მაგრამ თუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მილიონობით დოლარი იშოვოს, მოატყუოს მსოფლიოს საუკეთესო სპორსტმენები, ე.ი. მან დანამდვილებით იცის, რასაც აკეთებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თუ რა უფსკრულიდან ამოვიდა და რა სიმაღლეებს მიაღწია პრომოუტერულ კარიერაში.
ის, ვინც დღეს მილიონებს ატრიალებს, ადრე უბრალო კლივლენდელი ბანდიტი და მკვლელი იყო. ერთხელ მან "კოლეგა" მოკლა, როცა მის გაძარცვას აპირებდა (მაშინ კინგი გაამართლეს, მიუხედავად იმისა, რომ
დღეს პრომოუტერი სიამოვნებით ყვება იმას, რომ ყოფილი პატიმარია, თუმცა თავისი საეჭვო წარსულის შესახებ საუბარი არ უყვარს. სამაგიეროდ, თავისი აღზევების ისტორიას ის დიდი შთაგონებით ყვება და ხშირად ხმარობს თავის პერსონალურ დევიზს - "მხოლოდ ამერიკაში!"
კინგმა არამარტო მილიონები იშოვნა, არამედ საკუთარ თავს თავად მისცა განათლება. მის საუბარში ჟარგონთან კარგად არის შეხამებული კლასიკოსთა ციტატები და გარითმული ფრაზები, რომელიც თავად კინგის ფანტაზიის ნაყოფია. ეს ლინგვისტური "საოცრებები", თავად პრომოუტერის გარეგნობა და უნარი იმისა, რომ ნებისმიერი საუბარი საკუთარი პიროვნების კულტის პოპულარიზაციისკენ წაიყვანოს - კინგის იმიჯის უმთავრესი ელემენტებია. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ მის მიმართ (კინგს ან აღმერთებენ ან დასანახად ვერ იტანენ), შეუძლებელია ვერ შეამჩნიო. სწორედ ეს სჭირდება კინგს - რეკლამის გენიოსს.
- მოგვიყევით, როგორ მოხვედით თქვენს დღევანდელ პროფესიამდე?
- მე პრომოუტერი გავხდი მოყვასის სიყვარულის გამო. კლივლენდში იყო "შავი" საავადმყოფო, რომელიც ფონდების ნაკლებობას განიცდიდა და ფულს ვერ უხდიდა ფარმაკოლოგიურ კომპანიებს. მე დავარწმუნე მუჰამედ ალი, დიადი გმირი და კრივის ღმერთი, რომ ჩასულიყო იქ და კლინიკას სახსრების შეგროვებაში დახმარებოდა. ალიმ კი, თავად დამარწუნა იმაში, რომ კრივის ბიზნესში წავსულიყავი. და აი, მე აქ ვარ. გარემოებათა წყალობით. პრომოუტერობისთვის არ ვარ შექმნილი, მაგრამ ხალხიდან გამოსული და ხალხის პრომოუტერი ვარ. ჩემი მაგიის საიდუმლო - ხალხთან ჩემს კავშირში უნდა ეძიოთ.
- თქვენი პრომოუტერული მოღვაწეობის პირველი გამოცდილება იყო სახელგანთქმული "ბრძოლა ჯუნგლებში" - 1974 წელს, ზაირში გამართული ორთაბრძოლა ალისა და ფორმენს შორის.
- დიახ, ალის გაცნობისთანავე ორგანიზება გავუკეთე ბრძოლას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. ეს საუკუნის ბრძოლა იყო!
- რატომ მაინც და მაინც ზაირში?
- მე დავპირდი ფორმენსა და ალის, რომ საპრიზო ფონდი 5 მილიონი დოლარი იქნებოდა. დონ კინგი კი, სიტყვის კაცია. მაგრამ მე არ მქონდა ამდენი ფული! ერთი ცენტიც კი არ გამაჩნდა. რა მექნა? უნდა მომენახა ვინმე, ვინც ამაში ფულს ჩადებდა. მაგრამ ამერიკაში არავინ მიცნობდა, გუშინდელ პატიმართან არავინ დაიჭერდა საქმეს. მაშინ გადავწყვიტე მომენახა სპონსორი ქვეყანა, რომელიც ჩემს პირობებს დათანხმდებოდა. და მე ვიპოვე პრეზიდენტი მობუტუ, რომელსაც სწორედ მაშინ ჰქონდა სურვილი საქვეყნო აღიარება მოეპოვებინა და თავისი იმიჯი გაეუმჯობესებინა (მობუტუ 1997 წლამდე, ანუ სიკვდილამდე ზაირის დიქტატორი იყო და პიარის დარგში დიდ სპეციალისტად ითვლებოდა. მან დაირქვა სახელი, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება:
"ყოვლისშემძლე მეომარი მოთმინებითა და გამარჯვებისადმი სწრაფვით ივლის დაპყრობიდან დაპყრობამდე და თავის უკან ცეცხლის კვალს დატოვებს" - რედ.). მობუტუ დათანხმდა ბრძოლის ზაირში ჩატარებას, საპრიზო ფონდის გამოყოფასა და ყველანაირი ხარჯის დაფარვას. და როგორი სანახაობა გამოვიდა! უკეთესს ვერც მოვიფიქრებდით. ამერიკის ორი შავი გმირი აფრიკის ხალხთან მივიდა. სწორედ მაშინ იქცა ალი საერთაშორისო სიმბოლოდ. ზაირელებს ძალიან უყვარდათ ის. ბრძოლის დროს მუდმივად ყვირობდნენ: "ალი ბუმაიე!" - რაც ნიშნავს "ალი, მოკალი!"
- ალი რთული ადამიანი გახლდათ. რა იყო მასთან მუშაობაში კარგი და რა ცუდი?
- ალისთან არ შეიძლებოდა რაიმე ცუდი ყოფილიყო. ალი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე საკუთარ თავზე გადამხდენია და მის გარეშე ახლა არარაობა ვიქნებოდი. მიუხედავად მისი ექსცენტრულობისა და რთული ხასიათისა, ჩვენ ყოველთვის ურთიერთანხმობა გვქონდა, მაშინაც კი, როცა არ უნდა დავთანხმებულიყავით ერთმანეთს (ალიმ, კინგის სხვა ცნობილი კლიენტების მსგავსად, ერთხელ უჩივლა სასამართლოში პრომოუტერს - რედ.).
- მაშინ, მოგვიყევით - რა იყო მასში კარგი.
- მუჰამედ ალი - სახალხო გმირი იყო. შარმსა და მაგნეტიზმს ასხივებდა და ის ადამიანებიც კი, რომლებსაც ალი არ მოსწონდათ, მაინც მისკენ მიილტვოდნენ. მან მე მასწავლა მუდმივად ხალხთან ყოფნა, რომ არასდროს არ უნდა გავქცეოდი ადამიანებს, მიუხედავად იმისა, მოვწონვარ მათ თუ არა. ისინი ხომ სინამდვილეში არ მიცნობენ და შესაბამისად, არ აქვთ ჩემს შესახებ ფიქსირებული აზრი. მაგრამ თუ მათ გაუღიმებ, თუ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას ეცდები, დაანახებ მათ, რომ ისინი შენთვის მნიშვნელოვანნი არიან, თავად ხდები მათთვის მნიშვნელოვანი.
* * *
- თქვენ მუშაობდით მაიკ ტაისონთან, ადამიანთან, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ალის. მასზე რა შეგიძლიათ თქვათ?
- ტაისონისთვის ყოველთვის უნდა გესწავლებინა - როგორ მოქცეულიყო. ის ქუჩის შვილი იყო და შესაბამისადაც იქცეოდა - ამით ტაისონი ყველას უჩვენებდა საკუთარი ფესვებისადმი ერთგულებას. მაგრამ არ ესმოდა, რომ ამით საზოგადოების სხვა ფენებს შორდებოდა და მათ თვალში იმიჯს კარგავდა. ამიტომაც შეუძლებელი იყო, გავლენიან პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო. ალი სახალხო თაყვანისცემის ობიექტი გახლდათ, ტაისონი - გაღიზიანების ობიექტი. როცა ცდილობდა იმის ახსნას, თუ რას წარმოდგენდა სინამდვილეში, ამით კიდევ უფრო აღიზიანებდა ყველას, გესმით? და ამიტომაც, მაიკს ვეუბნებოდი: "შეიძინე მეგობრები და ადამიანებზე გავლენა იქონიე".
არა, ალი და მაიკი ძალიან განსხვავებულები იყვნენ. ტაისონი დიდი მებრძოლი იყო, ალი
- დიდი მებრძოლი, დიპლომატი, ფსიქოლოგი, ელჩი, მარკეტოლოგი - ის მთელ დიაპაზონს მოიცავდა.
- რა უშლიდა ხელს ტაისონს, პუბლიკის კერპი გამხდარიყო?
- ხალხს მისი არ ესმოდა და ეს მას საგონებელში აგდებდა. "შემხედეთ, - უყვიროდა მათ მაიკი. - შემომხედეთ, მე რაღაცას წარმოვადგენ! მე მიყვარხართ, მინდა თქვენთან ყოფნა!" მაგრამ ხალხს არ ესმოდათ მისი ენა...
- რამდენად ართულებდა ტაისონი თქვენს პრომოუტერულ ცხოვრებას?
- მასთან მართლაც რთული იყო, მაგრამ მე ნებისმიერთან შემიძლია მუშაობა. სწორედ ამიტომ ვარ ფენომენალური. არ ვტრაბახობ, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებ. როგორც რედიარდ კიპლინგი იტყოდა - მე შემიძლია მეფეებთან ვიარო და ამასთან, არ მოვწყდე უბრალო ხალხს. მე შემიძლია ნებისმიერს ველაპარაკო, მისი დიალექტი რომც არ მესმოდეს. მე ყველა მიყვარს. ძველი ბერძნები ამას თავიანთ სიტყვებში გამოხატავდნენ. მათ აქვთ სახელები - "ეროსი", "ფილია" და "აგაპე" - ყველა მათგანი სიყვარულს აღნიშნავს. "ეროსი" - ფიზიკური ლტოლვაა, "ფილია" - ძმური სიყვარული, მეგობრობა, "აგაპე" - ადამიანური არსის სიყვარული. შეიძლება მე არ მიყვარს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ გაფასებთ და მიყვარხართ, როგორც ადამიანი. მე მიყვარს კაცობრიობა! (აქ დონ კინგმა აშკარად გაუტია... ეს ხომ ის ადამიანია, რომელმაც მაიკ ტაისონს 100 მილიონი მოპარა და ამის გამო, მოკრივემ პრომოუტერს სასამართლოში უჩივლა - რედ.).
- თქვენ ხშირად იმეორებთ საკუთარ დევიზს - "მხოლოდ ამერიკაში". რა აზრია ჩადებული ამ ფრაზაში?
- "მხოლოდ ამერიკაში" ნიშნავს ხალხის ძალას და ძლიერებას. ამერიკაში უზენაესი მმართველი - ხალხია. ხალხი აქ იქამდეც იყო, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები დაარსდებოდა და ის ნებისმიერ ხელისუფლებაზე მთავარია. ამაშია ჩვენი ძალა. ამიტომაც არის, რომ ხალხიდან გამოსულ ადამიანს შეუძლია დიდებას მიაღწიოს. ასეთი რამ მხოლოდ ამერიკაშია შესაძლებელი. ხალხი სახელმწიფოს დიდ ძალას ანიჭებს და ყოველი ადამიანი მმართველი და ბატონია. ეს იდეალია, რომლამდეც ჯერ არ გავზრდილვართ, მაგრამ მივდივართ მისკენ - მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ტრასით!
- პირადად თქვენთან მიმართებაში რას ნიშნავს ეს დევიზი?
- იმას, რომ მე - ამერიკული ოცნების განხორციელებული მაგალითი ვარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შავ ხალხს ამერიკაში არ ავიწროებდნენ და ისინი არ იტანჯებოდნენ უთანასწორობისა და არასამართლიანი კანონების გამო. მაგრამ ჩვენ აქ რაზე ვსაუბრობთ? აი რას ვამბობთ: "ჩვენ ამ ფაქტს ვაღიარებთ: ყველა ადამიანი თანასწორობისთვის არის შექმნილი და სამყაროს შემქმნელისგან ისინი დაჯილდოებულნი არიან ცხოვრების, თავისუფლების და ბედნიერების უფლებით". ეს არის ოცნება, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით - თეთრებიც და შავებიც.
- შესანიშნავი ორატორი ხართ, გიყვართ ისტორიული დოკუმენტების, შექსპირის და სხვა ავტორების ციტირება. საიდან გაქვთ ეს ნიჭი?
- ციხიდან. იქიდან, რომ იზოლირებული ვიყავი სამყაროსგან და შესაძლებლობა მქონდა გადამეფასებინა და გადამეხედა ჩემი დიადი ქვეყნის ფასეულობებისთვის. და მე გადავწყვიტე მებრძოლა მისი კეთილდღეობისთვის. არა შავებისთვის ან თეთრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. თავისუფლება, სამართალი, თანასწორობა. სათქმელად იოლია, მაგრამ გასაკეთებლად რთული, თუმცა ჩვენ ამაზე ვმუშაობთ! ბრძოლის გარეშე პროგრესი არ არსებობს!
- ექსტრავაგანტული ადამიანის იმიჯი გაქვთ და თვითრეკლამასაც ხშირად მიმართავთ. მაგრამ თვითრეკლამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ასე არ არის?
- ადრე გამოვიდა ფილმი ჩემს შესახებ - მას "მხოლოდ ამერიკაში" ჰქვია. აი ეს არის პოპულარობის უარყოფითი მხარე. ეს იყო შეცდომების კომედია, რომლის მიზანი ჩემი დამცირება გახლდათ. მაგრამ ამ ფილმმა კიდევ უფრო ამამაღლა. ღმერთის ნათქვამია - მას, ვისი რწმენაც ძლიერია, შეუძლია სუფრა გაშალოს თავისი მტრებისთვის - მას არაფრის არ უნდა ეშინოდეს. ჩემი რწმენა ძლიერია და ჩემს მიერ გაშვებული ისრები მხოლოდ ამყარებს ჩემს პიროვნებას. და აი დღეს, მე საკუთარი კარიერის მწვერვალზე ვიმყოფები. მე არ შემიძლია ყველაფერი სიტყვებით გამოვხატო. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"