მოკრივეები სპონსორებს ეძებენ - პრეზიდენტი დათმობას გამორიცხავს

AutoSharing Option
კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით კვაჭაძის დანიშვნას და მის მიერ სამწვრთნელო შტაბში განხორციელებულ ცვლილებებს ქართულ კრივში უკმაყოფილების ტალღა მოჰყვა.

ბოლო დღეებში სპორტულ პრესაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრები კორუფციულ სქემებზე, პრემიების წილში ჩაჯდომაზე, კლანურ ინტერესებსა და ამგვარ თემებზე საუბრობენ.

მეორე მხარე მათ არანაკლებ ბრალდებებს უყენებს, თუმცა ამასობაში დრო მიდის და საერთო საქმე ზარალდება.

დავით კვაჭაძესთან ინტერვიუ თავიდან მხოლოდ მის გეგმებზე, ფედერაციისა და ქართული კრივის განვითარებაზე სასაუბროდ დაიგეგმა, თუმცა ახლა გვერდი ვერც ამ ამბებს ავუარეთ და ინტერვიუც
დაპირისპირების თემით დავიწყეთ.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კორუფციულ ბრალდებებს მას არავინ უყენებს, ეს უფრო ფედერაციის სხვა წევრებს ეხებათ, თუმცა უკან დახევას და მიღებულ გადაწყვეტილებათა შეცვლას არ აპირებს.

- ბოლო დღეებში კრივის სამყაროში გააქტიურებულ დაპირისპირებაზე რას იტყვით?
- მოვლენათა ასეთი განვითარება დიდად სამწუხაროა, რადგან ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმესთან დაპირისპირება.

პირიქით, გვინდა, რომ კრივის სამყაროში ჯანსაღი ვითარება შეიქმნას. წლების განმავლობაში კრივი დაყოფილი იყო ჯგუფებად და პარტიებად, რაც ახლა ამოტივტივდა ზედაპირზე.

ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ პარტიული პრინციპით, გვაინტერესებს მხოლოდ დალაგებული სიტუაცია და იმ გამოცდილი ხალხის დაბრუნება, საქმეში ჩაბმა, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა და ვისაც ვენდობით.

კონკრეტულად რამაზ ფალიანს რაც შეეხება, მოსვლისას ყველა მწვრთნელს ჩამოვაწერინე, ვის რამდენი ხანი უმუშავია, რა გაუკეთებია.

თითქმის ყველას მუშაობის 20-30, ზოგს კი 40-45-წლიანი სტაჟი აქვს, ფალიანს კი - მხოლოდ რამდენიმე წლისა.

ოთხი წელიწადი მუშაობდაო, მაგრამ ჩემს წინამორბედს მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ჰყავს 2009 წლის თებერვალში. მისი მოსვლისას სხვადასხვა შეჯიბრების სამი პრიზიორი გვყავდა, ეს კი ჰაერზე არ მოდის, ასეთ შედეგზე მუშაობდნენ მაშინდელი მწვრთნელები.

ფალიანი თუ ასეთი ძლიერი მწვრთნელია, მერე რატომ არ ჰქონდა ანალოგიური მიღწევა? მისივე დაწერილ სიტყვებს მოვიყვან, 2012 წელს, მაისის შემდეგ კრივის ფედერაციას არანაირი შეჯიბრება არ ჩაუტარებიაო.

ტყუილია ეს, რადგან ნოემბერში კალინინგრადში ევროპის პირველობა გაიმართა, სადაც ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ, ოღონდ მაშინ გუნდი სხვა მწვრთნელმა მოამზადა.

ფალიანმა ვერც მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან მოაგვარა ურთიერთობა; ყოველ შემთხვევაში, მათ დიდ ნაწილთან მაინც.

ჩემი ინიციატივა იყო მწვრთნელების გადანაწილება, რომ ყველას თავისი რგებოდა, თორემ ქუჩაში გაშვებას არავის ვუპირებდით.

სამწუხაროდ, ჩვენს ახალგაზრდებს უფროსობის მანია სჭირთ. მე მირჩევნია, სათავეში გამოცდილი ხალხი იყოს, ახალგაზრდებმა კი მათგან ისწავლონ, გამოცდილება მიიღონ.

ფალიანზეც ვფიქრობდი ნაკრებში ერთ-ერთ მწვრთნელად დატოვებას, მაგრამ არავინ მიიღო, მხოლოდ საკუთარ გუნდთან სურდა მუშაობა.

მინდა, რომ ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებები შეხმატკბილებულად მუშაობდნენ, რათა უფროსების გვერდით უმცროსებმაც მიიღონ გამოცდილება და ეს ახლა ასეც ხდება. ამიტომ ფალიანს ჭაბუკებთან მუშაობა შევთავაზეთ, მაგრამ იქ თვითონ არ უნდა.

- თუმცა ეს მაინც თქვენი პოზიციაა ფალიანთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ მას სხვებმაც წაუყენეს ბრალდებები - თუნდაც უდისციპლინობის გამო, მაგრამ, თავის მხრივ, ისიც საუბრობს კორუფციულ სქემაზე და ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ პიროვნებებსაც...
- თქვენ რომ ვინმემ პრემია გამოგიწეროთ, დათმობთ მას?

- თუმცა ფაქტია, რომ თურმე ქართულ რეალობაში ასეც ხშირად ხდებოდა...
- მე რაც ვიცი, პრემიებს სამინისტროში ან ოლიმპიურ კომიტეტში იღებდნენ. არ მაქვს ილუზია, რომ ანგელოზების ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ პატიოსანი ადამიანი თავისი ნაშრომიდან ერთ თეთრს არ დათმობს.

ასე თუ ხდებოდა, რატომ იყვნენ აქამდე ჩუმად და რაღა ახლა მოუნდათ ამის გაჟღერება? ვფიქრობ, ეს არაა სწორი საქციელი.

ბექა ლობჟანიძეც რომ საუბრობს ამაზე და კრივიდან წასვლას ახალკაცს აბრალებს, ის რა შუაშია, როცა მას მილანში ტურნირზე დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო რატომ დასაჯეს ასე, კარგად იცის. ბაქოს კლუბში გამოსვლისას რასაც იხდიდა, ის ოფიციალური გადასახადი იყო.

ახალკაცი რომ არა, ლობჟანიძე ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებოდა. კონკრეტულ ბრალდებებს მე ვერ გამოვიკვლევ, ამისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობს, მაგრამ ასე ზეპირ საუბრებზე დაყრდნობით, ფედერაციაში საკადრო გადაადგილებებს არ ვაპირებ. სხვათა შორის - არც მწვრთნელთა კორპუსში.

მაგალითად, კუკური შავგულიძე ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგაზრდებში გადავიყვანეთ ოლიმპიადაზე მომხდარის მიუხედავად, როცა მისი მოსწავლე მერაბ თურქაძე ვერ აიწონა.

ამაზე ის თავს იმართლებს, რომ დროულად არ ჩააყენეს საქმის კურსში. მომხდარის მიუხედავად, მე მაინც ვენდობი შავგულიძეს, როგორც გამოცდილ მწვრთნელს. სხვა დროს კი შეჯიბრებებზე ისეთ პიროვნებას გავაყოლებთ დელეგაციის ხელმძღვანელად, ვინც დროულად მიაწვდის საჭირო ინფორმაციას.

- თავში დაპირისპირებები ახსენეთ და როგორ აპირებთ კრივის სამყაროს გაერთიანებას, კრივის დეპოლიტიზაციას?
- ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა აუცილებლად შესასრულებელი და პირველი რიგის ამოცანა.

საუკეთესო გუნდიც რომ გვყავდეს, მწვრთნელებს შორის ურთიერთგაგება თუ არ იქნება, ამ ქიშპობით ბევრ ახალგაზრდას დავღუპავთ. ამიტომ მინდა მწვრთნელების გადაჯგუფება, რომ სიტუაცია შევარბილოთ და დავარეგულიროთ.

- ფედერაციაში, ქართულ კრივში ბევრი რამ დაგხვდათ შესაცვლელი?
- ცხადია, ბევრი რამეა შესაცვლელი იმის მიუხედავად, რომ ფედერაციაში გამოცდილი ადამიანები მუშაობდნენ - თამაზ ქართველიშვილი, კოტე ბერძენიშვილი, ვოვა ახალკაცი, თუმცა მუშაობა ზემოდან წამოსულ მოთხოვნებზე იყო აგებული.

არც ფუნქციები იყო განაწილებული. მაგალითად, დღეს გენერალური მდივნის მოვალეობა კონკრეტულადაა განსაზღვრული - ევალება შეკრების მოწყობა, ტურნირებზე გამგზავრება, მაგრამ მწვრთნელების დანიშვნა ან იმის გადაწყვეტა, ვინ რომელ წონაში გამოვიდეს, მისი საქმე აღარაა.

გენმდივანს ან ვიცე-პრეზიდენტებს არც თანხების განაწილება ევალებათ. შეჯიბრებებს და შეკრებებს უფროსი მწვრთნელი უკვეთავს და შედეგზეც მან უნდა აგოს პასუხი.

- ფედერაციის ბიუჯეტი რამდენია?
- მხოლოდ 250 ათასი ლარი, მეტი არ დაგვიმტკიცეს! არადა, წლეულს უფროსებში ევროპის პირველობაც ტარდება და მსოფლიოსიც.

ევროპისთვის მოსამზადებელი კალენდარი რომ შევადგინეთ - შეკრებები, ორი შეჯიბრება და თავად ევროპირველობაზე წასვლა, 250 ათასი მხოლოდ ამას დასჭირდა. გამოდის, მთელი ბიუჯეტი მხოლოდ ამ ღონისძიებაზე უნდა დავხარჯოთ, მსოფლიოზე კი ვერ გამოვალთ.

თუმცა ჩვენ მხოლოდ ამ ორ ტურნირზე არ ვფიქრობთ. თუ ახალგაზრდა მწვრთნელები არ გაჯიუტდებიან და გვერდით დაგვიდგებიან, მაინც მგონია, რომ შედეგს მივიღებთ.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სპონსორების მოძიებაც ძნელია - რამდენ პიროვნებას ნახავთ, რომელიც თავისით შეწუხდება იმავე კრივზე და გვერდში დაგვიდგება? არადა, თავის დროზე "ნაციონალები" რომ კომბლით ადგნენ თავზე, მაშინ კარგად იხდიდნენ ფულს.

მოკლედ, სპონსორებს ვეძებთ და კარგი იქნება, ვინმე გვერდში თუ დაგვიდგება. ფედერაციის თანამშრომლები უხელფასოდ ვმუშაობთ, იჯარის ქირაც გადასახდელია, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ რაიონებში ჩასვლის და ადგილებზე ვითარების გაცნობის საშუალებაც არ გვაქვს.

- უფულოდ, ალბათ, ყველა იდეა განწირულია, მაგრამ მაინც რა რეფორმების გატარებას მიიჩნევთ საჭიროდ შედეგების გასაუმჯობესებლად?
- როგორც აღვნიშნე, მთავარია უნდობლობის აღმოფხვრა და დაპირისპირების დასრულება.

აუცილებელია მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, თორემ ბევრმა, დღეს რომ დიდი პრეტენზია აქვთ, მოსამზადებელი გეგმის დაწერაც არ იცის.

არადა, წესით, ასეთ გეგმას ყოველდღიურად უნდა წერდნენ. სერიოზული რეფორმებია გასატარებელი რეგიონების გამოსაცოცხლებლად. კარგი იქნება, სახელმწიფო თუ მოსწავლეთა სპორტს მიხედავს და სპორტსკოლებს აღადგენს.

ნიჭიერი ბავშვი ჩვენამდე თუ არ მოვიდა და მწვრთნელმა არ გაზარდა, ყველაფერი შემთხვევით შედეგზე იქნება აგებული, სერიოზული მიღწევები კი გაგვიჭირდება.

"ქართულ ოცნებაში" მეც შევდიოდი იმ თემატურ ჯგუფში, რომელიც თებერვლის დასაწყისიდან მუშაობდა სპორტის განვითარების კონცეფციაზე.

მშვენიერი დოკუმენტი შევიმუშავეთ, მაგრამ კარგი იქნება, ქაღალდზე თუ არ დარჩება და ცხოვრებაშიც გატარდება. იქ ლაპარაკია ბავშვთა სპორტზე, ახალგაზრდებზე, მომავალზე, უფასო წვრთნაზე და ასე შემდეგ...

- ნაკრების უახლოესი გეგმები როგორია?
- ნაკრებში დავნიშნეთ ძალიან წესიერი კაცი - ბონდო მამულაშვილი, თუმცა ის გამოცდილი მწვრთნელიცაა, მხოლოდ პატიოსნების გამო არ დაგვინიშნავს.

10 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, თუმცა "ფეისბუQის" დახმარებით მის ჩაშლას ცდილობენ.

იმავე ახალკაცს იმდენად კარგი კონტაქტები აქვს, რომ მისი დახმარებით აზერბაიჯანელები თავისი ხარჯით გვიტარებენ შეკრებას და იქვე ტურნირშიც გამოვალთ.

ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ერთ შეკრებას საქართველოში გაივლიან, მერე უკრაინაში გამოვლენ შეჯიბრებაზე, მაისში კი მინსკში ევროპის ჩემპიონატია.

მთავარია, გუნდში უთანხმოება აღმოიფხვრა, დანარჩენი კი დამოკიდებულია მოსამზადებელი პროცესის სწორ დაგეგმვაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 41 /
მთელი საქართველო უჭერს მხარს ჩვენ სახელოვან ჩემპიონს რამაზ ფალიანს. მას არანაირი პრობლემა არ ქონია ნაკრებთან. თ უ ვინმე გამოიჭირეთ ფული გადაუხადეთ და აალაპარაკეთ, ნუ ამბობთ ფალიანი არ უნდა ნაკრებსო. ეგ ვოვას დადგმული სცენარებია.დააბრუნეთ ფალიანი. თუ ოდნავ მაინც შეგტკივა კრივზე გული.ყველაფერი მოგეკითხება როცა ამის დრო მოვა.ნუ დაღუპავ კრივს ზონდრი ვოვას გამო. დაუფიქრდი კარგად.
კობა კლდიაშვილი
15:32 01-02-2013
0
დაბერდით ეტკობა და ვეგარ აანალიზებთ თქვენს საქციელს და ქმედებებს. დაჯექით სახლში. თქვენი სირცხვილია ვოვა ახალკაცის შენახვა და ფალიანის განთავისუფლება.ვის აყრით ნაცარს თავლებში.
კარლო
15:24 01-02-2013
0

სიახლეები პოპულარული