დაუმარცხებელი ვეტერანი

AutoSharing Option

გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლებიდან ყველაზე საინტერესო შეხვედრის შესახებ ჩვენ უკვე მოგახსენეთ - კუბელმა ოდლანიერ სოლისმა ამერიკელი რეი ოსტინი დაამარცხა და სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის უფლება მიიღო. თუმცა კვირას გაიმართა კიდევ ერთი ბრძოლა, რომელმაც ასევე მიიპყრო კრივის მოყვარულთა ყურადღება.


კვებეკეში (კანადა) ნახევრადმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი, 28 წლის კანადელი ჟან პასკალი ტიტულს იცავდა სახელოვანი ამერიკელი ვეტერანის, 45 წლის ბერნარდ ჰოპკინსის წინააღმდეგ.

პირველ რაუნდში კეფაში დარტყმის შემდეგ ამერიკელი რინგზე დაეცა და მისი აქტიური პროტესტის მიუხედავად, რეფერიმ ნოკდაუნი მაინც ჩათვალა. მესამე

რაუნდში კანადელმა გაიმეორა ეს წარმატება, მაგრამ ჰოპკინსის არც ამჯერად დაუკარგავს კონცენტრაცია და აგრძელებდა შეტევებს.

მეოთხე რაუნდში ჰოპკინსი ისევ რინგზე აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად მსაჯმა ნოკდაუნი არ დააფიქსირა, რადგან პასკალმა კვლავ კეფაში ჩაარტყა მეტოქეს და გაფრთხილებაც მიიღო. მეექვსე და მეშვიდე რაუნდში კანადელმა აქტიურობას უკლო და ჰოპკინსმა ეს რაუნდები დამაჯერებლად მოიგო. მე-11 რაუნდში უკვე პასკალი დაეცა, მაგრამ ამერიკელმა დარტყმასთან ერთად ხელი უბიძგა მოწინააღმდეგეს და რეფერიმ ამის გამო ნოკდაუნი არ ჩათვალა.

ბოლო რაუნდებში ჰოპკინსმა მისი ასაკისთვის გასაოცარი აქტიურობა აჩვენა და სრულ უპირატესობას ფლობდა. სტატისტიკის მიხედვით, პასკალმა 353-დან 105 ზუსტი დარტყმა განახორციელა, ჰოპკინსმა - 171 ზუსტი დარტყმა 445-დან. ერთმა მსაჯმა უპირატესობა ჰოპკინსს მიანიჭა - 114:112, დანარჩენმა ორმა ფრე დააფიქსირა - 114:114, 113:113. მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბრძოლის საბოლოო შედეგად ფრე გამოცხადდა. შეხვედრის შემდეგ ჰოპკინსმა მსაჯების გადაწყვეტილებას "ყაჩაღობა" უწოდა, პასკალმა კი თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზად არის ჰოპკინსს რევანშის საშუალება მისცეს.


* * *
24-საათიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილედან გაუშვეს ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი. ცნობილი ამერიკელი ყოველგვარი გირაოს შეტანის გარეშე გაანთავისუფლეს, თუმცა ლას ვეგასის ერთ-ერთი კაზინოს მცველის ცემის საქმე არ დახურულა და მეივეზერს მალე სასამართლოში მოუწევს გამოცხადება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული