დავით კვაჭაძე - საზღაურად ხალხის სიყვარული

AutoSharing Option
არიან ადამიანები, რომლებსაც ყამირ მიწაზეც რუდუნებით გაუვლიათ ხნული, მომავალი თაობებისთვის გზა გაუკაფავთ დიდი სარბიელისკენ, მწვერვალებიც დაულაშქრავთ, მაგრამ ყოველთვის თავმდაბლობა ყოფილა მათი თანმდევი - უჩუმრად უკეთებიათ საქმე და ხალხის სიყვარულიც უმკიათ ულევად.

მოკრივე დავით კვაჭაძეზე მოგახსენებთ - ტყავის ხელთათმანის ქართველ ოსტატთაგან პირველმა რომ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა სამჯერ, პირველმა იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და პირველმა ჩამოიტანა ჰალედან ოქროს მედალი, 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე იასპარეზა, რითაც ქართველ მოკრივეთაგან ოლიმპიურ თამაშებზე პირველმა გაავლო ხნული.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს დავით კვაჭაძემ ტყავის ხელთათმანების ნაცვლად
ფოტოაპარატი ჩამოიკიდა მკერდზე და სილამაზეს დაუწყო ძებნა იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ.

14 წლიწადია, ჩამოხეული აფიშების ნაკვალევი, ქაღალდის ნაფლეთებშემორჩენილი თუ საღებავაქერცლილი კედლები სიუჟეტებად აქცია.

პოეტების დარად, სამყაროს ჩვენგან განსხვავებული თვალით უყურებს და ირგვლივ მისტიკურ ფიგურებს ხედავს...

- სპორტის დამსახურებული ოსტატი დავით კვაჭაძე ჩვენი გაზეთის სტუმარი გახლდათ. პირველი კითხვა, რომელიც მას მასპინძლებმა დაუსვეს: რატომ კრივი?
- ბავშვობისას თანატოლებივით მეც ფეხბურთი მიტაცებდა. ტანვარჯიშზეც დავდიოდი. მართალია, სისხარტე, მოქნილობა და ფიზიკური ძალა არ მაკლდა, მაგრამ სპორტის ამ სახეობებს გული ვერ დავუდე. ერთხელ ამერიკელი პროფესიონალი მოკრივის - ჯო ლუისის ავტობიოგრაფიული წიგნი ჩამივარდა ხელთ: ღარიბი ოჯახიდან ყოფილა. მეგობარს წაუყვანია დარბაზში - ჯანიანი ბიჭი ხარ და სპარინგპარტნიორობა გამიწიეო.

მალე ისე გაიწაფა, რომ სახელოვანი მოკრივე გახდა. ლუისის ცხოვრების ისტორიამ, ალბათ, იმიტომ დამაინტერესა, რომ საოცრად ჰგავდა ჩემსას: მეც ღარიბი ოჯახიდან ვიყავი. ორთაჭალაში მკერავთა უბნის ერთ პატარა ოთახში მარტოხელა დედა სამ ძმას გვზრდიდა.

ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით და რამეს მეზობლები მოგვიკითხავდნენ ხოლმე. მთელი ეზო ერთი ოჯახივით ცხოვრობდა, ამიტომაც უწინდელი მეზობლები დღემდე ახლობლებივით მიყვარს და არ ვივიწყებ მათ.

გული მწყდება, რომ ზოგიერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის. ჩემმა უფროსმა ძმამ - როლანდმა იმ უბნიდან ბევრი მოზარდი მიიყვანა კრივზე, გზასაცდენილი ყმაწვილებიც სწორ გზაზე დააყენა. სხვათა შორის, მეც როლანდმა გამიკაფა გზა დიდი რინგისკენ: შინ ილეთებს რომ ამუშავებდა, დახმარებას მთხოვდა ხოლმე.

მართალია, 11-12 წლის ვიქნებოდით, მაგრამ დარტყმებიც და თავდაცვაც კარგად გამომდიოდა, თუმცა კრივზე სიარული არასდროს ურჩევია. არც დედას უნდოდა, მეორე ვაჟიც დარბაზიდან თვალებჩალურჯებული დაბრუნებულიყო.

ოჯახის მალულად ჩავეწერე "დინამოს" სტადიონზე კრივის სექციაში, რომელსაც გურამ გუნდიაშვილი ავარჯიშებდა.

ორი თვე შინ ბურთით ვბრუნდებოდი და ვერაფერს ამჩნევდნენ, თუმცა, ამქვეყნად რა დარჩენილა გაუგებარი?!

ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკში კარგი სასპორტო კომპლექსი იყო; იქ ვიასპარეზე მოსწავლეთა საქართველოს პირველობაზე და ოქროს მედალი მოვიპოვე. ყველაფერი რომ გაცხადდა, მერე ჩემი ძმა მავარჯიშებდა და ყოველწლიურად ვაუმჯობესებდი შედეგებს. რაც შეეხება ლუისს, მქონდა ბედნიერება, 1976 წელს ამერიკაში მასპინძელთა და საბჭოთა მძიმეწონოსნების მატჩის შემდეგ გაცნობოდი და მასთან სურათი გადამეღო.

- ეს ის წელიწადია, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი პირველად რომ მოიგეთ?
- დიახ. მაშინ იოლი არ იყო საკავშირო პირველობაზე მოხვედრა - მთელი რიგი ინსტანციები უნდა გაგევლო. 1976 წელს ჯერ "ბურევესტნიკის" საკავშირო პირველობაზე ვაჯობე ყველას, მერე სვერდლოვსკში საბჭოთა კავშირის სტუდენტთა თამაშები მოვიგე.

იქვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც გაიმართა. განსაკუთრებით მძიმე ორთაბრძოლა ნახევარფინალში გადავიტანე: უძლიერესი მეტოქე მყავდა - საბჭოეთის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის პირველობის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ოლეგ კოროტაევი. იმ პაექრობის მოგებისთვის საუკეთესო ტექნიკური მოკრივის პრიზით დამაჯილდოვეს.

ფინალში შედარებით ოლად ვძლიე პეტერბურგელ ვიქტორ ეგოროვს. ვიმედოვნებდი, რომ მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე წამიყვანდნენ, მაგრამ... კანადაში გამგზავრებამდე კუბის საერთაშორისო ტურნირზე ვიასპარეზე, სადაც მსაჯებმა ნახევარფინალი მასპინძელ მოკრივესთან წამაგებინეს.

ამ ფაქტს ადგილობრივი პრესაც ფართოდ გამოეხმაურა, მაგრამ მე რა?.. საბჭოთა ნაკრების მესვეურებმა მიიჩნიეს, რომ გამოცდილება მაკლდა და თამაშებზე ჩემს ნაცვლად ანატოლი კლიმანოვი წაიყვანეს, რომელსაც საკონტროლო შეხვედრა მოვუგე.

კარგი მოკრივე იყო კლიმანოვი, 81 კილოში ერთ-ერთი გამორჩეული, მაგრამ შეჯიბრების წინ საკმაოდ დააკლებინეს წონა და ოლიმპიადაზე კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა. არადა, თავის წონაში ნამდვილად შეეძლო საპრიზო ადგილის მოპოვება. იგი უმედლოდ დატოვეს და მეც გზა გადამიღობეს თამაშებისკენ. დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით.

- თუმცა მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე წაგიყვანეს.
- სხვა რა გზა ჰქონდათ: 1977 წელს ფრუნზეში საკავშირო პირველობაზე ზედიზედ მეორედ გავიმარჯვე და გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე ჩემი გამგზავრება სათუო არ გამხდარა. ჰალეში ოთხ მეტოქეს ვაჯობე.

ფინალში მასპინძელი ქალაქის მკვიდრ ოტომარ ზაქსეს დავუპირისპირდი. გამოცდილი სპორტსმენი იყო - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, დარბაზში მრავლად იყვნენ თანამემამულის საქომაგოდ მოსული ალემანები.

გულშემატკივრები არც მე მაკლდა - საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გერმანიაში იხდიდნენ. მათ შორის ერთი ხარფუხელი ბიჭიც ერია. მისი ქართული შეძახილები სხვების ხმებს ფარავდა.

უზომოდ ბედნიერი ვიყავი ფინალური ორთაბრძოლის მოგებითა და ქართველ მოკრივეთაგან პირველი ევროპის ჩემპიონობით. დღემდე არ მტოვებს შეგრძნება, რომ მაშინ თანამემამულეებს, მთელ საქართველოს დიდი სიხარული ვაჩუქე და ამით ამაყი ვარ.

- 1978 წელს თბილისში გამართულ საკავშირო ჩემპიონატსაც ხომ ვერ გაიხსენებთ?
- ჩემს კარიერაში ეს ყველაზე მტკივნეული წერტილია: მაშინ ფინალში გასვლა არ გამჭირვებია. იქ კი ანატოლი კლიმანოვს შევხვდი. მართალი გითხრათ, არც ის პაექრობა დამითმია, მაგრამ მსაჯებმა უპირატესობა მეტოქეს მიანიჭეს.

საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ წაგებამ გული დამწყვიტა. ეტყობა, ზედმეტ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გავუძელი.

ვერცხლი ურიგო არ არის, მაგრამ ორგზის ჩემპიონისთვის გადამწყვეტი პაექრობის დათმობა წარუმატებლობის ტოლფასი იყო. დიდი დრო გავიდა.

დღეს იმ შედეგზე გული მაინც არ მწყდება, რადგან მაშინ ჩემ მიერ გაკვალული გზით ბევრმა სპორტსმენმა მიაღწია წარმატებას. თბილისში ჩემპიონი გახდა ამირან ხიზანიშვილი, მურმან თაქთაქიშვილმა კი მე-3 ადგილი დაიკავა.

- გვახსოვს, იმ ჩემპიონატის შემდეგ დიდ სპორტთან განშორება გადაწყვიტეთ...
- დიახ, ასე იყო. კარგა ხანს არ მივარჯიშია, მაგრამ 1979 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე გამოსვლა ისეთმა ადამიანებმა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. ფაქტობრივად, მოუმზადებელი ჩავები შეჯიბრებაში.

ამის მიუხედავად, რამდენიმე პაექრობა მოვიგე, მათ შორის მეოთხედფინალი - ანატოლი კლიმანოვთან. ნახევარფინალი კი მსაჯებმა ბალტიისპირელ იანჩაუსკასთან დამათმობინეს და ბრინჯაოს დამაჯერეს.

რინგზე დაბრუნებამ და უსამართლობამ გადამაწყვეტინა, მომავალი წლის საკავშირო ჩემპიონატზე დამემტკიცებინა მათთვის ჩემი ძალა.

მართლაც, 1980 წელს როსტოვში მესამედ გავხდი საბჭოეთის ჩემპიონი - ფინალში ტაშკენტელი ვლადიმირ შინი დავამარცხე. ისეთ ფორმაში ვიყავი, რომ ოლიმპიურ გუნდში ჩარიცხვაზე უარი ვერ მითხრეს.

მოსკოვის ოლიმპიადის სტარტზე ინგლისელ მაკდონალდსს ვაჯობე, მეოთხედფინალში კი იუგოსლავიელ სლობოდან კაჩართან წავაგე, რომელიც მერე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

- დიდ სპორტთან განშორების შემდეგ რას საქმიანობდით?
- კარგა ხანს მოზარდებს ვავარჯიშებდი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელიც გავხდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრას ვხელმძღვანელობდი.

1995 წლიდან სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი და ლესგაფტის სახელობის სახელმწიფო სპორტულ აკადემიაში ვკითხულობდი ლექციებს.

- პეტრეს ქალაქში თქვენ ახალ გატაცებას ჩაუყარეთ საფუძველი. ფოტოგრაფობა ბავშვობიდან გიტაცებდა?
- პატარაობისას, როგორც გითხარით, ლუკმაპური გვენატრებოდა და ფოტოაპარატზე მაშინ ვერც ვიოცნებებდი.

ასეთი გატაცება არც მქონია. უბრალოდ, ნევისპირა ქალაქში მარტო ხეტიალისას ვიგრძენი, რომ ბევრგან ისეთ სილამაზეს ვხედავდი, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი იყო. მეც გადავწყვიტე ფოტოფირზე აღმენუსხა ყოველივე და სხვებისთვისაც მეჩვენებინა ფოტოობიექტივის თვალით დანახული სამყარო. ორი ათასზე მეტი ფოტო მაქვს.

ამბობენ, ბევრი მათგანი მხატვრობასთან ახლოს არისო. არ უარვყოფ, რადგან ჩემს ფოტოებში ბევრი აბსტრაქციია. უკვე 30-ზე მეტი გამოფენა მქონდა საფრანგეთში, ბელგიაში, სანკტ-პეტერბურგშში, თბილისში. მეამაყება, რომ ბელგიაში ჩემი ფოტოები მხატვარ ვან პეერის ნამუშევრების გვერდით გამოფინეს.

- ვიცით, რომ სანკტ-პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი ხართ.
- დიახ, ეს იქაურ მხატვართა სურვილი იყო. კავშირში მიღების ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო: კომისიის თავმჯდომარემ მთხოვა, საკუთარ თავზე რამე გვიამბეო. რომ ვთქვი, კრივში ევროპისა და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ვარ-მეთქი, აღშფოთდა კაცი - სახუმროდ დრო არ გვაქვსო.

- კადრებზე "სანადიროდ" ეულად დადიხართ?
- ქუჩაში ფოტოაპარატით ყოველთვის მარტოკა დავეხეტები, რომ ეპიზოდი არ გამომეპაროს. მიმალული სილამაზის საძებნელად კილომეტრებიც კი გამივლია. საერთოდ, მარტოობა არ არის ცუდი, ზოგჯერ სასურველიც კია, რადგან საკუთარ თავთან დარჩენილი ფიქრობ, ოცნებობ...

- თქვენ რაზე ოცნებობთ?
- "ქართული ოცნების" სპორტის თემატური ჯგუფის წევრი ვარ და თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობ ოცნების ასრულებას: მოკრივე ვარ და მიჭირს სპორტის ამ სახეობასთან განშორება. არაერთხელ ვცადე დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ.

ორჯერ გავხსენი კრივის სკოლა, მაგრამ ორჯერვე დარბაზები გაგვიყიდეს და ქუჩაში გამოგვყარეს. დღეს საქართველოში ფაქტობრივად, კრივის სკოლა არ არსებობს. და მარტო კრივისა? დარბაზების უმეტესობა გაიყიდა.

მწვრთნელები ეგრეთ წოდებულ მენეჯერებად აქციეს - მოზარდებისგან ფულის აკრეფა და სხვადასხვა ქირის გადახდა ევალებოდათ. ვინც შეძლო, თავს უშველა. ამიტომაცაა ჩვენთან პროფესიონალი მწვრთნელებისა და სპორტსმენების დეფიციტი.

შესანიშნავი ინსტიტუტი გვქონდა, რომელსაც დროის შესაფერისად რეორგანიზაცია სჭირდებოდა.

ხელისუფლებამ კი იგი საერთოდ გააუქმა, რითაც სპეციალისტთა დეფიციტს შეუწყო ხელი. ახალმა მთავრობამ უმალ უნდა აღადგინოს ფიზკულტურის ინსტიტუტი, სპორტს დაუბრუნოს გაყიდული დარბაზები.

ბავშვები გადასახადებისგან გაათავისუფლოს და მწვრთნელებს სათანადო ხელფასები დაუნიშნოს, რომ მათ არა ლუკმაპურის მოძიებაზე, არამედ ჩემპიონთა დაფრთიანებაზე იფიქრონ.

ამას წინათ, "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად აჭარის მაღალმთიან რეგიონში ვიყავი. ერთ-ერთი შეხვედრისას ვიღაც ჭაღარათმიანი კაცი გადამეხვია - შენი რინგზე გამოსვლები დღესაც მახსოვს, მე და ჩემი მეგობრები დავით კვაჭაძის ქომაგები ვიყავითო.

ჩვენ დროს ჩემპიონობისთვის დიდ პრემიებს არ იძლეოდნენ. თუ რამ ღირებული დაგვრჩა, ხალხის სიყვარულია და ამით ამაყი ვარ. დიდი სარბიელიდან წასვლიდან სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გულშემატკივარს რომ ემახსოვრები, სპორტსმენისთვის ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული