაუნდში ისევ სცადა გააქტიურება. ჩავესს გამოუვიდა თავსა და კორპუსში რამდენიმე კარგი დარტყმა, თუმცა მარტინესმა მალე დაასამარა მეტოქის იმედები, როცა რაუნდის ბოლოს შესანიშნავი კომბინაცია ჩაატარა, შემდეგ რაუნდში კი უკვე თავად დომინირებდა. ამ პერიოდში მექსიკელს ჯერ პირიდან წამოუვიდა სისხლი, შემდეგ - ცხვირიდან.

მიუხედავად ამისა, ჩავესმა კარგი შეტევის მომზადება სცადა, მაგრამ არგენტინელის პასუხმა არ დააგვიანა. მერვე რაუნდშიც ხულიოს მონდომებამ შედეგი არ მოიტანა, მეცხრე რაუნდი კი მან პირწმინდად წააგო, თუმცა სერხიო გახეთქილი წარბით იბრძოდა.

მართალია, არგენტინელი რინგის ბატონ-პატრონი იყო, მაგრამ მას თანდათან ფიზიკურად უჭირდა. შედეგად, ბოლოსწინა რაუნდიდან მოყოლებული, მექსიკელის დარტყმები სულ უფრო ხშირად აღწევდა მიზანს, თუმცა ეს არასაკმარისი იყო - ჩავესს მხოლოდ ნოკაუტი თუ გადაარჩენდა.

და ბოლო რაუნდის ბოლო წუთზე მექსიკელმა კინაღამ მოიგო ბრძოლა - მან გაარღვია მარტინესის დაცვა და საკმაოდ მძიმე ნოკდაუნში გაუშვა მოწინააღმდეგე. არგენტინელმა მოახერხა წამოდგომა. ჩავესმა ისევ სცადა წინ წასვლა, მაგრამ მარტინესმა საპასუხო დარტყმების შესრულება შეძლო.

რა თქმა უნდა, ბოლო წარმატებული რაუნდი ჩავესს მოსაგებად არ ეყო - სამივე მსაჯმა დიდი უპირატესობით არგენტინელს მოაგებინა - 118-109, 118-109, 117-110.

* * *
ლას ვეგასში კიდევ ერთი საჩემპიონო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მექსიკელმა საულ ალვარესმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაიცვა პირველ საშუალო წონაში WBC-ის ტიტული ხოსესიტო ლოპესთან ბრძოლაში.

მეორე რაუნდიდან მოყოლებული, ალვარესმა მტკიცედ მოიპოვა ინიციატივა და ორჯერ გაგზავნა მეტოქე ნოკდაუნში. ლოპესმა განსაკუთრებული მონდომების ხარჯზე სცადა ბრძოლის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება და ერთი პირობა, ბაგირებთან მიიმწყვდია მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩემპიონს ვერაფერი დააკლო.

ბრძოლა მეხუთე რაუნდში დასრულდა, როცა რეფერი ჯო კორტესი იძულებული გახდა, შეეჩერებინა შეხვედრა - ლოპესმა რამდენიმე ძლიერი დარტყმა გაატარა და აღარ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული