მაიკ ალვარადოს რევანში ლას ვეგასში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ლას ვეგასში, სადაც 63.5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს დროებითი ტიტული თამაშდებოდა 26 წლის მაიკ ალვარადოსა (34-1, 23KO) და 32 წლის ბრენდონ რიოსს (31-1-1, 23 KO) შორის.

ეს მოკრივეები მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და არ გაუცრუეს იმედები მაყურებლებს - მათ თავიდანვე გაცვალეს იერიშები, თუმცა ალვარადო უფრო მეტად ფრთხილობდა, ვიდრე პირველ ბრძოლაში, რომელიც მან მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო. მაიკი ბევრს მუშაობდა ფეხებით და დისტანციიდან შეტევას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ბრძოლის დიდი ნაწილი მოკრივეები დარტყმებს
საშუალო დისტანციიდან ცვლიდნენ და ორივეს ჰქონდა წარმატებული მომენტები თუ ჩავარდნები.

ბრძოლის მეორე ნახევარში მოკრივეთა მოქმედებას დაღლილობამ დაატყო კვალი, თუმცა ამით დარტყმების რაოდენობა და მონდომება არ გამქრალა. 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ალვარადოს მიანიჭეს - 115:113, 115:113, 114:113.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ამ მოკრივეთა პირველი შეხვედრა "წლის ბრძოლის" სტატუსზე აცხადებდა პრეტენზიას.

რიოსმა ამ ბრძოლისთვის 1 250 000 დოლარი მიიღო, ალვარადომ კი, მოგების მიუხედავად, ორჯერ ნაკლები - 625 ათასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული