ფილიპინელი ფავორიტის მარცხი ლას ვეგასის რინგზე

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ლას ვეგასში თვის ბრძოლა შედგა: პირველ ნახევრადმჩატე წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, 30 წლის ფილიპინელი ნონიტო დონერი ამავე წონაში WBA-ის ჩემპიონს, 32 წლის კუბელ გილერმო რიგონდოს ხვდებოდა.

ბრძოლამ გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი, თუმცა, თავდაპირველად, მეტოქეებმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და "ჩაკეტილ" კრივს მიანიჭეს უპირატესობა, მაგრამ აქაც იგრძნობოდა კუბელის უპირატესობა. ის უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა, ავიწროებდა დონერს, რომელიც ვერაფრით ახერხებდა საკუთარი დისტანციის პოვნას.

ბრძოლის პირველი ნახევარი აშკარად კუბელის კონტროლით წარიმართა. ფეხების მოძრაობის სისწრაფის გარდა, გილერმოს ხელებიც და თავიც კარგად იყო ჩართული მოქმედებაში.
რიგონდოს მხრიდან ხელის აწევა, მაშინვე დარტყმას ნიშნავდა, დონერის მოქნეული კი ხშირად ცდებოდა მიზანს. ამას ფილიპინელი აშკარად წყობიდან გამოყავდა.

მოგვიანებით, დონერმა მოახერხა გამოცოცხლება და კინაღამ ერთი დარტყმით მოიპოვა გამარჯვება - მეცხრე რაუნდში მან მოულოდნელად მარცხნიდან დაარტყმა მოწინააღმდეგეს, რომელიც რინგზე დაეცა, მაგრამ ნოკდაუნი კუბელისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა და დამაჯერებლად გააგრძელა ბრძოლა. ბოლო, მე-12 რაუნდში რიგონდოს ასევე მარცხნიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმა გამოუვიდა, რის გამოც დონერს ძლიერი ჰემატომა გაუჩნდა. ამიტომაც, ფილიპინელი უფრო თავის დაცვაზე ფიქრობდა, ვიდრე შეტევაზე. ბრძოლის შემდეგ, სამივე მსაჯმა უპირატესობა რიგონდოს მისცა - 116:111, 115:112, 114:113.

ბრძოლამ აჩვენა, რომ დღეისთვის გილერმო რიგონდოს დონე უფრო მაღალია, ვიდრე მასზე უფრო გამოცდილი დონერისა, რომელიც უკვე მრავალი წელია ავტორიტეტული ჟურნალის The Ring-ის ცნობილი რეიტინგის ათეულში შედის, მაგრამ, ახლა, შეიძლება გამოვარდეს ყველა წონის მოკრივეთა TOP10-დან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული