ვიაჩესლავ სენჩენკომ ბრიტანელი რიკი ჰატონი ნოკაუტით დაამარცხა

AutoSharing Option
უკრაინელმა ვიაჩესლავ სენჩენკომ ნოკაუტით დაამარცხა ბრიტანელი რიკი ჰატონი, რომელიც დიდ რინგზე სამწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა. მანჩესტერში გამართული შეხვედრა მეცხრე რაუნდში დასრულდა.

რიკი ჰატონის რინგზე დაბრუნების შესახებ ინფორმაციამ გულგრილი არ დატოვა არავინ კრივის სამყაროში.

ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ლოთმა, ნარკომანმა და არშემდგარმა თვითმკვლელმა სექტემბერში გამოაცხადა მორიგი ბრძოლის ჩატარების შესახებ და გულშემატკივრებმა ორ დღეში დაიტაცეს ბილეთები; არადა, არ იცოდნენ, ვინ იქნებოდა "ჰიტმენის" მოწინააღმდეგე.

ბრიტანელს ბრძოლის ორგანიზების მხრივ პრობლემა არ ჰქონია. მოკრივეს საკუთარი პრომოუტერული კომპანია აქვს, მის მშობლიურ მანჩესტერში კი სიამოვნებით
დაუთმობდნენ ნებისმიერ არენას.

არჩევანი Manchester Arena-ზე შეჩერდა. ჰატონმა სერიოზული მეტოქე შეარჩია - 35 წლის უკრაინელი ვიაჩესლავ სენჩენკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო WBA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ნახევრად საშუალო წონაში.

ჰატონმა აქტიურად დაიწყო შეხვედრა. ის თამამად მიდიოდა წინ და დროდადრო ზუსტად ახვედრებდა უკრაინელს. თუმცა, არც სენჩენკო პასიურობდა და ხშირად ზუსტი იყო მისი შემხვედრი ჯები.

პირველი ორი რაუნდი ნომინალურად ბრიტანელი დარჩა; მესამეში კი, მიუხედავად ორი გატარებული დარტყმისა, სენჩენკომ უფრო წარმატებულად იმოქმედა და პირველად გამოაცხადა პრეტენზია მოგებაზე, მაგრამ მეოთხე სამწუთეული ისევ ჰატონისა იყო, რომელმაც რაუნდი შესანიშნავი დარტყმით დაასრულა.

ამის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ბრიტანელს სწრაფად ეცლებოდა ენერგია, ხოლო სენჩენკოს ტაქტიკას (შემხვედრი ჯები და გვერდითი დარტყმები) სარგებლობა მოჰქონდა. მეხუთე და მეექვსე რაუნდებში მსაჯებს სწორედ უკრაინელისთვის უნდა მიეცათ გამარჯვება.

მეშვიდე რაუნდი ყველაზე უშინაარსო აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მერვე რაუნდში მეტოქეებმა მოასწრეს შემხვედრი დარტყმების შესრულება და რინგზე დაცემაც.

ბრძოლა სენჩენკოს მცირე უპირატესობით მიდიოდა. მეცხრე რაუნდზე მოკრივეები ძალიან დაღლილები გავიდნენ, განსაკუთრებით ჰატონი. მიუხედავად ამისა, ის პოულობდა შეტევისთვის ძალას, ოღონდ ყველა იერიში წარმატებული არ ყოფილა.

დასასრული მოულოდნელი აღმოჩნდა. რაუნდის ბოლოს სენჩენკო ბრიტანელს მარჯვენათი დახვდა, შემდეგ კი მარცხენა მუშტი თირკმელში ჩაარტყა. ჰატონი მოცელილივით დაეცა და ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს ნოკაუტი იყო.

მოგვიანებით კი ბრიტანელმა მოკრივემ გამოაცხადა, რომ ვიაჩესლავ სენჩენკოსთან ბრძოლა ბოლო იქნება მის პროფესიულ კარიერაში.

"ერთი ბრძოლა მჭირდებოდა იმის გასაკვევად, შემეძლო თუ არა წარმატებით ჩხუბი. აღმოჩნდა, რომ არ შემიძლია. რამდენადაც შესაძლებელი იყო, საუკეთესო ფორმა ავკრიფე, მაგრამ ქულებით მოგებაც რომ მომეპოვებინა, მაინც იგივეს ვიტყოდი - კრივიდან საბოლოოდ მივდივარ.

თითოეული მოკრივე გრძნობს, როცა მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება. ახლა მნიშვნელობა არ აქვს იმას, რამდენად მონდომებით და ჯიუტად ვვარჯიშობდი - ამაზე უკეთ კრივს ვერ შევძლებ.

დღეს მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მივიღე პასუხი კითხვებზე, რომელიც ამ წლებში მაწუხებდა. უნდა მოვიკრიბო ძალისხმევა და ვაღიარო, რომ სენჩენკოსთან ბრძოლა რიკი ჰატონის კარიერის დასასრული გახდა", - განაცხადა ბრიტანელმა.

საინტერესოა, რომ რვა რაუნდის შემდეგ ჰატონი სამივე მსაჯის ჩანაწერებით ლიდერობდა ბრძოლას - 78:74, 77:76, 77:76.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული