შენონ ბრიგსის გატეხილი ძვლები

AutoSharing Option
ცნობილი გახდა ამერიკელი მძიმეწონოსნის შენონ ბრიგსის ტრავმების ხარისხი, რომელიც მან WBC-ის ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან საჩემპიონო ბრძოლის დროს მიიღო. ამერიკელი ჩხუბის დასრულებისთანავე ჰამბურგის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, საიდანაც დღემდე არ გაუწერიათ.

ბრიგსს სახის ძვლების, მათ შორის ორივე ყვრიმალის მოტეხილობა დაუდგინეს. გარდა ამისა, ექიმებმა მოკრივეს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს, აგრეთვე მარჯვენა მხარის არეში მყესების გაწყვეტა დააფიქსირეს.

შენონის პრობლემები ამით არ ამოწურულა. გერმანული გაზეთი "ბილდი" ვარაუდობს, რომ ბრიგსს აკრძალული პრეპარატი ჰქონდა მიღებული. ამერიკელს, რომელმაც თავსა და კორპუსში 302 დარტყმა მიიღო, დოპინგ-სინჯი გასახდელში უნდა ჩაებარებინა.
შენონი ასეც მოიქცა, მაგრამ ანალიზის ჩაბარებას არ ესწრებოდა ანტისადოპინგო სამსახურის წარმომადგენელი. როცა ამერიკელს თავიდან მოსთხოვეს ტესტის გავლა, ბრიგსმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გონებას კარგავდა. სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს მოკრივე კლინიკაში, სადაც მთელი დღე რეანიმაციაში გაატარა, თუმცა იქ გონება არ დაუკარგავს. შესაძლოა, ჰამბურგის რინგზე შენონის გამძლეობა სწორედ სტიმულატორების დამსახურება იყოს.

თუ ამერიკელს დოპინგის მიღება დაუმტკიცდა, მას დისკვალიფიკაცია არ აცდება.

ამასობაში, ვიტალი კლიჩკოს გუნდმა ახალი მეტოქის ძებნა დაიწყო და ამ მიზნით მორიგი წინადადება შეუთვალა WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეის. უფროსი კლიჩკოს მენეჯერის ბერნდ ბენტეს თქმით, მათ თანაბარი პირობები შესთავაზეს ბრიტანელ მოკრივეს და ახლა დევიდს აღარ ექნება ბრძოლაზე უარის თქმის საბაბი.

"ჩვენ შევთავაზეთ პირობები, რომლის მიხედვითაც თითოეული მოკრივე საერთო შემოსავლის 50 პროცენტს მიიღებს. ეს სამართლიანი წინადადებაა და დევიდმა მასზე უარი არ უნდა თქვას", - ამბობს ბენტე.

თუმცა წინა უშედეგო მოლაპარაკებების დროს ბრიტანელ ჩემპიონს მხოლოდ ეს პუნქტი არ აღელვებდა. უარის კიდევ ერთი მიზეზი იყო, მისი აზრით სატელევიზო შემოსავლების არასამართლიანი განაწილება. თუ ეს პუნქტი არ შედის ბენტეს წინადადებაში, მაშინ ჰეი კიდევ ერთხელ ეცდება ბრძოლისთვის თავის არიდებას.

"ძალიან მინდა ჰეის დამარცხება და იმ ერთადერთი საჩემპიონო ქამრის მიღება, რომელიც ჩვენი ოჯახის კოლექციას აკლია, - აცხადებს ვიტალი კლიჩკო. - ვლადიმერის გარდა ვერავინ შეძლებს ჩემს დამარცხებას. ჯერაც საკმარისი ძალა მაქვს, ამიტომაც რამდენიმე თვეში მზად ვიქნები რინგზე გასასვლელად".

თუ დევიდ ჰეი უარს იტყვის 2011 წელს უფროს კლიჩკოსთან შეხვედრაზე, მაშინ WBC-ის ჩემპიონს, სავარაუდოდ, კუბელ ოდლანიერ სოლისსა და ამერიკელ რეი ოსტინთან ბრძოლაში გამარჯვებულთან მოუწევს ბრძოლა. ეს ჩხუბი დეკემბერშია დაგეგმილი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული