ვიტალი კლიჩკო დეპუტატი გახდა

AutoSharing Option
უკრაინაში ჩატარებული რადას არჩევნების შემდეგ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ მომენტისთვის ბიულეტენების 50 პროცენტი დათვალა.

როგორც ირკვევა, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონის, ვიტალი კლიჩკოს პარტია "უდარი" პარლამენტში შედის. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ხმების 12.87 პროცენტი მიიღო.

ასე რომ, 41 წლის კლიჩკო უკრაინის რადას დეპუტატი გახდება. ადრე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე აცხადებდა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, აქცენტს პოლიტიკურ კარიერაზე გააკეთებდა და კრივიდან საბოლოოდ წავიდოდა.

* * *
ამასობაში ვიტალის უმცროსი ძმა - ვლადიმერ კლიჩკო არ გამორიცხავს თავის ყოფილ მწვრთნელთან, გერმანელ ფრიც ზდუნეკთან თანამშრომლობის
განახლებას.

"1996 წელს პროფესიული კარიერა სწორედ ფრიც ზდუნეკის ხელმძღვანელობით დავიწყე. სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში კარიერაც მისი ხელმძღვანელობით გავაგრძელო", - განაცხადა უკრაინულ პრესაში სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა უმცროსი კლიჩკოს მწვრთნელი, ლეგენდარული ამერიკელი ემანუელ სტიუარტი. ეს სპეციალისტი უკრაინელთან ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა.

ვლადიმერ კლიჩკო 10 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართავს საჩემპიონო ბრძოლას პოლონელი მარიუშ ვახის წინააღმდეგ. ამ ბრძოლისთვის კლიჩკოს ამზადებს სტიუარტის მოსწავლე - ამერიკელი ჯონათან ბენქსი.

ცნობილია, რომ ამ მომენტისთვის ფრიც ზდუნეკი ვიტალი კლიჩკოს მწვრთნელი გახლავთ.

* * *
7 ნოემბერს მარიუხ ვახმა და ვლადიმერ კლიჩკომ ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში ჩაატარეს. უკრაინელის მეცადინეობამ სტანდარტულ რეჟიმში ჩაიარა, პოლონელმა კი თავის ვარჯიშში შოუს ელემენტების ჩართვა გადაწყვიტა.

კერძოდ, ვახის მწვრთნელის ხელთათმანებზე დამაგრებული იყო ძმები კლიჩკოების ფოტოები, რომლებსაც პოლონელი მოკრივე დიდი სიამოვნებით სცემდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული