ფლოიდ მეივეზერმა წასვლა დაგეგმა

AutoSharing Option
მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ უკვე იცის კარიერაში თავისი ბოლო ბრძოლის თარიღი. ამის შესახებ ამერიკელმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში, საზეიმო გალა-საღამოს დროს გამოაცხადა.

მეივეზერმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ საჩემპიონო კარიერის დასრულებამდე კიდევ ოთხი ბრძოლის ჩატარებას აპირებს და მათგან ბოლო გაიმართება მომავალი წლის სექტემბერში. სწორედ ამ დროს აქვს დაგეგმილი პროფესიული რინგის მიტოვება ფლოიდს.

ჯერჯერობით მეივეზერმა ბოლო ბრძოლა 2013 წლის სექტემბერში ჩაატარა, როცა ქულებით აჯობა მექსიკელ საულ ალვარესს. მომდევნო ბრძოლა მას ამა წლის მაისისთვის აქვს დანიშნული,
მაგრამ მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის. 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორმა პროფესიულ რინგზე 45 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო, მათ შორის, 26 - ნოკაუტით.

* * *
საინტერესოა, რომ ამ დღეებში ფლოიდ მეივეზერმა სერიოზული გაფრთხილება მიიღო მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონისგან, ლეგენდარული ლარი ჰოლმსისგან. ეს უკანასკნელი აფრთხილებს ფლოიდს, რომ ის დაკარგავს რინგზე გამომუშავებულ მილიონებს. ჰოლმსის აზრით, მეივეზერი ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ფუფუნების საგნებზე.

ჰოლმსი აქტიური კარიერის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოკრივე იყო, მაგრამ ქონება გაფლანგა და გაკოტრდა. ლარი ბევრ საერთოს ხედავს საკუთარ თავსა და მეივეზერს შორის. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ამბობს, რომ ადრე მას ხუთი "როლს-როისი" ჰყავდა, სულ კი მის ავტოფარეხში 27 ავტომობილისთვისა და ერთი ავტობუსისთვის მოინახა ადგილი. ჰოლმსის თქმით, სინამდვილეში, მას ეს ყველაფერი არ სჭირდებოდა.

ჰოლმსის კარიერის ზენიტი გასული საუკუნის 80-იან წლებზე მოდის, როცა ის ფლობდა WBC-ისა და IBF-ის საჩემპიონო ქამრებს. სულ კარიერაში მან 75 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 69 (44 - ნოკაუტით) და ექვსჯერ დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული