ავთანდილ ხურციძე: მინდა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ხუთ ვერსიაში მოვიპოვო

AutoSharing Option
წელიწადზე მეტია ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე რინგზე არ გამოჩენილა. ბოლო  შეხვედრა მან უკრაინაში განელ ოსი დურანთან გამართა, მეტოქე დაამარცხა და საშუალო წონაში ყველაზე პრესტიჟული "WBC" ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ვერცხლის ქამარი მოიპოვა.

ხურციძემ პროფესიონალებში სულ 31 ბრძოლა ჩაატარა, აქედან 27 მოიგო (16 ნოკაუტით), 2 ფრედ მშობლიურ ქუთაისშია, ვარჯიშობს და ახალი ბრძოლებისთვის ემზადება. ცნობილ მოკრივეს ქუთაისის კრივის დარბაზში შევხვდით.

- უკრაინაში სტეპან ჩერნოვეცკის კლუბთან კონტრაქტი დროზე ადრე შევწყვიტე და უკვე რვა თვეა საქართველოში ვიმყოფები.

თავიდან უკრაინაში ძალიან კარგად ამეწყო კარიერა, იქ
6 წელი ვიყავი და რამდენიმე ტიტული მოვიპოვე.

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი "IBO"-ს (კრივის საერთაშორისო ორგანიზაცია) ვერსიით ორგზის მსოფლიო ჩემპიონობა და "WBC" ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ვერცხლის ქამრის დაუფლება იყო.

შემდეგ ვითარება აირია, უკრაინული მხარე კონტრაქტის პირობებს არღვევდა, ბრძოლებსაც აღარ მითანხმებდა, კლუბს ეკუთვნი და რასაც გეტყვით იმას გააკეთებო, ასეთი დამოკიდებულება კი ჩემთვის მიუღებელი იყო.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გავწყვიტეთ, თუმცა უკრაინელებმა პრობლემები მაინც შემიქმნეს, წელიწადი დასჭირდა ყველა საკითხის მოგვარებას და მათგან საბოლოოდ გათავისუფლებას.

შინ დაბრუნებულს კრივისთვის თავის დანებება მინდოდა, მაგრამ რინგზე გასვლა ისე მომენატრა, რომ პატარა ბავშვივით გავხდი, ვეღარ ვჩერდები, მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე კრივში.

- სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
- 5 თვის წინათ ერთ-ერთ ცნობილ ამერიკელ პრომოუტერთან ლუდიბელასთან გავაფორმე ხელშეკრულება, დღე-დღეზე სამუშაო ვიზას ველოდები და კარიერას ამერიკაში, ლოს-ანჯელესში გავაგრძელებ.

- ამერიკაში რამდენიმე წლის წინათაც იყავი...
- მაშინ ფილადელფიაში ვცხოვრობდი. პროფესიულ კრივში დებიუტი ატლანტიკ-სითიში მქონდა, სადაც კენი კინგსლეი დავამარცხე.

- ამერიკაში პროფესიული კრივის ელიტაა თავმოყრილი, უკრაინის შემდეგ ამერიკულ რინგზე გამოსვლა არ გაგიჭირდებათ?
- რამდენიმე წელიწადია უკრაინელთან აღარ მიჩხუბია. მოწინააღმდეგეები ევროპიდან, აფრიკიდან და ამერიკიდან ჩამოჰყავდათ.

ამერიკა ჩემთვის დიდი გამოწვევაა, აქ არიან ის სპორტსმენები, რომლებიც ჩემს წონაში საუკეთესოებად ითვლებიან.

სხვათა შორის, 72,6 კგ-ში ნომერ პირველი მოკრივე არგენტინელი სერხიო მარტინესიც ლუდიბელას მოკრივეა.

ამერიკაშია მსოფლიო ჩემპიონი, მექსიკელი ხულიო-სეზარ ჩავესიც, ბრძოლა სწორედ ასეთ მოკრივეებთან მწყურია და ამის შანსი მალე მომეცემა.

- ერთწლიანი უქმობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა არ გაგიჭირდებათ?
- ამ ხნის განმავლობაში ცოტ-ცოტას ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ხან ქუთაისის კრივის დარბაზში ვარ, ხან კი ჩემს ერთ-ერთ პირველ მწვრთნელთან, მურთაზ ბებიასთან ვემზადები. სახლშიც მაქვს მოწყობილი ტრენაჟორები და თუ დარბაზში ვერ ვახერხებ წასვლას, შინ ვვარჯიშობ.

სრული დატვირთვით მზადებას ამერიკაში ჩასვლის შემდეგ შევუდგები, იქ ისეთი სპარინგები მელოდება, რომ ფორმაში მალე ჩავდგები.

- რამდენ ხანს აპირებთ პროფესიულ კრივში დარჩენას და რა მიზნებს ისახავთ?
- მიზანია, ხუთ ვერსიაში მოვიპოვო მსოფლიო ჩემპიონის ქამარი. ორი ("IBO"და "WBC") ვერსიით უკვე ვარ ჩემპიონი, ახლა დანარჩენ სამშიც ვეცდები წარმატების მიღწევას.

32 წლის ვარ, თუმცა ვფიქრობ, მომდევნო ოთხი წელი თავისუფლად შევძლებ მაღალ დონეზე გამოსვლას და ვეცდები დასახულ მიზანსაც მივაღწიო.

- ქართულ კრივში შექმნილ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- აქ სტუმარივით ვარ, ამიტომ, რაც ჩემს კარიერას და ბრძოლებს არ ეხება, არც რაიმეს მეკითხებიან და თავადაც არ ვკითხულობ. იმედი მაქვს, რომ ქართული კრივი აღმავლობის გზას დაადგება. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ვნახე, რომლებიც ვარჯიშისა და თავდადების შემთხვევაში კარგ მოკრივეებად ჩამოყალიბდებიან.

- თუ გიფიქრიათ, სად იცხოვრებ კარიერის დასრულების შემდეგ?
- ქართველი ვარ და საცხოვრებლად ბოლოს მაინც საქართველოში დავბრუნდები. სამომავლოდ აქ კრივის კლუბის გახსნა მინდა...

-ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სანამ პროფესიონალი მოკრივე გახდებოდით, კიკ ბოქსინგში ვარჯიშობდით და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდით.
- 5 წლისამ დავიწყე კრივში ვარჯიში, თუმცა რამდენიმე წელიწადში სპორტს თავი დავანებე. დაბრუნება, რომ გადავწყვიტე, მითხრეს, უკვე "გადაზრდილი" ხარ და ვეღარაფერს მიაღწევო. გული არ გავიტეხე და კიკბოქსინგში მურთაზ ბებიასთან დავიწყე ვარჯიში.

ცოტა ხანში მსოფლიოსა და ევრაზიის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. 21 წლისა ისევ კრივში დავბუნდი და ღვთის წყალობით წარმატებებსაც მივაღწიე. ჩემს მაგალითზე ახალგაზრდებსაც ვურჩევ, რომ საკუთარი თავის რწმენა არასდროს დაკარგონ და მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებებს გისურვებთ.
0
ავთო! გისურვებ წარმატებებს სპორტში და პირად ცხოვრებაში. მალე გვანახე შენი ვაჟკაცური და ლამაზი ჩხუბები
თემურ ჯიქიძე
10:05 25-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული