მარკო ჰუკი: 11-გზის ჩემპიონი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართულ მთავარ ბრძოლაში მარკო ჰუკმა მეთერთმეტედ დაიცვა WBO-ს საჩემპიონო ტიტული პირველ მძიმე წონაში. გერმანელი მოკრივე მესამედ ხვდებოდა ბრიტანელ ოლა აფოლაბის. ჰუკმა მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა მეტოქეს - 114:114, 115:113, 117:111.

მარკო ჰუკი სინამდვილეში მუამერ ჰუკიჩია. ის სერბეთშია დაბადებული, გერმანიის მოქალაქეობა 2009 წელს მიიღო და იმ მომენტიდან მისი კარიერა მხოლოდ მწვერვალისკენ მიდიოდა. 2009 წლის აგვისტოში მან არგენტინელი ვიქტორ ემილიო რამირესი დაამარცხა და სწორედ მაშინ მოიგო WBO-ს ტიტული პირველ მძიმე წონაში. მას შემდეგ ჰუკმა ათჯერ დაიცვა საჩემპიონო ქამარი, მათ შორის, ერთხელ
ცნობილ რუსთან, დენის ლებედევთან ბრძოლაში.

ამ სერიაში შედის აფოლაბიზე ერთი მოგება და ერთი ფრე, რის გამოც დაინიშნა მესამე შეხვედრა. ის შაბათს ბერლინში, მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში გაიმართა. თავიდანვე გამოჩნდა, რომ ბრიტანელი წინა შეხვედრებზე ცუდად იყო მომზადებული. საწყის რაუნდებში აფოლაბი მხოლოდ მეტოქის შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული და თავად იშვიათად მიდიოდა წინ. ბრიტანელი მხოლოდ მესამე რაუნდში გააქტიურდა, ზუსტად მოქმედებდა და ეს სამწუთეული აშკარად მისი გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა ამან ოლას საბოლოო ინიციატივა ვერ მოუტანა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰუკი "ბინძურ" ილეთებსაც იყენებდა, მაგალითად, კეფაში ურტყამდა ბრიტანელს და ეს აშკარად თვალშისაცემი იყო.

ბოლო რაუნდებში აფოლაბიმ სცადა ტემპის გაზრდა და მიზანში მეტოქის ტანი ამოიღო. ჩანდა, რომ ორივე მოკრივე დაღლილი იყო, სიზუსტე კი უკეთესი ბრიტანელს ჰქონდა, მაგრამ მას მაინც ცოტა დააკლდა ნანატრი პირველი ტიტულის მოპოვებამდე.

* * *
შაბათს კიდევ ორი საინტერესო ბრძოლა გაიმართა. კანადის ქალაქ მონრეალში ჰაიტური წარმოშობის კანადელმა ადონის სტივენსმა WBC-ის ტიტული დაიცვა ნახევრად მძიმე წონაში. მან პირველი რაუნდის მეორე წუთზე ნოკაუტში გაგზავნა ჩედ დოუსონი. ამ უკანასკნელმა ათ თვლამდე მოახერხა წამოდგომა, მაგრამ რინგზე ბარბაცებდა და ვერ შეძლო ბრძოლის გაგრძელება.

ადონის სტივენსონმა გამარჯვება ლეგენდარული მწვრთნელის, ემანუელ სტიუარდის ხსოვნას მიუძღვნა.

და კიდევ, იმავე მონრეალში 31 წლის კუბელმა იურიორკის გამბოამ WBA-ს დროებითი ჩემპიონობა მოიპოვა მჩატე წონაში. მან მსაჯების გადაწყვეტილებით (116:111, 116:111, 115:112), 29 წლის კოლუმბიელ დარლი პერესს აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული