ალექსანდრ პოვეტკინი ვლადიმერ კლიჩკოს მიუახლოვდა

AutoSharing Option
რუსმა სუპერმძიმეწონოსანმა ალექსანდრ პოვეტკინმა (25-0, 17KO) გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, გასული უქმეების მთავარ ბრძოლაში ამერიკელი ჰასიმ რაჰმანი (50-8-2, 41KO) დაამარცხა და შეინარჩუნა WBA-ის ვერსიით მსოფლიოს "რეგულარული" ჩემპიონის ტიტული.

პოვეტკინი რაჰმანთან ბრძოლაში არა მარტო საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებლად ზრუნავდა, არამედ გამარჯვების შემთხვევაში, ჰქონდა შანსი გამხდარიყო აუცილებელი პრეტენდენტი ძმები კლიჩკოებისგან ერთ-ერთის წინააღმდეგ შესახვედრად.

მაგრამ ამისთვის, რუსს ერთ დროს ძლიერი ჰასიმ რაჰმანის დამარცხება სჭირდებოდა. ეს ის მოკრივეა, რომელმაც, თავის დროზე, თვით ლენოქს ლუისი გაგზავნა ნოკაუტში. თუმცა ბრძოლამ არ გაამართლა მოლოდინი.

მეტოქეებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს პირველი
რაუნდი, მაგრამ მათი მოქმედების სისწრაფემ თანდათან იკლო. ბრძოლის წინ, ბევრს წერდნენ იმის შესახებ, რომ რაჰმანი დიდი ხანი და მონდომებით იგდებდა წონას და ფიზიკურად კარგად იყო მზად, მაგრამ დასახულ ამოცანას ვერ მიაღწია.

ხელებში ძალა ამერიკელს კიდევ შერჩენია, მაგრამ ფიზიკური კონდიციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა ასეთ მდგომარეობაშიც მან ერთი კარგი კომბინაცია ჩაატარა, მაგრამ ძალიან ბევრ დარტყმას ატარებდა.

ჰასიმმა აქტიურად დაიწყო მეორე რაუნდიც, მაგრამ მალე მიიღო შემხვედრი მარცხენა დარტყმა, რის გამოც, ყრუ დაცვაში გადავიდა. ამის შემდეგ, ამერიკელისგან კლინჩის გარდა, სხვა არაფერი გვინახავს.

რაუნდის ბოლოს, პოვეტკინი გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა, რაჰმანი ბაგირებთან მიიმწყვდია და ამერიკელმა ვეღარ გაძლო. მსაჯმა შეხვედრის შეჩერება გადაწყვიტა და ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირა.

"ჰასიმი გერმანიაში მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჰონორარი აეღო..." - ასეთი რამ თქვა რაჰმანის პრომოუტერმა გრეგ კოენმა.

რაც შეეხება პოვეტკინს, მან ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა, მისი მიზანი ვლადიმერ კლიჩკოსთან შეხვედრაა.

"რინგზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ და ბოლომდე ვიბრძვი. ვლადიმერ კლიჩკო - ყველაზე ძლიერი მოკრივეა მსოფლიოში, მაგრამ მე მოსაგებად ვიბრძოლებ. საკუთარი შანსებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. თუმცა კლიჩკოსთან ბრძოლამდე კიდევ ერთ შეხვედრაში მონაწილეობას ვისურვებდი", - განცხადა რუსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული