48 წლის ჩემპიონი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლებიდან ყველაზე საინტერესო შეხვედრა ნიუ იორკში შედგა, სადაც ნახევრად მძიმე წონაში IBF-ის ტიტულს იცავდა 31 წლის ამერიკელი ტავორის კლაუდი, რომელიც დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე. მისი მეტოქე გახლდათ 48 წლის ბერნარდ ჰოპკინსი. ეს უკანასკნელი იმით არის ცნობილი, რომ კრივის ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი იყო. ჰოპკინსმა მოახერხა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (116-112, 116-112 მ 117-111) კლაუდის დამარცხება და თავისი რეკორდის გაუმჯობესება - მორიგი ტიტული მან 48 წლისა და 2 თვის ასაკში მოიპოვა.

საჩემპიონო ბრძოლა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო და
ეს ვეტერანს ძალიან აწყობდა. ასეთ სიტუაციაში უცნაური იყო კლაუდის მოქმედება, რომელიც კრივში აჰყვა მეტოქეს და არ სცადა თავიდანვე ნოკაუტის მიღწევა (ამ მოკრივეს 24 შეხვედრიდან 20 ნოკაუტით ჰქონდა მოგებული). ჰოპკინსი ყველანაირ ხერხს იყენებდა მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, რის გამოც რეფერისგან გაფრთხილებაც კი მიიღო. მეორე რაუნდში ბერნარდმა მარცხენა დარტყმა გაატარა, მაგრამ ეს სამწუთეული მაინც მას დარჩა რამდენიმე ზუსტი მარჯვენა დარტყმის წყალობით.

ამის შემდეგ ჰოპკინის საქმეები კარგად წავიდა. ტავორისი არ ჩქარობდა ტემპის გაზრდას და იშვიათი დარტყმებით უტევდა მეტოქეს, მაგრამ ეს უფრო კარგად ბერნარდს გამოსდიოდა, რომელიც დიდ ძალას არ ატანდა დარტყმებს, თუმცა ძალიან ზუსტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ "ჯალათს" (ჰოპკინსის მეტსახელი) უკვე მიღებული ჰქონდა ერთი გაფრთხილება, მან მაინც არ თქვა უარი თავის საფირმო ხრიკებზე, იქნებოდა ეს მეტოქის შეჩერება, სიმულაცია, გონგის შემდეგ დარტყმა თუ სხვა. ამ ყველაფერს ჩემპიონი წყობიდან გამოჰყავდა. "ბაბუას" კი სწორედ ეს სჭირდებოდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კლაუდი არ ჩქარობდა მოვლენათა ფორსირებას და ჰოპკინსის დაღლას ელოდა, მაგრამ ამგვარმა ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა, რადგან ვეტერანმა ენერგია კარგად გაანაწილა 12 რაუნდზე. კლაუდს თავიდანვე აქტიურად რომ დაეწყო ბრძოლა, მაშინ არავინ იცის, რით დასრულდებოდა ეს საჩემპიონო ორთაბრძოლა ჰოპკინსისთვის.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ კლაუდი მეექვსე რაუნდში გააქტიურდა, მაგრამ მისი მონდომება ბერნარდმა ძალიან მალე ჩაახშო, როცა რამდენიმე კლასიკური კომბინაცია დაახვედრა ჩემპიონს. ტავორისი ბოლომდე დაკარგული რინგზე არ ყოფილა და რამდენიმე კარგი დარტყმა მასაც გამოუვიდა, მაგრამ ჰოპკინსი უპასუხოდ არ ტოვებდა მეტოქის არც ერთ გამოხტომას.

ბოლო რაუნდში ვეტერანმა ოდნავ ანერვიულა თავისი გულშემატკივარი, როცა შეტევაში აჰყვა მეტოქეს, მაგრამ სერიოზული დარტყმა არ გაუტარებია და საბოლოოდ, კრივის ისტორია გადაწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონი ნარკომანი ყოფილა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული