საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბონდო მამულაშვილმა ხერსონის რინგზე შვიდი სპორტსმენი გამოსცადა: დავით ნანავა (49 კგ), ავთანდილ ჭუბაბრია (52), გიორგი გოგატიშვილი (სამივე - ფოთი, 56), ირაკლი ჭინჭარაული (გარდაბანი, 64), ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), გიორგი გიორგაძე (თბილისი, 75) და რომან თავაძე (ქუთაისი, 81).
- ჩვენი გუნდიდან სხვებზე უკეთ ნანავამ იასპარეზა, - გვითხრა უკრაინიდან დაბრუნებულმა ბონდო მამულაშვილმა. - მან მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო უზბეკეთის
ნახევარფინალში იგი უკრაინის ჩემპიონ განზულიასთან დამარცხდა, თუმცა მეოთხედფინალში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონ ჩებანს (მოლდოვა) აჯობა.
კარგი სტარტი აიღო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს და 21-წლამდელთა შარშანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ - პირველ წრეში უკრაინის პირველი ნაკრების წევრი კონსტანტინოვი დაჯაბნა, თუმცა მასთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო. ამიტომ ზედმეტ რისკს მოვერიდეთ და შეჯიბრებიდან მოვხსენით.
ჭუბაბრიამ პირველ წრეში უკრაინის ნაკრების წევრ პოღოსიანს აჯობა, ხოლო მის თანაგუნდელ შეპელიუკთან ორთაბრძოლა ორი ქულით წააგო. არ მჩვევია მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ ეს შეჯიბრება ხერსონში რომ არ ყოფილიყო, ჭუბაბრია კვარცხლბეკზე ავიდოდა.
გოგატიშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მაინც გავიდა რინგზე. მასპინძელთა პირველი ნაკრების წევრ ვეტუშკინთან 13:14 დამარცხდა.
არც სხვებს უასპარეზიათ ურიგოდ, მაგრამ უკრაინულმა რინგმა დაგვანახვა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკურ-ტაქტიკური მომზადების თვალსაზრისით კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
- იქნებ ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები...
- აზერბაიჯანშიც ორი პრიზიორი გვყავდა. ნანავამ მე-3 ადგილი დაიკავა, ოღონდ იქ ორთაბრძოლა არ წაუგია.
ეს 17 წლის ყმაწვილი ნიჭიერი, პერსპექტიული მოკრივეა. ნაკრებსა და საერთაშორისო არენაზე დებიუტი სწორედ ბაქოში ჰქონდა. ამიტომ მეოთხედფინალის მოგების შემდეგ გადავწყვიტე, ზედმეტად არ დამეტვირთვა და ნახევარფინალში საბრძოლველად არ გამოვიყვანე.
ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა. ეს ბიჭი თვიდან თვემდე იზრდება. როგორც გითხარით, ნანავა ხერსონში მეორე იყო.
ბაქოში ასევე მე-3 ადგილი დაიკავა გიორგი გოგატიშვილმა. ხერსონში შეუძლოდ რომ არ ყოფილიყო, იქაც არ დარჩებოდა უმედლოდ, რადგან ის აზერბაიჯანელი მოკრივე, რომელიც გიორგიმ ბაქოში სტარტზევე დაამარცხა, უკრაინული ტურნირის ჩემპიონი გახდა.
თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის საერთაშორისო ტურნირებში მედლების მოპოვება სულაც არ არის თვითმიზანი. მთავარია, მნიშვნელოვან ტურნირებს - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ყოველმხრივ მომზადებულნი შევხვდეთ.
- 30 მაისიდან მინსკი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს...
- 25 აპრილამდე ნაკრების ყველა წევრი პირად მწვრთნელებთან ივარჯიშებს, შემდეგ კი 8 მაისამდე საწვრთნელი შეკრება გვექნება ბორჯომში "ოლიმპიკის" ბაზაზე. 20 სპორტსმენს წავიყვანთ. იქ გაირკვევა საბოლოოდ მათი ვინაობა, ვინც 16-29 მაისს "სტაიკებში" ბელორუსის ნაკრებთან გაივლის ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას და ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.
- სრული გუნდით გაემგზავრებით?
- ჩვენი მოკრივეების დღევანდელი შესაძლებლობებითა და მომზადების დონით თუ ვიმსჯელებთ, ბელორუსის დედაქალაქში სრული გუნდის წაყვანას აზრი არ ექნება. ჩემი ამგვარი განცხადება, იმედია, ბიჭებს საწყენად არ დარჩებათ.
ბოლო ორმა საერთაშორისო ტურნირმა დაგვანახვა, რომ დღევანდელი მომზადებით დიდ სარბიელზე წარმატების მიღწევა ყველას არ ძალუძს. თუმცა ჯერ თვე-ნახევარია დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"