ამერიკული კრივის ლეგენდა გარდაიცვალა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნახევრადსაშუალო და საშუალო წონაში, კრივის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი ემილ გრიფიტი. ის 1958-77 წლებში გამოდიოდა პროფესიულ კრივში და ჯამში 112 შეხვედრა ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში გრიფიტმა 22 სატიტულო ბრძოლა ჩაატარა. მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მძიმე მომენტი იყო სამმატჩიანი დაპირისპირება კუბელ ბენი კიდ პარეტთან. პირველ ბრძოლაში გრიფიტმა ნოკაუტით გაიმარჯვა, მეორეში პარეტმა მსაჯების გადაწყვეტილებით რევანში აიღო.

1962 წლის მარტში, მესამე ბრძოლის მე-12 რაუნდში გრიფიტმა მძიმე დარტყმების
სერია განახორციელა და კუბელი ნოკაუტში ჩავარდა ისე, რომ რინგზე არ დაცემულა. რეფერიმ დროულად ვერ აღიქვა მომხდარი და ძალიან გვიან ჩაერია საქმეში. პარეტი კომაში ჩავარდა და 10 დღის შემდეგ, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. "ხალხი ქუჩაში მაფურთხებდა, - ყვებოდა გრიფიტი. -

სასტუმროში ვიყავი და ყოველ ჯერზე, როცა კარზე ვიღაც აკაკუნებდა, სხვა ოთახში გავრბოდი. შეშინებული ვიყავი. ამის შემდეგ, უკვე სულ სხვა მებრძოლი გავხდი. რინგზე უბრალოდ იმდენს ვაკეთებდი, რამდენიც მოგებისთვის იყო საჭირო. მუდმივად მხოლოდ ჯებით ვმუშაობდი. არავისთვის მინდოდა ზიანის მიყენება. კრივს საერთოდ მივატოვებდი, მაგრამ არ ვიცოდი სხვა საქმის კეთება ჩხუბის გარდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული