კასიუს კლეის ბოლო ბრძოლა

AutoSharing Option
დაახლოებით ერთი კვირის წინ უცნობმა ადამიანმა 836 ათასი დოლარი გადაიხადა ძველ საკრივო ხელთათმანებში. ბევრისთვის გაუგებარია ასეთი გიჟური თანხის გადახდა მოულოდნელ ნივთებში, მაგრამ ამ ხელთათმანისთვის ფული დასანანი არ უნდა იყოს. 50 წლის წინ, 1964 წლის 25 თებერვალს, კასიუს კლეიმ (შემდეგში მოჰამედ ალი) ამ ხელთათმანებით მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული.

ალი - იმ სპორტსმენებიდანაა, რომლის შესახებ არა მარტო ყველას გაუგია, არამედ მიაჩნია, რომ ბევრი რამ იცის მასზე. ვიეტნამის ომში წასვლაზე უარი, პარკინსონის დაავადება, ფილმი "ალი" უილ სმიტით მთავარ როლში... ამ სამი ამბიდან
მინიმუმ ორი ნებისმიერმა ადამიანმა იცის, მაგრამ ალის ცხოვრებაში სხვა საინტერესო ეპიზოდებიც ყოფილა და მათ შორის, ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს პირველი საჩემპიონო ბრძოლა სონი ლისტონის წინააღმდეგ.

ჟურნალმა Sports Illustrated-მა ეს ბრძოლა მეოთხე ადგილზე დააყენა XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების რეიტინგში. საინტერესო იყო ყველაფერი: თავად ბრძოლა, ის, რაც ხდებოდა შეხვედრის წინ და, რა თქმა უნდა, მოკრივეები, რომლებიც რინგზე გავიდნენ.

ბანდიტი რინგზე
დღეს სონი ლისტონს, ძირითადად, ასე იხსენებენ - ადამიანი, რომელიც ორჯერ დამარცხდა კასიუს კლეისთან. ამ ორ წაგებამდე კი სონის არა უბრალოდ დაუმარცხებელ მოკრივეს უწოდებდნენ, არამედ ეს იყო მებრძოლი, რომელიც იქამდე გაანადგურებდა თავის მეტოქეებს, სანამ ეს საქმე არ მობეზრდებოდა ან არ დაბერდებოდა.

სხვათა შორის, ლისტონის დაბერების საკითხი დიდი ხანი აქტიურად განიხილებოდა პრესაში: მისი დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. კლეისთან ბრძოლის დღეს მისი ოფიციალური ასაკი 32 წელი იყო, მაგრამ ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ სონი 40 წელს იყო მიტანებული.

შესანიშნავი საკრივო თვისებების (ძალა, აგრესია, მომაკვდინებელი დარტყმა ორივე ხელით, იმ დროისთვის იშვიათი ჯები) გარდა, ლისტონს კიდევ ერთი იარაღი გააჩნდა. მასში იმდენი ბოროტება და ხიფათი იმალებოდა, რომ ყველაზე თამამი მოწინააღმდეგეებიც კი შეშინებულნი ადიოდნენ რინგზე და დაწყებამდე აგებდნენ ბრძოლას. დაახლოებით ასეთი "სიმპათიით" იყო განმსჭვალული სონი მათ მიმართ, ვისთანაც რინგის მიღმა ჰქონდა შეხება.

ლისტონმა კრივი ციხეში ისწავლა, სადაც შეიარაღებული ძარცვის გამო მოხვდა. მისი კონტრაქტის მფლობელი იყო განგსტერი ფრენკი კარბო ლუკეზების ოჯახიდან. ის კრივში მაფიის ინტერესებს წარმოადგენდა. მაშინ არავისთვის იყო საიდუმლო ლისტონის თანამშრომლობა კრივის მაფიასთან.

მოკლედ, რინგზე ლისტონის ყველას ეშინოდა, ხოლო მათთვის, ვისთვისაც შიში უცხო იყო, სონი მაინც გადაულახავ ბარიერად რჩებოდა. 1962 წელს ის ორ წუთსა და ექვს წამში გაუსწორდა ბრწყინვალე მოკრივეს, ფლოიდ პატერსონს და წაართვა მას მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 1993 წელს ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად ფლოიდმა უფრო დიდხანს გაძლო რინგზე - მთელი ოთხი წამით და ორ წუთსა და ათ წამში წააგო.

შეუძლებელი იყო, ლისტონი აშშ-ის საუკეთესო მოკრივედ არ ეღიარებინათ, მაგრამ ის გასაგები მიზეზების გამო არ უყვარდათ. ამერიკელთა დიდი ნაწილი ელოდა - როდის წააგებდა სონი, მაგრამ რთული იყო ისეთი რამის წარმოდგენა, რომ მასზე ძლიერი მოკრივე მოინახებოდა. მაგრამ ის გამოჩნდა.

ბუნტისთავი
რომში 1960 წლის ოლიმპიადაზე 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ კასიუს კლეის თავისუფლად შეეძლო, "კარგი ბიჭის" იმიჯი შეექმნა. როცა უნდოდა, ის იყო სიმპათიური და ზრდილობიანი ახალგაზრდა მამაკაცი მომხიბვლელი ღიმილით და დაწყობილი ტექსტებით, მაგრამ კასიუსს არ უნდოდა კარგი ყოფილიყო და გახდა არა ცუდი, არამედ ძალიან ცუდი ბიჭი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა თავის მეტოქეებს, ჟურნალისტებსა და ყველას, ვინც წინ ხვდებოდა.

ლისტონთან ბრძოლაზე კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მან ავტობუსი დაიქირავა, ის დაამშვენა წარწერით: Liston Must Go In Eight ("ლისტონი მერვე რაუნდში უნდა დაეცეს") და ღამის სამ საათზე სონის სახლთან მივიდა. მან არა მხოლოდ მომავალი მეტოქე, არამედ მთელი უბანი გააღვიძა.

ასეთ სტილში აგრძელებდა კლეი მომდევნო რამდენიმე კვირა. ლისტონის მეტსახელი - Big Bear ("დიდი დათვი") გადააკეთა და Big Ugly Bear ("დიდი მახინჯი დათვი") უწოდა. ჰპირდებოდა ხალხს, რომ ბრძოლის შემდეგ სონის ზოოპარკში ჩააბარებდა...

კლეიმ წერტილი დასვა აწონვის ოფიციალურ ცერემონიაზე. ის ისტერიკულად ყვიროდა, რომ ლისტონს შანსი არ ჰქონდა და მას მერვე რაუნდში მოუღებდა ბოლოს. გამოსვლა ასეთი სიტყვებით დაასრულა: "სავარაუდოა, რომ დღეს რინგზე ვიღაც ტყვიით მოკვდება". ფლორიდის შტატის საკრივო კომისიამ (ბრძოლა მაიამი-ბიჩზე გაიმართა) იქვე დააჯარიმა კასიუსი 2500 დოლარით, ექიმმა კი დაუფიქსირა პულსი - 120 დარტყმა წუთში.

ტყვია შემთხვევით არ უხსენებია. ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე ცნობილი გახდა კლეის კავშირზე "ისლამის ერთან" - ამერიკელი შავკანიანების ორგანიზაციასთან, რომელიც თეთრკანიანებს "სატანებს" უწოდებდა და მათ შესაბამისად ეპყრობოდა. გარკვეული პერიოდი კლეისა და ლისტონის ბრძოლის ჩატარება ეჭვქვეშ იდგა. კომპრომისს მხოლოდ მაშინ მიაღწიეს, როცა მაიამი-ბიჩი დატოვა "ისლამის ერის" ერთ-ერთმა ლიდერმა მალკოლმ X-მა.

კლეის გიჟურ გამოხდომებს ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა ერთი ახსნა მოუძებნეს - შიში. ბრძოლისწინა პროგნოზებისას, რეპორტიორები ძირითადად იმაზე ბჭობდნენ - რამდენ რაუნდს გაძლებდა კასიუსი: ერთს, ორს თუ სამს? ყველაზე ორიგინალურები კი ამბობდნენ, რომ პრეტენდენტი გონებას ჯერ კიდევ გასახდელში დაკარგავდა. ერთ-ერთმა რადიოსადგურმა ბრძოლის წინ გამოაცხადა, რომ კლეიმ მაიამი-ბიჩი დატოვა.

რაუნდები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო
როცა ბრძოლის წინ მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, ბევრისთვის აღმოჩენა გახდა ის, რომ კლეი ექვსი სანტიმეტრით მაღალი იყო ლისტონზე. კასიუსმა გაამძაფრა ეს შთაბეჭდილება, როცა ფეხის წვერებზე აიწია.

ლისტონმა თავიდანვე სცადა პრეტენდენტის განადგურება, მაგრამ ეს უკანასკნელი სწრაფი და მოქნილი აღმოჩნდა. სონი რაც უფრო მეტ დარტყმას აცილებდა მიზანს, მით უფრო დამაჯერებლად გრძნობდა თავს კასიუსი. რაუნდის ბოლოს კლეიმ მძლავრი კომბინაცია შეასრულა და დარბაზი "აფეთქდა". ისეთი ხმაური იყო, რომ რეფერმა ბარნი ფელიქსმა გონგის ხმა ვერ გაიგონა და რაუნდი 20 წამით გვიან დასრულდა. ლისტონმა მხოლოდ ერთხელ მოარტყა მეტოქეს კორპუსში.

მეორე რაუნდი დასამახსოვრებელი იყო ლისტონის შეტევით, როცა მისმა მარცხენა დარტყმამ მიაღწია მიზანს. მაგრამ ამ რაუნდშიც მას სამიდან ორმა მსაჯმა მისცა გამარჯვება, მესამემ კი ფრე დაწერა. მესამე რაუნდში ბრძოლა კლეის კონტროლით წარიმართა. ლისტონს სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული მარჯვენა თვალი, მარცხნივ კი წარბი გაუსკდა და ექიმებს რვა ნაკერის დადება მოუწიათ. კასიუსის ერთ-ერთი შეტევის შემდეგ სონის მუხლები მოეკვეთა. მან წონასწორობა შეინარჩუნა, მაგრამ მიხვდა, ყველაფერი საითკენაც მიდიოდა.

მეოთხე რაუნდში პრეტენდენტი ბევრს მანევრირებდა და არ ცდილობდა უპირატესობის განვრცობას, შემდეგ კი რინგზე უცნაური ამბები დაიწყო. კლეიმ თვალების სრესვა დაიწყო და შესვენებაზე კინაღამ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. "მომხსენი ხელთათმანები!" - დაუყვირა თავის მწვრთნელს, ანჯელო დანდის. "გადი რინგზე და გაექეცი ლისტონს!" - უპასუხა დანდიმ და აიძულა კასიუსი, რინგზე დაბრუნებულიყო.

როგორც შემდეგ აღიარა, მეხუთე რაუნდში კლეი მხოლოდ ლისტონის სილუეტს ხედავდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, გაეძლო ამ ერთ რაუნდში.

ალბათ, ვეღარასოდეს გავიგებთ - რა დაემართა თვალებზე კლეის. ერთი ვერსიით, ნივთიერება, რომლითაც ლისტონს ჭრილობას უმუშავებდნენ, კასიუსს ერთ-ერთი კონტაქტის დროს თვალში მოხვდა. მეორე ვერსიით, ჩემპიონის სეკუნდანტებმა სპეციალურად წაუსვეს ეს ნივთიერება მის ხელთათმანებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, მეექვსე რაუნდის დასაწყისში, კლეის სეკუნდანტებმა საკუთარ მოკრივეს თვალები გაუწმინდეს და სრულფასოვანი მხედველობა დაუბრუნეს. ლისტონისთვის ეს დასასრული იყო. მეექვსე რაუნდში კლეის ნებისმიერი დარტყმა გამოსდიოდა. მეშვიდე რაუნდზე სონი არ გავიდა. ერთნი ამბობენ, რომ მან თავად თქვა უარი ბრძოლის გაგრძელებაზე, მეორენი - ეს გადაწყვეტილება მისმა გუნდმა მიიღო.

კლეიმ ჯერ რეპორტიორებს დაუყვირა რაღაც, შემდეგ მთელი ხმით იყვირა: "მე უდიადესი ვარ!" შემდეგ კი იბღავლა: "მე შევძარი სამყარო!" მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც ამ ბრძოლას ადევნებდა თვალს, მართლაც გაოგნებული იყო. როცა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ოდნავ დაწყნარდა, თქვა: "შემხედეთ. ჩემს სხეულზე დარტყმის კვალი არ არის. არ შეიძლებოდა, აუტსაიდერი ვყოფილიყავი. მე დიადი ვარ. განადიდეთ ჩემპიონი!"

ლისტონი ამტკიცებს, რომ მას ბრძოლის გაგრძელების საშუალება მხრის ტრავმამ არ მისცა. ტრავმა მას მართლაც ჰქონდა: მხარი ბრძოლისადმი მზადების პროცესშიც აწუხებდა და ვარჯიშში ხელს უშლიდა. სხვა საკითხია, ეს ტრავმა იყო თუ არა ლისტონის უარის რეალური მიზეზი.

მომდევნო დღეს კასიუს კლეიმ განაცხადა, რომ იცვლის სახელს - გარკვეული ხნის შემდეგ "ისლამის ერის" ლიდერმა ელაიჯ მოჰამედმა მოკრივეს მისცა სახელი - მოჰამედ ალი. გავა ორი ათეული წელი და ადამიანი, რომელსაც ყველა წაგებას უსურვებდა, ამერიკის ერთ-ერთი გმირი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რინგის გენია
Aleqsandre
16:32 28-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული