დევიდ ჰეი რეიტინგის მიღმა

AutoSharing Option
ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსანი დევიდ ჰეი გააძევეს მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) რეიტინგიდან. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი პირველ ადგილს იკავებდა წინა კლასიფიკაციაში, მაგრამ დატოვა ის 15-თვიანი პაუზის გამო - ბოლო ბრძოლა ბრიტანელმა 2012 წლის აგვისტოში ჩაატარა. რეიტინგის ახალი ვერსია WBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამ ასოციაციის ვერსიით, "სუპერჩემპიონი" გახლავთ უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო. ამასთან, ჩემპიონის "ჩვეულებრივი" ტიტული ვაკანტურია მას შემდეგ, რაც კლიჩკომ რუსი ალექსანდრ პოვეტკინი დაამარცხა.

ჰეის რეიტინგიდან გაძევების შემდეგ პირველი ადგილი კლასიფიკაციაში ვაკანტური გახდა. მეორე პოზიცია უკავია კუბელ ლუის ორტისს, მესამე - ამერიკელ კრის არეოლას.
პოვეტკინი მეოთხე ადგილზეა.

ჰეი მსოფლიოს ჩემპიონი იყო WBA-ს ვერსიით 2009-11 წლებში. 2011 წელს მან დაკარგა ტიტული, როცა წააგო საჩემპიონო შეხვედრა კლიჩკოსთან. თავის მომდევნო ბრძოლას ჰეი 2014 წლის 8 თებერვალს გამართავს თანამემამულე ტაისონ ფიურის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ასევე არ შედის WBA-ს რეიტინგში.

რინგის მორიგი მსხვერპლი
მექსიკელი მოკრივე ფრანსისკო ლეალი თანამემამულე რაულ ირალესთან ბრძოლიდან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა, - იუწყება ESPN-ი.

ბრძოლის მსვლელობისას 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე 26 წლის ლეალმა თავის არეში რამდენიმე მძიმე დარტყმა გაატარა. მეექვსე და მერვე რაუნდებში მექსიკელი რინგზე დავარდა და მსაჯმა წამების ათვლა დაიწყო, მაგრამ მოკრივე ახერხებდა წამოდგომას. მეათე რაუნდში ლეალმა ადგომა ვეღარ შეძლო და რეფერიმ მექსიკელის ნოკაუტით დამარცხება დააფიქსირა.

ბრძოლის შემდეგ ლეალი კომაში ჩავარდა და მექსიკის ქალაქ კაბო-სან-ლუკასში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მოკრივე ამერიკის ქალაქ სან დიეგოს კლინიკაში დააწვინეს ისე, რომ გონს არ მოსულა და იქ გარდაიცვალა.

სხვათა შორის, 2012 წელს ლეალი რინგზე რუს ევგენი გრადოვიჩს შეხვდა. ბრძოლის შემდეგ, რომელიც რუსის სასარგებლოდ დასრულდა, მექსიკელი ასევე საავადმყოფოში მოხვდა. აღდგენის შემდეგ ლეალმა კიდევ ხუთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

სულ მექსიკელმა პროფესიულ რინგზე 31 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 20 (13 - ნოკაუტით), რვაჯერ დამარცხდა და სამი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

ყოფილი ჩემპიონი კოკაინს ასაღებდა
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ჰერბი ჰაიდმა დამნაშავედ სცნო თავი ნარკოტიკების გავრცელებაში. ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს, ქალაქ ნორვიჩში გაიმართა.

სხდომის დროს მოსამართლე მარკ ლეკრაფტმა 41 წლის ბრიტანელს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდება მოუხსნა, მაგრამ დატოვა გავრცელების ბრალდება. ჰაიდს განაჩენს 29 ნოემბერს გამოუტანენ. მანამდე კი მოკრივე ვალდებული იქნება, ატაროს ელექტროსამაჯური და დაიცვას კომენდანტის საათი. ჰაიდმა ღამე მხოლოდ საკუთარ სახლში უნდა გაათიოს. მოსამართლის თქმით, მოკრივეს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ჰაიდთან დაკავშირებით გამოძიება 2013 წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ამ თემაზე სტატია დაიბეჭდა გაზეთ "სანში". იანვარში ყოფილმა ჩემპიონმა კოკაინის მიყიდვა სცადა გამოცემის ჟურნალისტისთვის, რომელმაც თავი ბიზნესმენად გაასაღა. ამის შემდეგ ჰაიდი დააპატიმრეს, მაგრამ მალე თავდებით გაანთავისუფლეს.

ჰერბი ჰაიდი 2010 წლის შემდეგ არ გასულა რინგზე. სულ მას პროფესიონალებში 53 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც მოიგო 49 (43 - ნოკაუტით) და ოთხი წააგო. 1999 წელს ბრიტანელი დამარცხდა ვიტალი კლიჩკოსთან, რითაც დათმო ჩემპიონის ტიტული WBO-ს ვერსიით.

კლიჩკოებმა გერმანელობა უარყვეს
უკრაინელმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისმა უმცროსმა ძმამ - ვლადიმერმა გერმანიის მოქალაქეობა მიიღო იმ მიზნით, რომ ეს ქვეყანა წარმოადგინოს 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის საკრივო ტურნირზე.

"გაკვირვებულმა წავიკითხე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ჩემმა ძმამ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო, - ამბობს უფროსი კლიჩკო. - ეს სრული სისულელეა, რომელიც, პირველ რიგში, ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული. ამ ჭორის გამავრცელებელ ყველა პროვოკატორს მინდა ვუთხრა: "ვერ ეღირსებით!"

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კლიჩკომ მართლაც მოისურვა 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა, მაგრამ არსებული წესების თანახმად, ამის უფლება ვერ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული