ფლოიდ მეივეზერი: მე ღმერთის რჩეული ვარ

AutoSharing Option
მწერალმა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორმა მაიკლ ერიკ დაისონმა ინტერვიუ ჩამოართვა თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივეს, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს. ამერიკელი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა...

- როგორ ახერხებ, იყო მოტივირებული? უკვე 35 წლის ხარ, 16 წელია, რინგზე დგახარ. მიუხედავად ამისა, საკუთარი შესაძლებლობების პიკზე იმყოფები და ისევ გინდა მოგება...
- შეიძლება ითქვას, რომ ამას ფულის გამო ვაკეთებ. გარდა ამისა, მინდა საუკეთესო ვიყო ისტორიაში. ჩემსა და სხვა ნებისმიერ მოკრივეს შორის განსხვავება ის არის, რომ ისინი ნიჭიერები არიან, მე კი ღმერთის რჩეული ვარ.

ღმერთი
ყველას ინდივიდუალურად აჯილდოვებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფლოიდ მეივეზერი - ეს უფრო მეტია, ვიდრე კარგი მანქანები, მილიონობით დოლარი. საქმე ისაა, რომ გაცემაც უნდა იცოდე.

მიყვარს იმათთვის ფულის გაყოფა, ვინც ნაკლებად წარმატებულია, საჩუქრების გადაცემა საზოგადოებრივი სკოლებისთვის. ეს ის არის, საიდანაც მე მოვდივარ - რთული, სასტიკი ცხოვრება. დედაჩემი ნარკომანი იყო, მამა ნარკოტიკებით ვაჭრობდა, შემდეგ კი ციხეში აღმოჩნდა.

- ამ ყველაფრის ფონზე, როგორ გადარჩი?
- გარკვეული დროის განმავლობაში მამაჩემთან ვიყავი. შემდეგ დედასთან გადავედი ნიუ ჯერსიში. იქ შვიდნი ვცხოვრობდით ერთ ოთახში. გათბობა არ გვქონდა, ხანდახან არც შუქი.

დედაჩემი მუდმივად ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ იყო. ბოლოს და ბოლოს, მამაჩემთან მიჩიგანში დავბრუნდი.

დედას ვთხოვდი დაბრუნებას და ისიც ჩამოვიდა ჩვენთან. ბედნიერი ვიყავი ამის გამო, მაგრამ ნარკოტიკებს ისევ მუდმივად იღებდა. მე ვნახე, როგორ მიჰყიდა მამაჩემმა დედაჩემს ნარკოტიკი. მე ძლიერი პიროვნება ვარ, შემიძლია, ეს ყველაფერი გავიარო. იმ დღეებმა უფრო ძლიერად მაქცია.

- როგორია ეფექტი, როცა მამა არ არის შვილის გვერდით?
- ვერ ვიტყვი, რომ მამა ჩემს გვერდით არ იყო, ეს არ იქნება მართალი. მამა ჩემთან იყო, მაგრამ მხოლოდ კრივის დარბაზში.

მივყავდი იქ და შემდეგ სახლში ერთად ვბრუნდებოდით. არასოდეს წავსულვართ ერთად კინოში, ბოულინგის სათამაშოდ, ერთად არ ვსადილობდით, საერთოდ არაფერზე არ ვლაპარაკობდით, როგორც მამა და შვილი.

ჩემი ურთიერთობა მამასთან მხოლოდ კრივს ეხებოდა. კრივი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არაფერი.

- მამასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა არ გქონია...
- მე დავდივარ ჩემი ორი ვაჟის თამაშებზე, არ ვცდილობ, მათ რამე ვაიძულო. რაც შემეხება მე, იძულებული ვიყავი, კრივში მევარჯიშა.

- შენ თქვი, რომ ღმერთისგან ბოძებული ნიჭი გაქვს. ამასთან, იძულებული იყავი, კრივი აგერჩია. როგორ ფიქრობ, იქნებ მამაშენი იყო ღმერთისთვის ინსტრუმენტი, რათა დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ მოკრივე გახდებოდი?
- მამამ დაიწყო ჩემი კარიერა. ჩვენს შორის გრძნობა არ ყოფილა, რადგან ის თავის გზას ადგა. მას არ უნდოდა, რომ დედა მყვარებოდა.

მას ჰგონია, რომ ყველაფერი, რასაც კრივში მივაღწიე, მისი დამსახურებაა და ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადო. მე კი ვცდილობ მას ვუთხრა, რომ ის ღმერთი არ არის. მხოლოდ მისი მადლიერი არ უნდა ვიყო.

არიან კიდევ ბიძა როჯერი და დედაჩემი. ისინი, ჩემი ნათესავები, შვილები სტიმულს მაძლევენ, კრივის დარბაზში ვიარო. ჩემი შვილებისთვის ვშრომობ. ბევრი ფული ვიშოვე.

კომფორტულად ვარ. ცხოვრების ბოლომდე უზრუნველად შემიძლია ვიცხოვრო. ბევრი ამბობს: "ფლოიდ მეივეზერს ბევრი ფული აქვს და პრობლემა არ გააჩნია". პრობლემა კი ბევრია.

ივნისში ციხეში ვიჯექი. ერთადერთი, რაც დამრჩა, უკეთესის იმედად უნდა ვიყო და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო. ისინი ვერ დამამარცხებენ, მაინც ძლიერი ვიქნები.

- მახსოვს Jay-Z-ის პრობლემები 1999 წელს (ის ეჭვმიტანილი იყო თავისი კონკურენტისთვის დანით ჭრილობის მიყენებაში). მან განაცხადა:
"თქვენ ჩემზე ბრაზობთ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ვარ, მდიდარი, სახელგანთქმული და ამასთან, შავი". არ მიგაჩნია, რომ ხალხი შენი წარმატების გამო იმიტომაა გაღიზიანებული, რომ შავი ხარ?
- არ მგონია, რომ მე ოდესმე ვინმემ გამიგოს. ვერავინ ვერასოდეს მიხვდება ჩემს ტკივილს.

- რატომ?
- მამაჩემი ახალი დაჭერილი იყო. მე და ჩემმა მეგობარმა ნარკოტიკების სამყაროში შესვლა გადავწყვიტეთ. ბევრი ვილაპარაკეთ ამის შესახებ. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი. მასთან სახლში წავედით.

- რამდენი წლის იყავი?
- თექვსმეტის. მასთან სახლში მივედით და რაღაცამ მიკარნახა: "არა". მან მითხრა: "დაივიწყე, მე გავაკეთებ ამას". და გააკეთა. ახლა ის მკვდარია.

- რასიზმი 2012 წელსაც რეალობაა, მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანი პრეზიდენტი გვყავს. ხალხი ამბობს, რომ ამჟამად პოსტრასისტული ეპოქაა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს ასე არ არის. არ ფიქრობ, რომ რასა აყალიბებს შენზე წარმოდგენას - შენ ხარ შესანიშნავი მოკრივე, სიმპათ
იური მამაკაცი, ჭკვიანი, მდიდარი და საკუთარ თავში დარწმუნებული, მკაფიოდ აყალიბებ საკუთარ აზრებს. ზოგიერთები ამბობენ, რომ თვითდაჯერებულიც კი. რა იტყვი ამის შესახებ?
- ამ თემას სხვადასხვაგვარად შეიძლება მივუდგეთ, მაგალითად, ჩემი პიროვნების გათვალისწინებით. მე პირდაპირი ვარ მაშინ, რომ საკუთარი აზრი გამაჩნია რაიმე ასპექტზე. რაც შეეხება სიტუაციას ჯერემი ლინთან (NBA-ს კალათბურთელი) დაკავშირებით, მე გამოვხატე ჩემი აზრი.

- რა თქვი ჯერემი ლინზე?
- თავიდანვე ვთქვი, რომ ჯერემი ლინი - კარგი მოთამაშეა, მაგრამ შემდეგ დავამატე - ის პოპულარულია იმის გამო, რომ წარმოშობით აზიელია.

შავკანიანი მოთამაშეებიც იგივეს აკეთებენ მოედანზე, მაგრამ ასეთ ქებას არ იმსახურებენ. არ დავასახელებ კონკრეტულ სახელებს, მაგრამ, როცა ჯერემი ლინზე ჩემი პოზიცია გამოვხატე, NBA-ს ბევრმა მოთამაშემ პირადად დამირეკა და მითხრა: "მადლობა, ფლოიდ. შენ თქვი ის, რისი თქმაც ჩვენ მხოლოდ პირად საუბარში შეგვიძლია".

მოთამაშეები ჩუმად უნდა იყვნენ, მათ არ აქვთ ლაპარაკის უფლება. ამბობენ, რომ მე რასისტი ვარ, მაგრამ მე უკვე მითქვამს, რომ ჩემს გუნდში არიან რასისტები, მუსულმანები, კათოლიკეები - ამას არ აქვს მნიშვნელობა.

- რასისტს რატომ გიწოდებენ?
- იმიტომ, რომ მე მხარს ვუჭერ შავ ამერიკას. მაგრამ ეს ნორმალურია. ნორმალურია ის, რომ პუერტორიკოელი პუერტორიკოელს დაუჭერს მხარს, კუბელი კუბელს.

ნორმალურია, როცა ვინმე ჩადის ამერიკაში, საკუთარი დროშა ჩააქვს, ქუჩაში აფრიალებს და თავისიანებს უჭერს მხარს. ასე რომ, ეს ნორმალური სიტუაციაა, როცა მე, პირველ რიგში, საკუთარ ხალხს - შავ ამერიკას ვუჭერ მხარს.

- მოჰამედ ალი ძალიან სწორხაზოვანი იყო. როგორ ფიქრობ, რა ვისწავლეთ მისგან?
- ალი ჯერ ისევ რჩება ძალიან კარგ მოტივატორად. ალი სწორედ ის არის, ვინც გვაიძულა გვეთქვა: "იცით რა? მე ვამაყობ იმით, რომ შავი ვარ". მე და ალის ახლა ლაპარაკი რომ შეგვეძლოს, ეს გიჟური საუბარი იქნებოდა. ის მეტყოდა: "ფლოიდ, მე შენზე უკეთესი ვარ, რადგან მე გავაკეთე ეს".

მე კი ვეტყოდი: "არა ალი, მე ვარ შენზე მაღლა იმის გამო, რომ შენ არ გაგივლია ამდენი წონითი კატეგორია". ვგრძნობ, რომ მე იგივე პოზიციაში ვარ, როგორშიც ალი - მე ვერ მიტანენ, როცა მწვერვალზე ვარ, მაგრამ, როცა ჩემი კარიერა დასრულდება, ჩემს გარეშე მოიწყენენ.

- შენ ის ხარ, ვისთვისაც ფული მთავარია. ბევრმა სპორტსმენმა იშოვა დიდი ფული, მაგრამ შემდეგ გაანიავა ან მენეჯერებმა გაქურდეს. იმის გათვალისწინებით, რამდენად მდიდარი ხარ, ფრთხილად უნდა იყო.
- ჩემს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც მაგისტრის ხარისხი აქვთ. თუ ტვინი გიმუშავებს, იმასაც მიხვდები, რომ შენს გვერდით ჭკვიანი ადამიანები უნდა იყვნენ. დავამთავრე თუ არა სკოლა? არა, მივატოვე, რათა დედაჩემისთვის უკეთესი ცხოვრება მიმეცა და საკუთარ ოჯახზე მეზრუნა.

ვიცოდი, რომ სკოლა არსად გაიქცეოდა, ხოლო ის შესაძლებლობა, რომელიც მე გამიჩნდა, მხოლოდ ერთხელ მოდის. ჭკვიანი ადამიანებით ვარ გარშემორტყმული და ამიტომაც ვარ იქ, სადაც ახლა მხედავთ.

- ბევრ ადამიანს უნდა, იყოს შენთან ახლოს, რადგან შენ ფლოიდ მეივეზერი ხარ...
- მე არ მჭირდება ახალი მეგობრები. საკუთარ წრეში ვრჩები. ჩვენ ოჯახი ვართ.

- როცა ბარაკ ობამა მივიდა თეთრ სახლში, მანაც ასე თქვა:
"არანაირი ახალი მეგობრები". ფლოიდ მეივეზერი ობამას პრინციპებს მისდევს?
- მე მქონდა ობამასთან ურთიერთობა იქამდე, სანამ ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდებოდა. ბარაკ ობამა - კარგი ბიჭია, ყველაზე მაგარი პრეზიდენტი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ.

- რას იტყვი კრივის
დარბაზში შენი და ობამას შეხვედრაზე? იქნებ ობამა უნდა დაესწროს საკრივო შეხვედრებს შენი მონაწილეობით?
- თუ იმის გაგება გსურთ, რამდენად გავლენიანია ფლოიდ მეივეზერი, შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ თუ მე პაკიაოსთან ბრძოლა მომიწევს, მოვახერხებ იმას, რომ რინგზე ობამა გამიძღვეს და თან ჩემი საჩემპიონო ქამარი წამოიღოს.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ შენ და პაკიაო რინგზე შეხვდეთ ერთმანეთს?
- მე მას 40 მილიონი შევთავაზე. მან თქვა, რომ ჰონორარის თანაბრად გაყოფა უნდა. თუ შენ ვერ აგროვებ ისეთ სარეკორდო ტელეაუდიტორიას, როგორც ფლოიდ მეივეზერი, როგორ შეგიძლია მოითხოვო ჰონორარის თანაბრად განაწილება?!

მე მთლიანად კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით. სპორტში არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. მინდა თუ არა მენი პაკიაოსთან ჩხუბი? რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ე. ი. ასე ყოფილა საჭირო.

- პირადად შეხვედრიხარ მას?
- არასოდეს.

- ვიცით, რომ ტელეფონით ელაპარაკე...
- დიახ, დავურეკე ბრძოლაზე მოსალაპარაკებლად.

- რაზე ილაპარაკეთ?
- დავურეკე და ვუთხარი: "მოდი, ბრძოლაზე მოვილაპარაკოთ". მან მითხრა, რომ ჰონორარის 50 პროცენტს ითხოვს. მაგრამ ჩემი წინადადება არ შეიცვლება. 40 მილიონი - ან იღებ ამ თანხას, ან მიდიხარ. როგორც უკვე ვთქვი, მენი პაკიაოს სჭირდება ფლოიდ მეივეზერი და არა პირიქით.

- მო
დი, ფსონებზე ვილაპარაკოთ. კალათბურთის მატჩებზე თამაშობ?
- ამერიკულ ფეხბურთზე, კალათბურთზე, ხანდახან კრივზე.

- საკუთარ თავზეც აკეთებ ფსონს?
- არა, საკუთარ თავზე ფულს არ ვდებ, მაგრამ ბოლო ბრძოლაზე 50 Cent-მა (ცნობილი რეპერი კერტის ჯექსონი, მეივეზერის საუკეთესო მეგობარი) ჩემს მოგებაზე 400 ათასს ჩავიდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ ბრძოლა ნაადრევად დასრულდებოდა.

- არსებობს საშუალო თანხა, რომელიც ფსონებზე გამოიმუშავე?
- ამ მომენტისთვის 500 ათასი მაქვს მოგებული.

- უფრო ხშირად იგებ თუ აგებ?
- დიდი თანხა წამიგია, მაგრამ დიდი ფსონებიც მაქვს მოგებული. ასე რომ, მშვიდად ვარ.

- კარიერის დასრულებაზე გიფიქრია?
- 37 წლის ასაკში წავალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული