- რატომ ცდილობს თქვენი ძმა პოლიტიკოსობას? იქნებ სპორტსმენი ეძებს ხერხს, ისევ დარჩეს ყურადღების ცენტრში საკრივო კარიერის დასრულების შემდეგ? კიდევ რამდენი ბრძოლის ჩატარებას აპირებს?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი - პოლიტიკა მართლაც რთული საქმეა, მით უმეტეს, უკრაინაში. აქ ეს სახიფათო და მეტწილად, კორუმპირებულ საქმიანობად მიიჩნევა, მაგრამ დროთა განმავლობაში მთლიანად
მართალია, მას არატიპური პოლიტიკური კარიერა აქვს, მაგრამ იცის პერსპექტივის დანახვა, გრძნობს რეალობას. თუმცა ვიტალი ძალიან დაიღალა წინასაარჩევნო ბრძოლით და ხშირად იმედგაცრუებულიც რჩებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან იპოვა თავისი მისწრაფება და ის ენთუზიაზმით არის სავსე.
ეს ის არის, რაც მას სურს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის შეგნებულად ეძებს გზას, რომ სცენიდან არ გაქრეს, მაშინ ცუდად იცნობენ ვიტალის. მისი ერთადერთი მოტივაციაა - არეულობის მიმართ შეურიგებლობა.
უკრაინაში განუკითხაობაა გამეფებული. ჩვენი ქვეყანა შეიძლებოდა ევროპის ბრილიანტი გამხდარიყო - ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობდა. უკრაინა - დიდი ქვეყანაა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის საზღვარი, მაგრამ მის პოტენციალს არ იყენებენ.
ვიტალი ამას ხედავს, რადგან სხვა ქვეყნებში ცხოვრობდა - აშშ-ში, გერმანიაში... და სურს სიტუაციის შეცვლა.
რა თქმა უნდა, მის მიერ არჩეული გზა რთულია, მაგრამ პოლიტიკაში უკვე რამდენიმე წელია, მოღვაწეობს და მე ამაყი ვარ, რომ ჩემი ძმა არ არის დამოკიდებული სხვა პარტიებზე და რომელიღაც ოლიგარქებზე. მას თავისი გზა აქვს.
შესაძლოა თუ არა ერთდროულად იყო პოლიტიკოსი და სპორტსმენი? თუ ეს ვინმეს გამოსდის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ვიტალი. ბუნებრივია, მისი სპორტული კარიერა დიდხანს ვეღარ გაგრძელდება.
ის უკვე 80 პროცენტით პოლიტიკოსია, მას ახალი გეგმები და მიზნები აქვს დასახული. არ შემიძლია გიპასუხოთ, კიდევ რამდენი ბრძოლის ჩატარებას აპირებს: ერთის, ორის ან მეტის.
- თქვენ არ გეშინიათ გაუშვათ ხელიდან კარიერის დასრულების იდეალური მომენტი? თქვენს ანგარიშზე 61 ბრძოლაა - 14-ით მეტი, ვიდრე ვიტალის კარიერაში იყო.
- ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ოცნებობს იმაზე, რომ კარიერა საჭირო მომენტში დაასრულოს, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს. მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია, რადგან დაკავებული ვარ იმ საქმით, რომელიც მომწონს.
ვიცი, რისთვის ვწვალობ თვეების განმავლობაში: რინგზე იმ ერთი წამის გამო, როცა გამარჯვებულად მაცხადებენ. მიყვარს ეს მომენტი და ვიცი, რომ ვერავინ დამამარცხებს, თუ 100 პროცენტით ვიქნები კონცენტრირებული და მომზადებული.
სპორტის ამ სახეობით 14 წლიდან ვარ დაკავებული. 16 წლისა სსრკ-ის ელიტურ სკოლაში ვსწავლობდი.
უდიდესი გამოცდილება მაქვს და კარიერაში ხანგრძლივი პაუზები არ მქონია. ბევრი რამ გამოვცადე და მაინც მესმის, რომ შემიძლია უფრო ძლიერი ვიყო. ეს მოტივაციას მმატებს.
- ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი ცხოვრება თქვენი პიროვნების მიმართ ყურადღების გარეშე?
- მე ბევრი ინტერესი მაქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რას გავაკეთებ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ, რადგან რინგზე კიდევ რამდენიმე წელი დარჩენას ვაპირებ.
რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან ყურადღებას, უკეთ ვგრძნობ თავს, როცა გარშემო ხმაური არ არის. ამით სხვებისგან არ განვსხვავდები. არ დავფიქრებულვარ საკუთარი პოპულარობის შესახებ.
ჩემთვის რთული არ არის ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც ამასთან დაკავშირებით წარმოიშვება. მე და ჩემი ძმა არასოდეს ვთამაშობდით რაიმე როლს, მაგრამ ყოველთვის გვინდოდა მისაბაძი მაგალითი ვყოფილიყავით.
- აქტიურად მოიხმართ სოციალურ ქსელებს გულშემატკივართან კონტაქტისთვის. ვინ არის დაკავებული განცხადებების განთავსებით? იცით, რას წერენ თქვენს შესახებ ფორუმებზე?
- ჩვენი გვარი - ბრენდია, რომელსაც გაფრთხილება და პრესაში სწორი განთავსება სჭირდება. ამიტომაც აუცილებელია, ვიცოდეთ, რაზე წერენ და ლაპარაკობენ. ამით არის დაკავებული ჩვენი კომპანია - Klitschko Management Group და ბრწყინვალე გუნდი, რომელიც ორგანიზებას უწევს ინტერნეტში ჩვენს ყველა გამოჩენას.
მათ ყოველთვის საქმის კურსში ვყავართ ამ საკითხებზე. ჩემი გუნდის გარეშე არარაობა ვიქნებოდი. ხანდახან ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ინტერნეტს. ამას წინათ, ძებნაზე გავუშვი "კლიჩკო", რათა გამეგო, რას წერდნენ ჩვენს შესახებ.
- იცით, რომელი სიტყვა იხმარება ყველაზე ხშირად საძიებელ სისტემებში თქვენი გვარის გასწვრით?
- არა.
- Wladimir Klitschko schwul (ვლადიმირ კლიჩკო - გეი).
- (იცინის). იქ ასეთი რამ წერია? ასეთი ჭორები ჩემამდეც მოდიოდა და ხშირად მახალისებდა ეს ამბები.
აბსოლუტურად ნეიტრალური განწყობა მაქვს გეების მიმართ - ყველას აქვს პირადი ცხოვრების უფლება.
პატივს ვცემ სხვის არჩევანს, თუ პირადი ცხოვრება არ გამოაქვს საზოგადოების სააშკარაოზე.
- არ მოგსვლიათ აზრად, სასამართლოში გეჩივლათ Google-ისთვის იმის გამო, რომ თქვენი გვარი ამ მიმართულებით არის გამოყენებული? (გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ ბეტინა ვულფმა Google-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მისი გვარის გასწვრივ ჩნდებოდა სიტყვები - "ესკორტ-სერვისი" და Prostituierte).
- არ ვხარჯავ ენერგიას იმაზე, რომ ვებრძოლო ისეთ რამეებს, რაც ამად არ ღირს. ადამიანებს ჭორები სჭირდებათ. ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, ვინ ვარ. მათ ამისთვის არ სჭირდებათ Google-ში შესვლა. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. დანარჩენზე კი მე გავლენა არ შემიძლია.
- როგორ შეიძლება აკონტროლო საკუთარი გონება, რათა ასეთმა ამბებმა მტკივნეულად არ იმოქმედონ თქვენზე?
- ინტუიციას ვენდობი იქამდე, სანამ საქმეში გონებას ჩავრთავ. ასე იყო ჩემი დამარცხებების შემდეგაც, როცა ძმა კარიერის დასრულებას მირჩევდა.
მიმაჩნია, რომ ინტუიცია ძალიან მეხმარება. ჩემი ძმა ამაში ძალიან მგავს. როცა ის 2009 წელს რინგზე დაბრუნებას აპირებდა, ნამდვილ შიშს განვიცდიდი მის გამო, რადგან გაწყვეტილი აქილევსის მყესით ჩხუბობდა. ძალიან შეშფოთებული ვიყავი, მაგრამ მან საკუთარ ინტუიციას დაუჯერა და მართალი აღმოჩნდა.
- რას ამბობს თქვენი ინტუიცია: ვიტალი საბოლოოდ გახდება პოლიტიკოსი თუ დევიდ ჰეისთან ჩაატარებს ბრძოლას, რაზეც ამდენი წელია ლაპარაკობენ?
- ამასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ კომენტარებისგან. რაც შეეხება დევიდ ჰეის, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მისი შესაძლებლობები ძალიან გადაფასებულია.
ჰეის ასე აშკარად რომ არ წაეგო ჩემთან ბრძოლა, მასთან შეხვედრა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია, გაშიფრულია.
ჰეის სჭირდება ვიტალი ბევრი ფულის საშოვნელად, მაგრამ ვიტალის კარიერის კარგად დასასრულებლად არ სჭირდება ჰეი. ვიტალის ნებისმიერ სხვასთან შეხვედრა შეუძლია.
- თქვენ რომ იღებდეთ ფილმს ვიტალის კარიერის დასასრულის შესახებ, როგორ დაამთავრებდით სურათს?
- ამ ფილმის რეჟისორი ვიტალი უნდა იყოს.
- ფილმი თქვენი კარიერის დასრულების შესახებ?
- ჩემთვის იდეალური იქნებოდა 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს წესი, რომელმაც შეიძლება ასაკის გამო დამიშალოს თამაშებზე გამოსვლა.
ჩემი ოცნებაა - კიდევ ერთხელ ვიბრძოლო ოლიმპიური ოქროსთვის ატლანტას ოლიმპიადის ტრიუმფიდან 20 წლის თავზე. იმედია, იმ დროისთვის კარგ ფორმაში ვიქნები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"