ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო პირველობაზე ტექნიკურ დელეგატად

AutoSharing Option
წლეულს, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, ერევანი ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს. ევროპის კრივის კონფედერაციის გადაწყვეტილებით, სომხეთის დედაქალაქში შეჯიბრების ტექნიკურ დელეგატად დაინიშნა საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი, ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომისა და მსაჯთა კომიტეტის წევრი, AIBA-ს ტექნიკური დელეგატი ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც მსაჯთა ჟიურის უხელმძღვანელებს.

- ძალიან დაძაბული მსოფლიოს პირველობა იქნება, - გვითხრა ვლადიმერ ახალკაცმა. - წინასწარი მონაცემებით, თითოეულ წონაში ათეულობით მონაწილე მოსინჯავს ძალებს. გადაწყვეტილი გვაქვს, ამ შეჯიბრებაზე 7-8 სპორტსმენით ვიასპარეზოთ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეჟან ჭიჭინაძემ ფედერაციას უკვე წარუდგინა გაფართოებული გუნდის
შემადგენლობა 17 მოკრივით. ისინი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლიან მზადებას. შემდეგ შესარჩევი შეხვედრები გაიმართება. უკვე შევუთანხმდით სომეხ კოლეგებს და შეჯიბრების დაწყებამდე დაახლოებით ათი დღით ადრე ბოლო საწვრთნელ შეკრებას ერევანში ჩავატარებთ რამდენიმე ქვეყნის ნაკრებთან ერთად. ამჟამად ახალგაზრდული ნაკრების ლიდერია ალექსანდრე დოკვაძე (81 კგ), რომელმაც შარშანწინ ლვოვში კადეტებში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. მას სომხეთის დედაქალაქშიც შეუძლია მედლისთვის ბრძოლა.

- შევიტყვეთ, რომ კალინინგრადშიც გიპირებენ ტექნიკურ დირექტორობას...
- ევროპის კრივის კონფედერაციის პრეზიდენტის - ჰუმბერტ ფურგონის ინიციატივით, წლეულს პირველად გაიმართება 19-22 წლის მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომლის მასპინძლობის უფლებაც კალინინგრადს ერგო. იქ შეჯიბრება ერევნის მსოფლიოს პირველობის დამთავრების მეორე დღეს - 9 დეკემბერს დაიწყება. იქაც დელეგატობას როგორ მოვასწრებ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მთავარი ის არის, რომ იმ შეჯიბრებაზე საქართველოს რვაკაციანი გუნდი გაემგზავრება.

სწორედ კალინინგრადული ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად კრასნოიარსკიდან ჩამოვიყვანეთ 21 წლის ლტოლვილი მოკრივე, მძიმეწონოსანი გიორგი პურიჭამიაშვილი, რომელსაც კარგი მონაცემები აქვს და ეროვნული ნაკრების წევრებსაც გაუწევს სათანადო კონკურენციას. თუკი ნაკრებში ადგილს დაიმკვიდრებენ, 19-22-წლიანთა ევროპის პირველობაზე გამოსვლის შანსი მიეცემათ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებს - ზაალ კვაჭატაძეს, ჯაბა ხოსიტაშვილს, ასევე, იაგო კიზირიას, რომლებსაც ასაკიც ხელს აძლევთ. ამ ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ამ დღეებში გაირკვევა.

- ბატონო ვლადიმერ, ლონდონის ოლიმპიადასაც ხომ ვერ გაიხსენებთ?
- დღემდე შოკში ვარ. ისეთი სირცხვილი ვჭამეთ, ალბათ, 100 წელიწადში ერთხელაც რომ არ დაემართება ადამიანს. უბრალოდ, იმ ფაქტის შეფასებაც არ შეიძლება. უახლოეს ხანში ფედერაციის სხდომა გაიმართება. იქ ბევრ რამეზე ვიმსჯელებთ, მათ შორის - ეროვნული ნაკრების დაკომპლექტებისა და მწვრთნელების დასახმარებლად უცხოელი კონსულტანტის მოწვევის საკითხიც განიხილება. 15-20 ნოემბერს თბილისში ეროვნულ ჩემპიონატს ჩავატარებთ და ჩვენი სამომავლო გეგმები და მიზნებიც უფრო ნათელი გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული