საფრანგეთის პროფესიულ სარბიელზე ორმა ქართველმა მოკრივემ მოსინჯა ძალები

AutoSharing Option
რაც დრო გადის, პროფესიული კრივი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება.

შარშან დავით მაკარიძემ (66 კგ) WBU-ს (მსოფლიო კრივის კავშირი) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონობაც მოიპოვა.

ამგვარი წარმატების მიუხედავად, ტყავის ხელთათმნის ქართველ ოსტატებს საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის გამოცდილება ჯერ კიდევ აკლიათ. ამიტომაც ხშირად დამარცხებულებიც ტოვებენ რინგს.

გასულ უქმეებზე საფრანგეთის პროფესიულ სარბიელზე ორმა ქართველმა მოკრივემ მოსინჯა ძალები.

WBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ევროპის ქამრისთვის ნიცაში, 12-რაუნდიან პაექრობაში იბრძოდა 27 წლის გორელი ნიკოლოზ ბერკაცაშვილი (58 კგ), საქართველოს ჩემპიონი და ქამრის მფლობელი, რომელსაც პროფესიულ რინგზე 26 შეხვედრიდან 19
მოგება ჰქონდა 7 მარცხის წილ.

ჩვენებურის მეტოქე გახლდათ მასპინძელი ალი ჰალაბი (პროფესიულ რინგზე 14 პაექრობიდან 13 მოგება და ერთი ფრე).

2010 წლის EBA-ს (ევროპის კრივის ასოციაციის) და 2012 წლის WBO-ს ევროპის ქამრის მფლობელი შინ სწორედ ამ ბოლო ტიტულს იცავდა და გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერით მოახერხა კიდეც - ვადამდე დაამარცხა ქართველი მეტოქე.

იმავე რინგზე გამოდიოდა თბილისელი ლევან ღარიბაშვილი (58 კგ), რომელმაც 6-რაუნდიანი სარეიტინგო შეხვედრა გამართა მასპინძელ სოფიან თაქუჩისთან.

ფრანგი უფრო წარმატებული მოკრივეა, რადგან პროფესიულ რინგზე 27 პაექრობიდან 25 მოგება და 2 წაგება აქვს.

შედეგით ჩვენებური საგრძნობლად ჩამორჩება მოწინააღმდეგეს - 29 შეხვედრიდან 12 გამარჯვება, 15 მარცხი და 2 ფრე. ეს უპირატესობა ნიცის რინგზეც ნათელი გახდა - თაქუჩიმ ტექნიკური ნოკაუტით მე-3 რაუნდში მიაღწია წარმატებას.

კიდევ ერთი ქართველი მოკრივე - გოგიტა გორგილაძე (90 კგ, 12 პაექრობა, ყველა მოგება) 16 თებერვალს იოჰანესბურგში IBE-ს (საერთაშორისო კრივის ფედერაცია) ახალგაზრდული ქამრისთვის სამხრეთაფრიკელ ილუნგა მაკაბუს (12 ბრძოლიდან 11 მოგება და ერთი მარცხი) გაუწევს მეტოქეობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული