ქართულ კრივში სარეიტინგო პაექრობები მომრავლდება

AutoSharing Option
ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში, 1 მარტს პროფესიონალ მოკრივეთა სარეიტინგო პაექრობები გაიმართა. რინგზე 10 ორთაბრძოლა გაიმართა.

ყველაზე სწრაფად 69 კილოში ვარიანელი გიგა ნადირაძისა (7 მოგება, 3 წაგება, 1 ფრე) და ახალციხელი დებიუტანტის - სოსო აკოფიანის შეხვედრა დამთავრდა. გამოცდილმა ნადირაძემ პირველსავე რაუნდში ნოკაუტით მოუგო ახალბედას.

სამი პაექრობა მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა: ანზორ გამგებელმა (ვარიანი, 64 კგ), გიორგი კოლოტაშვილს (გორი) სძლია, ალიკა ვახტანგაშვილმა (ვარიანი, 64) დებიუტანტ რეზო კაპანაძეს (ახალციხე) აჯობა, რობიზონ ომსარაშვილმა (გურჯაანი, 69) ლევან ბენდელიანი (თბილისი) დაამარცხა.

გაუწყებთ დანარჩენი
ორთაბრძოლების შედეგებს: ირაკლი ჯეირანაშვილი (გორი, 62) - მიშიკო ავაკიანი (ბორჯომი) 39:39, მამუკა გუკასიანი (ბორჯომი, 64) - მალხაზ თათრიშვილი (გორი) 58:60, რენატ სამედოვი (თბილისი, 69) - ნოდარ რობაქიძე (ბორჯომი) 60:60, დავით ტლაშაძე (გორი, 69) - მერაბ გუკასიანი (ბორჯომი) 60:57, პაატა ადუაშვილი (ვარიანი, 81) - რუსლან ბადიშოვი (თბილისი) 60:58), მალხაზ სამსონაშვილი (ბორჯომი, დებიუტანტი, 81) - მალხაზ გაბრიელიანი (ახალციხე) 40:37.
- საინტერესო ორთაბრძოლები ვიხილეთ რინგზე, - გვითხრა საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა. - განსაკუთრებით სასიამოვნო ის არის, რომ ახალგაზრდები მოგვიმრავლდნენ.

დღესაც პროფესიულ რინგზე სამმა მოკრივემ მიიღო ნათლობა. ბოლო დროს გამოცოცხლება იგრძნობა გურჯაანში, თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ფოთში.

აღარაფერს ვამბობ ტრადიციულ კერებზე, როგორებიცაა თბილისი, გორი, ვარიანი და ბორჯომი.

ფაქტობრივად, ეს სეზონის გახსნა იყო. ყოველთვიურად ჩავატარებთ სარეიტინგო პაექრობებს.

რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვაც გვაქვს გამიზნული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეთანხმებით. მაგალითად, ზაფხულში გორი უმასპინძლებს დიდ ტურნირს, სადაც სამი ქამარი გათამაშდება. შარშანწინ ბორის მდინარაძემ (72 კგ) UBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ახალგაზრდული ქამარი მოიგო - ტანზანიელ სელემან საიდს სძლია.

წლეულს ზაფხულს ამ ქამრის დაცვა მოუწევს. მეტოქის ვინაობა, სავარაუდოდ, მაისში გაირკვევა.
იმავე ტურნირზე გამოვლენ ძმები ჯომარდაშვილები.

ლევანმა (90 კგ) შარშან ივნისში პალმა დე მალიორკაზე მასპინძელ ლუის როდრიგესს აჯობა და TWBA-ს (მსოფლიო კრივის ასოციაცია) ქამარი დაიმსახურა. ზაფხულში სწორედ ამ ტიტულს დაიცავს.

მანამდე კი ორ ორთაბრძოლას გამართავს: 9 მარტს ფინეთში 6-რაუნდიან სარეიტინდო ბრძოლაში ჯეჰო ჰაპოჯას (ფინეთი) შეხვდება, 30 მარტს კი ვლადიკავკაზში 27 წლის რუს დიმიტრი კუდრიაშოვთან WBჩ-ს (მსოფლიო კრივის საბჭო) ქამრისთვის იბრძოლებს.

შალვა ჯომარდაშვილი (76) EBU-ს (ევროპის კრივის კავშირი) რეიტინგში მეწინავეთა შორისაა. ამ ორგანიზაციის ქამრისთვის 12-რაუნდიანი პაექრობა მან 2010 წელს შვეიცარიუელ ივეს შტუდერთან ფრედ დაამთავრა. არ არის გამორიცხული, რომ გორში სწორედ EBU-ს ქამრისთვის დაუპირისპირდეს რომელიმე ევროპელ მეტოქეს.

აქვე დავძენთ, რომ რამდენიმე დღის წინათ გოგიტა გორგილაძემ (90 კგ) სამხრეთ აფრიკაში სადებიუტო შეხვედრა გამართა საერთაშორისო რინგზე Iბფ-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ახალგაზრდული ქამრისთვის მასპინძელ ილუნგა მაკაბუსთან. სამხრეთაფრიკელმა ჩვენებურს გამოცდილებით აჯობა.

16 მარტს ქუთაისელი ბექა სუთიძე კიევში ვიქტორ პლოტნიკოვთან სარეიტინგო შეხვედრას გამართავს. მსგავსი ორთაბრძოლა ექნება 23 მარტს გორელ გიორგი თევდორაშვილს რიგაში ბრიედისთან, ხოლო ბექა სუთიძე ინგლისში ვეინ ალ-არაბს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული