ახალი რეიტინგი და ერთი ლიდერი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ დათმო ორთაბრძოლა მექსიკელ ხუან მანუელ მარკესთან, რითაც მნიშვნელოვნად შეიცვალა პოპულარული საკრივო გამოცემის - The Ring Magazine-ის პრესტიჟული რეიტინგი, რომელშიც თავმოყრილნი არიან მოკრივეები წონითი კატეგორიის გათვალისწინების გარეშე.

აქამდე მენი პაკიაო მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეების კლასიფიკაციაში მეორე ადგილს იყოფდა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან, პირველი ადგილი კი ვაკანტური იყო. ახლა კი ვნახოთ, როგორ შეიცვალა რეიტინგი პაკიაოს მარცხის შემდეგ:

1. ფლოიდ მეივეზერი (35 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 64 კვირა

როგორც ვთქვით, ამ მომენტამდე პირველი ადგილი ვაკანტური
იყო, მეივეზერი და პაკიაო კი მეორე ადგილს იყოფდნენ. მენიმ წაგების შემდეგ ამერიკელი პირველ ადგილზე გაუშვა.

2. ანდრე უორდი (28 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 86 კვირა

აქამდე მესამე ადგილს იკავებდა. ზემოთ ავიდა პაკიაოს ჩავარდნის წყალობით.

3. ხუან მანუელ მარკესი (39 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 296 კვირა

აქამდე მარკესი მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ პაკიაოს დამარცხების ხარჯზე პირველ სამეულში შეაღწია.

4. სერხიო მარტინესი (37 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 136 კვირა

შეინარჩუნა მეოთხე პოზიცია.

5. ედრიენ ბრონერი (23 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 1 კვირა

ახალი სახელი ტოპ-ათეულში. ბრონერმა დამაჯერებლად დაამარცხა ანტონიო დემარკო, რომელიც The Ring-ის ვერსიით, საუკეთესო მოკრივე იყო მჩატე წონაში. ბრონერს პროფესიულ რინგზე წაგება არ აქვს, ხოლო უკანასკნელი 16 შეხვედრიდან 15 ვადაზე ადრე დაასრულა თავის სასარგებლოდ.

6. ნონიტო დონერი (30 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 188 კვირა

დონერი მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ქვემოთ დაეშვა ბრონერისა და მარკესის წინსვლის გამო.

7. მენი პაკიაო (33 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 471 კვირა

ტიმოტი ბრედლისთან და მარკესთან წაგებების შემდეგ ფილიპინელი სერიოზულად დაქვეითდა რეიტინგში - მეორედან მეშვიდემდე ჩამოვიდა.

8. ვლადიმერ კლიჩკო (36 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 120 კვირა

აქამდე მეშვიდე ადგილზე მყოფი უკრაინელი აგრძელებს მოგებებს, მაგრამ სუპერმძიმე წონაში არასაკმარისია მაღალი დონის პრეტენდენტები.

9. ტიმოტი ბრედლი (29 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 116 კვირა

დაუმარცხებელი ბრედლიც ერთი საფეხურით უკან ჩამოვიდა იმის გამო, რომ დებიუტანტი ბრონერი დაწინაურდა.

10. რობერტ გერერო (29 წლის)
რეიტინგში ყოფნა: 1 კვირა

ტოპ-ათეულის კიდევ ერთი დებიუტანტი. ნახევრად საშუალო წონაში ერთ-ერთმა წამყვანმა მოკრივემ ამას წინათ დამაჯერებლად დაამარცხა ამავე წონაში მსოფლიოს ორგზის ყოფილი ჩემპიონი ანდრე ბერტო.

გერერო ხუთ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და მხოლოდ ერთი წაგება აქვს კარიერაში - 2005 წელს, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, დამარცხდა გამალიელ დიასთან, თუმცა მოგვიანებით ნოკაუტით აუღო რევანში.

აქვე გეტყვით, რომ ათეული დატოვეს სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა, უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ, რომელიც მეცხრე ადგილზე იყო; აგრეთვე, უმჩატეს წონაში WBA-ს ვერსიით სუპერჩემპიონმა ანსელმო მორენომ.

* * *
ამასობაში მენი პაკიაომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარკესთან მტკივნეული მარცხის მიუხედავად, არ აპირებს დიდი სპორტიდან წასვლას. ფილიპინელის თქმით, მას დაჟინებით სთხოვენ რინგის დატოვებას მეუღლე და დედა, მაგრამ მენი ამბობს: "მომავალში კიდევ მექნება ბრძოლები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული