წავიდა თუ არა ვიტალი კლიჩკო?

AutoSharing Option
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. "აღარ ვაპირებ კრივს", - განაცხადა WBC-ის ჩემპიონმა დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე. 41 წლის კლიჩკო ბოლოს რინგზე 2012 წლის 8 სექტემბერს მოსკოვში გავიდა. ამ დღეს უკრაინელმა გერმანელი მანუელ ჩარი დაამარცხა და ტიტული დაიცვა.

ვიტალი კლიჩკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ძმა - ვლადიმერი, რომელიც რამდენიმე საჩემპიონო ქამარს ფლობს, კარიერას გააგრძელებს. "კიდევ არაერთხელ აღიმართება უკრაინის დროშა და აჟღერდება უკრაინის ჰიმნი, როცა რინგზე კლიჩკო გავა", - აღნიშნა მოკრივემ.

ჩართან გამარჯვების შემდეგ კლიჩკომ განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელების
შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. არჩევნებში, რომელიც 28 ოქტომბერს არის დანიშნული, კლიჩკოს პარტიაც მიიღებს მონაწილეობას.

კვლევების თანახმად, ვიტალი კლიჩკო მეორე ადგილზეა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენდენტებს შორის. არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, მოკრივეს ხმას ამომრჩეველთა 11.9 პროცენტი მისცემდა (ლიდერია უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი - 22.1 პროცენტი).

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა დევიდ ჰეიმ განაცხადა, რომ კლიჩკომ პოლიტიკოსის კარიერა იმის გამო აირჩია, რომ მასთან ბრძოლისგან დაეძვრინა თავი. ჰეის თქმით, ვიტალიმ არ უნდა გამოიყენოს უკრაინის პარლამენტის არჩევნები ბრძოლისგან თავის ასარიდებლად.

ვიტალი კლიჩკოს მენეჯერმა ბერნტ ბიონტემ განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა შეიძლება დაასრულოს კარიერა, თუ არჩევნების შედეგების მიხედვით შეეძლება უკრაინაში პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა. "დემოკრატიისთვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დევიდ ჰეისთან ჩხუბი", - თქვა ბიონტემ.

ვიტალი კლიჩკომ კარიერის განმავლობაში 47 ბრძოლა ჩაატარა, 45 მოიგო (41 ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.

P. S. მოგვიანებით ვიტალი კლიჩკოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოქსანა ზინოვიევამ უარყო საკრივო კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, კლიჩკოს არ უთქვამს, რომ სპორტიდან მიდის; უბრალოდ, განაცხადა, რომ სიბერემდე არ იჩხუბებს.

"ვიტალის ახალი არაფერი უთქვამს. მას, უბრალოდ, მხედველობაში ჰქონდა, რომ კარიერას თავის ძმაზე ადრე დაასრულებს", - ამბობს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული