საქართველოს პირველობაზე ევროპის პირველობისთვის კანდიდატები შეირჩა

AutoSharing Option
წლეულს, ივნისში, რუსული კემეროვო 1997-98 წლებში დაბადებულ მოკრივეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

ამ შეჯიბრებისთვის მზადებას და ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევას მიეძღვნა საქართველოს პირველობა, რომელიც ახალქალაქში გაიმართა.

შეჯიბრებას, კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით კვაჭაძესთან ერთად, სპორტის, რეინტეგრაციის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები - ლევან ყიფიანი, პაატა ზაქარეიშვილი და სოზარ სუბარიც დაესწრნენ.

16 ქალაქისა და რაიონის 139 წარმომადგენელი 13 წონით კატეგორიაში ეცილებოდა ერთმანეთს პირველობაში.

გულშემატკივრებმა დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლები იხილეს. უპირველესად, 66 კილოში ქუთაისელი გიორგი ხარაბაძის პაექრობები უნდა გამოვყოთ. რიონისპირელმა სპორტსმენმა ოთხივე ორთაბრძოლა უნაკლოდ ჩაატარა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ფინალური შეხვედრა აღმოჩნდა - მოსწავლეებში ევროპის შარშანდელი ბრინჯაოსპრიზიორი ჟორა სეროპიანი პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

სპეციალისტებზე ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს თანატოლებში საქართველოს შარშანდელმა ჩემპიონმა რატი ტლაშაძემ, სახელოვანი ქართველი მოკრივის - გიორგი კანდელაკის ვაჟმა თარაშ კანდელაკმა, მოსწავლეთა 2012 წლის ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა გიორგი მანჯავიძემ.

სამი წლის წინათ მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა ესკერხან მადიევმა და მისმა მშობლებმა, რომლებიც ჩეჩნეთიდან გადმოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად. ტურნირზე საუკეთესო ტექნიკური მოკრივის პრიზი რომ ყოფილიყო დაწესებული, უპირველესი კანდიდატი, ალბათ, მადიევი იქნებოდა.

ახალქალაქში გამართული პირველობის შედეგებით დაკომპლექტდება ქვეყნის 15-16-წლიანთა ნაკრები, რომელიც 10-14 მაისს ბაქოს საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს.

კვარცხლბეკი
46 კგ. 1. გიორგი ჩარგაზია (ფოთი), 2. ვაჟა წიქარაშვილი (თელავი), 3. გურამ ცხადაძე (ქუთაისი), ნოდარ დარბაიძე (ჭიათურა).
48 კგ. 1. გიორგი მანჯავიძე (ფოთი), 2. ხაჩატურ ჩნავანიანი (ახალქალაქი), 3. ონისე სოსელია (ქუთაისი), მლპერ მელტონიანი (ახალქალაქი).
50 კგ. 1. მიხეილ გაბინაშვილი (გორი), 2. დავით ჯეირანაშვილი (თელავი), 3. თორნიკე არბოლიშვილი (ერედვი), გაგიკ პოზოიანი (ახალქალაქი).
52 კგ. 1. ვალერი ბოტკოველი (ჭიათურა), 2. უჩა მაისურაძე (რუსთავი), 3. ბექა ლაზარაშვილი (გორი), გიორგი მარქარიანი (ბათუმი).
54 კგ. 1. ჯოტო თაგოშვილი (ერედვი), 2. ნიკა ხოშტარია (ფოთი), 3. ილია ქაჯაია (თბილისი), ხაჩიკ ჩნავანიანი (ახალქალაქი).
57 კგ. 1. ესკერხან მადიევი (თბილისი), 2. გოჩა გურული (ქუთაისი), 3. აკაკი კაკრიაშვილი (გარდაბანი), სოსო მღებრიშვილი (საგარეჯო).
60 კგ. 1 თარაშ კანდელაკი, 2. გიორგი დოლიაშვილი (ორივე - გორი), 3. თორნიკე ჯელაძე (ქუთაისი), ბონდო რაზმაძე (თბილისი).
63 კგ. 1. სტეფანე მხითარიანი (თბილისი), 2. ერეკლე აბაშიშვილი (ქარელი), 3. ქიზვარ შუშტატაშვილი (რუსთავი), ჯუმბერ გულორდავა (თბილისი).
66 კგ. 1. გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი), 2. ჟორა სეროპიანი (მარნეული), 3. რატი ფარქოსაძე (საჩხერე), ნოდარ აბულიძე (თელავი).
70 კგ. 1. ბექა ვახანია, 2. ილია პირველი (ორივე - თბილისი), 3. ლაშა კაბულაშვილი (გორი), ლადო კვანჭიანი (მესტია).
75 კგ. 1. რატი ტლაშაძე (გორი), 2. სამველ ხაჩატურიანი (ახალქალაქი), 3. ირაკლი მაჭარაშვილი (საჩხერე).
80 კგ. 1. იაგო გედენიძე (თბილისი), 2. ნიკოლოზ ბეგაძე (რუსთავი), 3. ბექა ადუაშვილი (გორი), გიორგი ხაჩიძე (ბათუმი).
+80 კგ. 1. გიორგი ზურაბიანი (გარდაბანი), 2. გიორგი კვანჭიანი (მესტია), 3. ვაჟა ხელაია (ფოთი), არჩილ ბეციაშვილი (გურჯაანი).

ლევან ყიფიანი:
"ჭაბუკ მოკრივეთა საქართველოს პირველობის ჩატარებამ ახალქალაქში, რომელიც სპორტული თვალსაზრისით კარგა ხანს მივიწყებული იყო, აქაურობა გამოაცოცხლა. სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნეს, ტურნირის მსვლელობისას დამეგობრებაც მოასწრეს.

რაც მთავარია, რინგზე ბევრი ნიჭიერი, იმედისმომცემი მოკრივე ვიხილეთ. ეს კი ქართული სპორტის მომავალია. ერევნიდან სომხეთის ჭაბუკთა ნაკრებიც გვეწვია, რომელიც ჩვენებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს".


ნაირ ირიციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
"საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ახალქალაქში პირველი სტუმრობისას ახალ რინგს დაგვპირდა. კრივი ჩვენთან სპორტის პრიორიტეტული სახეობაა, მაგრამ მწირი ინვენტარით მოზარდების სათანადოდ მომზადებას ვერ ვახერხებდით. და აი, ბატონმა ლევანმა პირობა შეასრულა და ჩვენც საქართველოს პირველობას ვუმასპინძლეთ. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის სამინისტროსთან ერთად ახალქალაქში უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ჩატარებას შევძლებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული