ჩემპიონი თითქმის დააბრმავეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე მთავარი საკრივო საღამო მოსკოვში გაიმართა, სადაც ძირითად ბრძოლაში რუსი დენის ლებედევი პირველ მძიმე წონაში WBA-ს ტიტულს იცავდა პანამელი გილერმო ჯონსის წინააღმდეგ.

ორივე მოკრივემ აქტიურად დაიწყო ბრძოლა და პრაქტიკულად, ყოველგვარი დაზვერვის გარეშე "დააყარეს" ერთმანეთს მუშტები საშუალო და შორი დისტანციიდან. უკვე პირველ რაუნდში მასპინძელმა მარჯვენა თვალის არეში ჭრილობა და ჰემატომა მიიღო. დაზიანება ყოველი რაუნდის შემდეგ მძიმდებოდა და ლებედევი მარჯვენა თვალიდან, პრაქტიკულად, ვეღარ ხედავდა. მიუხედავად ამისა, რუსი აქტიურობდა და დარტყმების რაოდენობით აღემატებოდა კიდეც მეტოქეს.

მაგრამ ჯონსისთვის მოწინააღმდეგის აქტიურობა პრობლემა არ ყოფილა
- პანამელი ჯიუტად მიყვებოდა თავის ტაქტიკას, წინ მიდიოდა და იშვიათ, მაგრამ ძლიერ დარტყმებს ასრულებდა. ბრძოლის ბოლოს ჰემატომამ მთლიანად დაუფარა ლებედევს მარჯვენა თვალი. მე-11 რაუნდში ჯონსმა მეტოქის ნოკდაუნში გაგზავნა შეძლო. რუსი წამოდგა, მაგრამ რეფერიმ არ მისცა ბრძოლის გაგრძელების უფლება.

* * *
ლებედევისა და ჯონსის ბრძოლის წინ მოსკოვის რინგზე სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გაიმართა შეხვედრა. WBA-ს "რეგულარული" ჩემპიონი ალექსანდრ პოვეტკინი პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ პოლონელს, ანდჯეი ვავჟიკს ხვდებოდა.

მშვიდი პირველი რაუნდის შემდეგ პოვეტკინმა საქმეში ჩართო მარჯვენა დარტყმა, რამაც ვავჟიკი ნოკდაუნში ჩააგდო. პოლონელმა შეძლო წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ინიციატივას პოვეტკინი ფლობდა, რომელმაც მომდევნო რაუნდში კიდევ ერთხელ დააწვინა რინგზე მოწინააღმდეგე. ბრძოლა მასპინძლის შეტევებით გაგრძელდა და მალე რეფერი იძულებული გახდა, შეხვედრა შეეჩერებინა და პოვეტკინის ტექნიკური გამარჯვება დაეფიქსირებინა.

* * *
რამდენიმე ბრძოლა ჩატარდა ოკეანის გაღმა. ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ატლანტიკ-სიტიში პირველ ნახევრად საშუალო წონაში მსოფლიოს დროებითმა ჩემპიონმა, 30 წლის არგენტინელმა ლუკას მატისემ მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ამავე წონაში IBF-ის ჩემპიონი, 29 წლის ამერიკელი ლამონტ პიტერსონი.

პირველი რაუნდი ფრთხილ ბრძოლაში წარიმართა, მეორეში კი მატისემ მარცხნიდან დარტყმით პირველად გაუშვა მეტოქე ნოკდაუნში. მესამე რაუნდში ასეთი რამ კიდევ ორჯერ განმეორდა, რის შემდეგაც რეფერიმ ბრძოლის გაგრძელება უაზრობად ჩათვალა.

აღსანიშნავია, ამ ბრძოლაში არანაირი ტიტული არ თამაშდებოდა და შესაბამისად, პიტერსონმა, წაგების მიუხედავად, შეინარჩუნა IBF-ის ტიტული.

* * *
დაბოლოს, მექსიკის ქალაქ კანკუნში სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 41 წლის ამერიკელმა შეინ მოზლიმ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაამარცხა 23 წლის მექსიკელი პაბლო სეზარ კანო. სამივე მსაჯმა ერთნაირი ანგარიში დააფიქსირა - 115:113.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო მოზლის პირველი მოგება 2009 წლის შემდეგ, როცა ამერიკელმა ანტონიო მარგარიტო დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვენესუელელი მოდელი კრივში ჩემპიონი გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული