მენი პაკიაო: ახალგაზრდობაში თერძი ვიყავი

AutoSharing Option
მინი-ინტერვიუ, რომელიც თითქმის სრულ წარმოდგენას შეგიქმნით თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივეზე, ფილიპინელ საშუალოწონოსან მენი პაკიაოზე...

- ვინ არის თქვენი სპორტული გმირი?
- კალათბურთელი სტივ ნეში "ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან". ის, შესაძლოა, ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ სტივი თავისი საქველმოქმედო საქმიანობითაც არის გამორჩეული. როცა ასეთი პოპულარულები ვართ, უნდა გვესმოდეს, რომ შეგვიძლია ეს სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

- სპორტი რომ არა, რა პროფესიას აირჩევდით?
- ახალგაზრდობაში თერძი ვიყავი, ასე რომ, ალბათ, შესაფერისი მაღაზია მექნებოდა. კრივმა მომიმზადა პლატფორმა იმისთვის, რომ პოლიტიკაში მივსულიყავი, მაგრამ, ალბათ,
სპორტის გარეშეც გავივლიდი ამ გზას.

- სპორტის სხვა სახეობაში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
- ბედნიერი ვიქნებოდი, თუ "ბოსტონ სელტიქსთან" ერთად მოვიგებდი NBA-ის ტიტულს.

- რომელია თქვენი კარიერის საუკეთესო მომენტი?
- ჩემს პირველ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ორი დოლარი გამოვიმუშავე, მაგრამ ის თანხა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ვიცოდი, რომ კარგი მონაცემები მქონდა და იმ ორმა დოლარმა დამარწმუნა - თუ ბრძოლას გავაგრძელებდი, ფული ჩემთვის პრობლემა აღარ იქნებოდა.

- კარიერის ყველაზე ცუდი მომენტი...
- ალბათ, ბრძოლა ტიმოტი ბრედლისთან. როცა ბრძოლას რეალურად აგებ, ეს უფრო იოლი გადასატანია, ვიდრე ის, რომ მოპოვებულ გამარჯვებას გართმევენ. მისი არც ერთი დარტყმა ჩემთვის მტკივნეული არ ყოფილა.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?
- საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. თუმცა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ყველანი ჯანმრთელები არიან და თან "ფერარის" საჭესთან სხედან.

- ყველაზე სასარგებლო რჩევა, რომელიც ოდესმე მოგისმენიათ?
- როცა ფიქრობთ, რომ რაღაცისთვის ასი პროცენტით მზად ხართ, სინამდვილეში ეს ასე არ არის.

- საყვარელი სიმღერა კარაოკეზე?
- La Bamba.

- დაასახელეთ სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენთ Ipod-ით.
- ეს არის ჯონ ლენონის Imagine.

- თქვენი ცხოვრების ფილმში ვის აირჩევდით პარტნიორად?
- ასეთი რამ უკვე მოხდა - იერიქო როსალესმა ითამაშა ჩემთან ერთად.

- ბოლოს რომელ ფილმს უყურეთ?
- "სათამაშოების ისტორიის" მესამე ნაწილს ჩემს შვილებთან ერთად.

- ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ?
- ბიბლია. ბრძოლის დღესაც კი შეიძლება დროის გამონახვა ამ წიგნის შესასწავლად.

- ბრძოლის წინ საყვარელი კერძი?
- მას თითქმის ყოველდღე მივირთმევ. ფილიპინური ხორცის ბულიონი და ქათმის წვნიანი ბრინჯით.

- თავად შეგიძლიათ კერძების მომზადება?
- მე პირადი მზარეული მყავს.

- რომელია თქვენთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილი?
- კარგი ოჯახური დასვენება გამოგვივიდა მაშინ, როცა იაპონია და ავსტრალია მოვინახულეთ. ორივე ძალიან ლამაზი ქვეყანაა.

- ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც ოდესმე შეგიძენიათ?
- ჩემი იახტა. სასიამოვნოა, როცა ოკეანეში გადიხარ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

- გაგვანდეთ საიდუმლო...
- როცა რინგზე ვარ, იმ დროს ფილიპინებში დანაშაულის დონე მკვეთრად იკლებს. თავიდან მეგონა, რომ ეს მითი იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს სტატისტიკით ყოფილა გამყარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მენი პაკიაო აპრილში დაუბრუნდება რინგს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული