ვლადიმირ კლიჩკომ 5 რაუნდი იკმარა [VIDEO]

AutoSharing Option
შაბათს ღამით, ჰამბურგის O2 World Arena-ის რინგზე 38 წლის ვლადიმირ კლიჩკომ (63-3-0, 53 KO) დაიცვა სუპერმძიმე წონაში WBA Super-ის, IBF-ის, WBO-ის, IBO-სა და The Ring Magazine-ის საჩემპიონო ტიტულები, როცა მე-5 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა 33 წლის ბულგარელი კუბრატ პულევი (20-1-0, 11 KO), რომელიც IBF-ის ვერსიით ოფიციალური პრეტენდენტი გახლდათ.

ბრძოლის სცენარი არ ჰგავდა კლიჩკოს წინა შეხვედრებს - უკრაინელმა არ გამოიყენა ფრთხილი და მოზომილი ტაქტიკა და აქტიური მოქმედება შესთავაზა მოწინააღმდეგეს.

თუ შევხედავთ საბოლოო შედეგსა და ნოკდაუნების რაოდენობას, რომელშიც ბულგარელი მოხვდა, ბრძოლას ულაპარაკოდ ცალმხრივი
უნდა ვუწოდოთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, პულევი ერთ-ერთი იშვიათი მოკრივე აღმოჩნდა ბოლო წლებში, ვინც მართლაც რაღაცის შექმნას ცდილობდა უკრაინელი ჩემპიონის წინააღმდეგ და მცირე წარმატებასაც მიაღწია ამ მხრივ.

ასე მაგალითად, პირველი სერიოზული შეტევა სწორედ პრეტენდენტს ჰქონდა, რომელმაც შესანიშნავი ჯებით შეაზანზარა ფავორიტი. კლიჩოს ეს არ მოეწონა და პასუხმაც არ დააყოვნა - მან შუა რაუნდებისთვის არ გადადო ინიციატივის მოპოვება და მარცხენა გვერდითი ორმაგი დარტყმით პირველად გაუშვა მოწინააღმდეგე ნოკდაუნში.

პულევმა გაჭირვებით მიაღწია გონგამდე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინელის მხრიდან არ შეინიშნებოდა განსაკუთრებული მონდომება ყველაფერი მაინც და მაინც პირველივე რაუნდში დაესრულებინა.

პირველი რაუნდის ნაცვლად დაზვერვა მეორე სამწუთეულში ვნახეთ. მოკრივეები ერთმანეთს აკვირდებოდნენ, თუმცა ვლადიმირი აკონტროლებდა ბრძოლის მსვლელობას და ბოლოსკენ მეტოქეს კიდევ ერთხელ უთავაზა მარცხენა გვერდითი დარტყმა.

წესით ბრძოლა მესამე რაუნდში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩემპიონმა ოდნავ დააგვიანა უძლიერესი მარჯვენა დარტყმის შემდეგ წაბარბაცებული მოწინააღმდეგისთვის ბოლოს მოღება. თუმცა ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების მიუხედავად, კლიჩკოსთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა კიდევ ერთხელ მეტოქის ნოკდაუნში გაშვება - ეს ისევ მარცხენა გვერდითი დარტყმის დამსახურება იყო.

უნდა შევაქოთ პულევი და მისი სწრაფად აღდგენის უნარი. მეოთხე რაუნდში ბულგარელი გააქტიურდა და იმდენი მოახერხა, რომ რინგზე არბენინა ჩემპიონი. მაგრამ ამას პრეტენდენტისთვის სერიოზული დივიდენდები არ მოუტანია, რადგან ეს რაუნდიც კლიჩკოს დარჩა.

მეხუთე რაუნდი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა. პულევმა, როგორც იქნა, "დაიჭირა" უკრაინელი მარჯვენა პირდაპირი დარტყმით, მაგრამ წარმატების განვრცობის საშუალება მოწინააღმდეგემ არ მისცა. გაშვებული დარტყმის შემდეგ კლიჩკო კონტრშეტევაზე გადავიდა და მეტოქეს დამანგრეველი ჰუკი მოახვედრა, რაც ამ ბრძოლაში წერტილის დასმას ნიშნავდა.

ვლადიმიერ კლიჩკომ მეჩვიდმეტედ დაიცვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ჯერჯერობით რთული სათქმელია - ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. არის ვარაუდი, რომ უკრაინელის გუნდი იზრუნებს ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის ორგანიზებაზე. ამისთვის საჭიროა დაელოდონ WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, კანადელი ბერმეინ სტივერნისა და ამერიკელი დეონტეი უაილდერის ბრძოლას და მასში გამარჯვებული შეხვდება კიდეც ვლადიმირს. არ არის გამორიცხული, კლიჩკოს უახლოესი ოპონენტი გახდეს ორ ბრიტანელ სკანდალისტს - ტაისონ ფიურისა და დერეკ ჩისორას ბრძოლაში გამარჯვებული.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული