"რკინის მაიკის" დაცემა - "ადამიანებო, მომისმინეთ. მე ქუჩის ბიჭი ვარ!”

AutoSharing Option
1986 წლის 22 ნოემბერი, 20 წლის მაიკ ტაისონმა თავისი სახელი ჩაწერა კრივის რეკორდების წიგნში. მან დაამარცხა WBC-ის ტიტულის მფლობელი ტრევორ ბერბიკი, რითაც "რკინის მაიკი" გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში - ეს რეკორდი დღემდე ძალაშია.

ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართა და ტაისონმა მეორე რაუნდში დასცა რინგზე ბერბიკი. ამით მან დაამხო ფლოიდ პატერსონის რეკორდი, რომელიც მანამდე იყო ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

ასე დაიწყო ტაისონის ეპოქა და ამერიკელი რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა რინგზე.

* * *
Sportall.Geბრუკლინში დაბადებული მაიკ ტაისონი კრივს, ნიუ
იორკის შტატის ჩრდილოეთით კეტსკილში სწავლობდა. პოლიციის შენობასთან მდებარე სპორტდარბაზში, ლეგენდარული მწვრთნელის კას დ'ამატოს ხელმძღვანელობით, ნორჩი ხულიგანი თავის სისასტიკეს კეთილშობილურ ხელოვნებაში აქსოვდა.

კიდევ ერთი მოკრივე, რომელიც იმ პერიოდში დამატოს სპორტდარბაზში ვარჯიშობდა, ქალი მებრძოლი ნადია ჰუიტინი იყო.

ნადია ჰუიტინი:
"არ დაგავიწყდეთ, რომ ის მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო. სიმპათიური ბავშვი. ის გავდა ლეკვს, რომელიც ცუდად იქცევა, მაგრამ მაინც საყვარელია.

მას კრივის არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ძალიან სწრაფად ითვისებდა ყველაფერს, უდიდესი ნიჭიც ჰქონდა. ასე რომ, ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი: თუ ყველანაირ გაუთვალისწინებელ გარემოებას გამოვრიცხავდით, ის აუცილებლად გახდებოდა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი”
.

ბილ კლეიტონი (ტაისონის პირველი მენეჯერი):
"მაშინდელი ტაისონი ექსტრაორდინალური მებრძოლი იყო, ძალიან უხეში, სასტიკი პანჩერი. მას ბრწყინვალე ტექნიკა და უძლიერესი დაყენებული დარტყმა ჰქონდა. თან მას ავარჯიშებდა ყველა დროის უდიადესი მწვრთნელი კას დ'ამატო, რომელიც მთელს დროსა და ენერგიას სწორედ მას ახარჯავდა.

მან 13 წლისა აიყვანა ტაისონი, მასთან 5 წელი მუხლჩაუხრელად იმუშავა და მაიკი უკვე მზად იყო ბრძოლაში გამოეწვია უძლიერესი მოკრივეები".

სამწუხაროდ, იმ წელს, როცა ტაისონი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, კას დ'ამატო გარდაიცვალა. ბერბიკზე ტრიუმფი მან სწორედ მწვრთნელის ხსოვნას მიაუძღვნა.

ერთი წლის შემდეგ, ტაისონმა სუპერმძიმე წონაში ყველა ტიტული გააერთიანა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

80-იანი წლების ტაისონი უნაკლო მოკრივე იყო. ბრწყინვალე დარტყმა, ტექნიკა, მეტოქისთვის მოუხელთებელი მოძრაობა, მუდმივად ბრძოლისკენ სწრაფვა... მას ბევრი შესანიშნავი კომბინაცია ჰქონდა დამუშავებული, ყოველთვის კარგად მუშაობდა სხეულით და მისგან მუდმივად საფრთხე მოდიოდა.

მაგრამ რინგის მიღმა მაიკის ცხოვრებაში სრული ქაოსი სუფევდა. რობინ გივენსთან მისი საბედისწერო ქორწინება ძალიან მალე დასრულდა. ის ერთხელ მანქანით ხეს შეეჯახა და ამ საქციელში შეინიშნებოდა თვითმკვლელობის მცდელობა. ქუჩაში ბევრს ჩხუბობდა თავის ყოფილ მტრებთან. ამას დაემატა ისიც, რომ წაეჩხუბა თავის პრომოუტერებს - ბილ კლეიტონსა და ჯიმი ჯეიკობსს და სკანდალურ და ცბიერ დონ კინგს შეუერთდა.

ბილ კლეიტონი:
"მაიკ ტაისონი დამაჯერებელი ნაბიჯებით მიდიოდა იქითკენ, რომ მართლაც ყველა დროის უდიადესი მოკრივე გამხდარიყო. მეგონა, რომ ის პროგრესს გააგრძელებდა და სწორედ ასეთ მწვერვალებს მიაღწევდა.

მაგრამ მან მიატოვა კევინ რუნი, მიმატოვა მე, მიატოვა სტივ ლოტი და შეეკრა ადამიანს, სახელად დონ კინგს, რომელმაც თავის საცეცებში მოიქცია მოკრივე და ამის შემდეგ, საქმეები უკან და უკან წავიდა".


* * *
1990 წელს, ტაისონმა სენსაციურად წააგო აუთსაიდერ ჯეიმს ბასტერ დაგლასთან, რომელსაც ბრძოლის წინ მოგებაზე კოეფიციენტი 42 ჰქონდა. ტიტულის დათმობის შემდეგ, მან თავისი თავისუფლებაც დაკარგა.

1992 წელს, მაიკი გაუპატიურებისთვის გაასამართლეს და სამ წელიწადზე მეტი ციხეში გაატარა. მოკრივე დღემდე უარყოფს ამ დანაშაულს.

დონ კინგის მეშვეობით, ტაისონი რინგზე დაბრუნდა და საშუალო დონის მოკრივეებთან ბრძოლებში დაიბრუნა WBC-ისა და WBA-ის ტიტულები.

თავდაპირველად, ტაისონი თითქოს დიდად არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც კარიერის დასაწყისში იყო. ისე ჩანდა, რომ ციხემ დიდად არ შეცვალა ის.

"მე არ მჯერა რეაბილიტაციის, არ მჯერა გამოსწორებს. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო ჭკვიანია, ვიდრე სხვა. როცა ისინი პრობლემას აგვარებენ, ცდილობენ შეცდომა აღარ გაიმეორონ და საკუთარ საჯდომს უფრთხილდებიან. მე არ მჯერა გამოსწორების. არ მომწონს ძველი გამოცდილების გათვალისწინება, გრძელი გზის გავლა და პრობლემების ასე მოგვარება. მე არ გამოვრიცხავ, ისევე მოვიქცე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი",
- ამბობდა მაშინ ტაისონი.

Sportall.Ge1997 წელს, ტაისონი სპორტის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მომენტის ეპიცენტრში მოექცა. WBA-ის ტიტულისთვის ბრძოლაში, მან ევანდერ ჰოლიფილდს ყური მოაჭამა, თანაც ეს არა ერთხელ, არამედ ორჯერ გააკეთა. ამას მოჰყვა ორწლიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა სამი მილიონი დოლარის ოდენობით.

ტაისონმა კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი, ამჯერად რინგზე. მან შეურაცხყოფა მიაყენა სპორტს, რომლის წყალობითაც თავი დააღწია ბანდიტურ სამყაროს.

ბევრს ეგონა, რომ ტაისონი რინგზე აღარ გავიდოდა. მაგრამ მაიკი კიდევ ერთხელ დაბრუნდა, თუმცა ის ძველი ტაისონის აჩრდილიღა იყო დარჩენილი.

მისი კარიერა 2005 წელს დასრულდა, როცა ირლანდიელ კევინ მაკბრაიდთან დამარცხდა.

* * *
2011 წელს, ტაისონი კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს, რომელიც კანასტოტაში, ნიუ იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

იქ ის სონი ლისტონის, ჯო ფრეზერისა და მოჰამედ ალის გვერდით დააყენეს.

აი, რას ამბობს კრივის დიდების დარბაზის აღმასრულებელი დირექტორი ედვარდ ბროფი:

"მაიკ ტაისონი - ეს არის სახელი, რომელიც შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახსენოთ და მას ყველა იცნობს. როცა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონებზე ლაპარაკობენ, ახსენებენ მოჰამედ ალის, ჯო ფრეზერს, როკი მარჩიანოს, ჯეკ დემპსის, ჯო ლუისს.

არიან მოკრივეები, რომლებიც უდიადეს სპორტულ გმირებად აღიქმებიან და მაიკ ტაისონი მათ რიცხვშია".


მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში მაიკ ტაისონმა თავისი განუმეორებელი, თვითმყოფადი და აგრესიული სტილი მოიტანა, მისი ადგილი კრივის ისტორიაში შელახულია რინგის მიღმა საეჭვო ქმედებებით.

მისი მემკვიდრეობა ეფუძნება მოკლე, მაგრამ დიად წარსულს, ბრწყინვალე ტყუილსა და მზადყოფნას, რომ გახდეს ყველაზე ცუდი ადამიანი პლანეტაზე.

მაიკ ტაისონი:
"ადამიანებო, მომისმინეთ. მე ქუჩის ბიჭი ვარ. არ მინდა, რომ ასეთი ვიყო. არ მომწონს ტიპური ქუჩის ადამიანი. მაგრამ ასეთია რეალობა - მე ასეთი გავხდი, ძირითადად, ჩემი ცხოვრების ტრაგიკულმა მომენტებმა დამაყენა ამ გზაზე.

თქვენ იცით, მე მაიკი ვარ. არ ვარ ბოროტი. მე უბრალოდ ვარ მე. უბრალოდ მინდა საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვრო.

ვიცი, რომ ბევრი ჩემზე ცუდს ლაპარაკობს, მაგრამ მე მინდა ვიცოდე, რას ლაპარაკობენ ჩემზე. ისინი არასოდეს მივიწყებენ. ისინი ამბობენ: "მაიკი გიჟი არ არის".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემ თვალში ტაისონი ნომერ პირველია, უდავოდ და აშკარა უპირატესობით.
1.მაიკლ ტაისონი 2.მუHამედ ალი 3.როკი მარჩიანო.
zaza sigu
16:32 09-12-2012
0
ტაისონი ლეგენდაა,ის რინგზე "ადრაბილკებდა" ხალხს.ასეთი მოკრივე არც არსებობდა მანამდე და არც დაიბადება აწი. კრივის მეფე!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული