ვიტალი კლიჩკოს ვადა დაუთქვეს

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) დაავალდებულა სუპერმძიმე წონაში ამ ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო, რომ მან თავისი საკრივო კარიერის შესახებ გადაწყვეტილება 2013 წლის 30 ნოემბრამდე მიიღოს. კერძოდ, უფროსმა კლიჩკომ უნდა შეატყობინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობას - აპირებს თუ არა ტიტულის დაცვას. თუ ვიტალი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მისი საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდება.

ეს გადაწყვეტილება WBC-ის ყოველწლიურ ყრილობაზე გაახმოვანეს, რომელიც ბანგკოკში გაიმართა. ვარაუდობდნენ, რომ ამ ყრილობაზე კლიჩკო თავისი ახალი ბრძოლის თარიღს გამოაცხადებდა ან მისი ტიტული ვაკანტურად გამოცხადდებოდა, მაგრამ უკრაინელმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და მისი
თხოვნა დააკმაყოფილეს.

როგორც Fightnews-ი აღნიშნავს, უფროსი კლიჩკო 30 ნოემბრამდე ოფიციალურად გამოაცხადებს კარიერის გაგრძელების შესახებ. ვარაუდობენ, რომ ის თავის მომდევნო ბრძოლას 2014 წლის გაზაფხულზე 35 წლის კანადელის, ბერმეინ სტივერნის წინააღმდეგ ჩაატარებს. სწორედ ის გახლავთ სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულის აუცილებელი პრეტენდენტი.

ვიტალი კლიჩკო უკვე 14 თვეა არ გასულა რინგზე. თავისი ბოლო ბრძოლა მან 2012 წლის სექტემბერში, მოსკოვში ჩაატარა, როცა ნოკაუტით დაამარცხა გერმანელი მანუელ ჩარი.

მაჩეტეთი დაჭრილი მეგობარი
კუბელი მოკრივე ინოსენტე ფისი, რომელიც 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის, მაჩეტეთი დაესხა თავს თანამემამულე მოკრივეს, პედრო როდრიგესს (90.7 კილოგრამი). ჩხუბის დროს მიღებული ჭრილობებით როდრიგესი საავადმყოფოში მოხვდა.

ინციდენტი 3 ნოემბერს მოხდა, მაგრამ პრესაში მის შესახებ მხოლოდ ახლა დაიწერა. კომპანია Dream Team Boxing-ის (ის ორივე მოკრივის საქმეებით არის დაკავებული) პრეზიდენტის, კარლოს როდრიგესის თქმით, მოკრივეები მეგობრობდნენ და ერთ ბინაში ცხოვრობდნენ, მაგრამ სერიოზულად იჩხუბეს. სწორედ ამ დროს ფისმა მაჩეტეს დასტაცა ხელი, პედრო როდრიგესს მოუღერა და ის მარჯვენა ხელის არეში რამდენიმე ადგილას დაჭრა. როდრიგესს ოპერაციის გადატანა მოუწია.

დაზარალებულმა მოკრივემ თავის პრომოუტერს შემდეგი მოუყვა: ფისი შინ მთვრალი დაბრუნდა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ როდრიგესმა საჭმელი არ დაახვედრა. საბოლოოდ, კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ფისმა როდრიგესის ბრალდება უარყო, მაგრამ თავად არ წარმოუდგენია მომხდარის მისეული ვერსია.

33 წლის ფისი წარმატებით გამოდიოდა სამოყვარულო რინგზე, კერძოდ, ბრინჯაოს მედალი მოიგო მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატზე. 2010 წელს ის რამდენიმე კუბელ მოკრივესთან ერთად აშშ-ში გაიქცა და მაიამიში დასახლდა. პროფესიულ რინგზე მან 16 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (10 - ნოკაუტით).

27 წლის როდრიგესმაც პროფესიულ კარიერაში 16 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 15 მოიგო და ერთხელ დამარცხდა - რუს მაგომედ აბდუსალამოვთან, რომელიც ამჟამად კომაშია და სიკვდილს ებრძვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკოს მარტამდე ვერ ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული