ვლადიმერ კლიჩკომ ჰოლმსს გაუსწრო

AutoSharing Option
უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო მეორე ადგილზე გავიდა იმ მოკრივეებს შორის, რომლებიც ყველაზე დიდხანს ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს სუპერმძიმე წონაში. ორი დღის წინ, უმცროსმა კლიჩკომ მეორე ადგილი წაართვა ამერიკელ ლარი ჰოლმსს, რომელიც საჩემპიონო ქამარს შვიდი წელი, სამი თვე და 12 დღე ფლობდა. ეს ინფორმაცია ძმები კლიჩკოების "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

საჩემპიონო ტიტულის ფლობის მხრივ, რეკორდსმენობას ინარჩუნებს ამერიკელი ჯო ლუისი. ის სუპერმძიმე წონაში უძლიერესი მოკრივე 1937-49 წლებში იყო - 11 წელი, რვა თვე და რვა დღე.

დღეისთვის, ვლადიმერ კლიჩკო სამი ვერსიით არის მსოფლიოს ჩემპიონი.
ყველაზე ადრე მან IBF-ის (მსოფლიოს საკრივო ფედერაცია) საჩემპიონო ქამარი მოიპოვა - 2006 წლის 22 აპრილს, როცა ამერიკელი კრის ბერდი დაამარცხა. მას შემდეგ, უკრაინელმა 14-ჯერ დაიცვა ტიტული და პარალელურად, საუკეთესო გახდა WBO-სა (მსოფლიოს საკრივო ორგანიზაცია) და WBA-ის (მსოფლიოს საკრივო ასოციაცია) ვერსიებით.

თავის მომდევნო ბრძოლას უმცროსი კლიჩკო 2013 წლის 5 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე იქნება რუსი ალექსანდრ პოვეტკინი.

ლარი ჰოლმსი 1978-83 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი იყო WBC-ის (მსოფლიოს საკრივო საბჭო) ვერსიით, 1984-85 წლებში კი IBF-ის ტიტულს ფლობდა. ჰოლმსმა 20-ჯერ წარმატებით დაიცვა საჩემპიონო ქამარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალე დიდი კრივის თარიღი დასახელდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული