1971 წელს, პროფესიულ რინგზე პირველი მარცხი იწვნია მოჰამედ ალიმ. 15-რაუნდიან ბრძოლაში მან ქულებით წააგო ჯო ფრეზერთან. ამ უკანასკნელმა დაიცვა ჩემპიონის ტიტული, მაგრამ ალიმ 1975 წელს რევანში აუღო...
რაუნდი 1: კრივის არჩევანი
კასიუს კლეის ბავშვობისა და მისი კრივში მისვლის ისტორიის გახსენებისას, ყველა ველოსიპედის შესახებ ამბავს ჰყვება, რომელიც მომავალ მოკრივეს მოპარეს. მან პოლიციელს მიმართა და როცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ვერ შეძლებდა ქურდის დაჭერას, კლეიმ განუცხადა - თავად დავიჭერ და ვცემ. პოლიციელმა, რომელიც შეთავსებით კრივის მწვრთნელად მუშაობდა, კასიუსს ჰკითხა - ლამაზი ისტორიაა, მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნის ბიჭის არჩევანს. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ კასიუსი მაშინ სახლიდან წავიდა და პოლიციელთან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა, როცა დაინახა, რომ მისი მოსწავლეები "ოქროს ხელთათმანის" ეროვნულ ტურნირზე გამოდიოდნენ, რომელსაც ტელევიზიით გადასცემდნენ. კლეისაც მოუნდა ტელევიზორში გამოჩენა და თავისი წილი დიდების მიღება - და ამიტომაც დაბრუნდა. მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მისი საქციელი ამტკიცებს, რომ ის პოპულარობისა და დიდების სურვილით იყო შეპყრობილი.
რაუნდი 2: ოლიმპიური თამაშები
კასიუს კლეი, როგორც მოკრივე, სწრაფად პროგრესირებდა. არ გასულა ექვსი კვირა, რომ მას უკვე ტელევიზიით უჩვენებდნენ. და აი, ის უკვე მონაწილეობს ეროვნულ შესარჩევ ტურნირში 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად. როცა გაიგო, რომ იქ ჩასავლელად ფრენა მოუწევდა, ალიმ, რომელსაც თვითმფრინავის ძალიან ეშინოდა, ოლიმპიადაზე უარის თქმა და პროფესიონალებში გადასვლა მოინდომა. მოკრივეს სამოყვარულო რინგზე 100 მოგებითა და მხოლოდ რვა წაგებით, სიამოვნებით მოჰკიდებდა ხელს ნებისმიერი პრომოუტერი, მაგრამ მწვრთნელმა დაიყოლია - მონაწილეობა მიეღო ოთხწლეულის მთავარ სპორტულ მოვლენაში.კლეიმ მონაწილეობა მიიღო ზაფხულის თამაშებში, იოლად მოიგო ფინალი და ოქროს მედალი. სწორედ მაშინ გაიცნო ფართო საზოგადოებამ მისი უნიკალური სტილი ჩამოშვებული ხელებით და რინგზე სწრაფი გადაადგილებით.
რაუნდი 3: პირველი პროფესიული ბრძოლა
რომის ოლიმპიადის მოგებიდან რამდენიმე თვეში, კასიუსი უკვე პროფესიონალის რანგში ჩხუბობდა და თანდათან მიდიოდა მთავარი ოცნებისკენ - გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში.პროფესიულ კარიერაში მისი პირველი მეტოქე იყო ტანი ჰანსეკერი. ბრძოლა 1960 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრის წინ კლეი აღიზიანებდა მოწინააღმდეგეს, მას უიღბლოს უწოდებდა და ვადაზე ადრე განადგურებით ემუქრებოდა. მან თითქმის აასრულა დანაპირები - უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ვადაზე ადრე მოგება ვერ შეძლო და 6-რაუნდიან ბრძოლაში ქულებით გაიმარჯვა.
ტანიმ ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან ჩხუბობდა.
რაუნდი 4: ქორწინება
რესპექტაბელურ პროფესიონალ მოკრივედ ჩამოყალიბების შემდეგ კასიუსი მიხვდა, რომ პოპულარობით სარგებლობს გოგონებს შორის. და შორი არ იყო ის მომენტი, როცა რომელიმე ქალი ახალგაზრდა მოკრივეს თავგზას აუბნევდა.კლეის პირველი რჩეული გახდა ოფიციანტი კაფეში, რომელსაც მოდელის პროფესიაც ჰქონდა. მას სონჯი როი ერქვა. მან იმდენად დაახვია თავბრუ კასიუსს, რომ ქორწილი გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ დანიშნეს.
რაუნდი 5: საჩემპიონო ბრძოლა
საჩემპიონო ტიტულისკენ გზა ოთხი წელი გრძელდებოდა და 20 ბრძოლა მოიცვა. მოჰამედ ალიმ ყველა მოიგო და მხოლოდ ოთხში ვერ შეძლო ნოკაუტით გამარჯვება.მაგრამ აბსოლუტური ტიტულისთვის ბრძოლაში მას უპირისპირდებოდა მკვლელობისთვის შემქნილი ნამდვილი მანქანა - სონი ლისტონი. როგორც ჩანს, კასიუსს აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მას აუტსაიდერად მიიჩნევდნენ. შესაძლოა, ოდნავ ეშინოდა კიდეც ლისტონის. მან პირველად იგრძნო საკუთარ თავზე პუბლიკისა და ექსპერტების არაკეთილგანწყობა. ყვირილის დროს ხშირად არაადეკვატურად რეაგირებდა, აწონვის დროს კი კინაღამ ჩხუბი მოაწყო. სწორედ იქ დაჰპირდა ლისტონს, რომ მეექვსე რაუნდში სიცოცხლეს გამოასალმებდა.
ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ის საერთოდ მიაღწევდა მე-15 რაუნდამდე. აღარაფერს ვამბობთ ნოკაუტით გამარჯვებაზე. მაგრამ კასიუსმა დანაპირები აასრულა. ის პეპელასავით დაფარფატებდა რინგზე და ფუტკარივით ინესტრებოდა. ლისტონს მაინცდამაინც ძლიერად არ ურტყამდა, მაგრამ დარტყმების რაოდენობა იყო დიდი. სონი კი ძალიან ნელი იყო და მიზანში ვერ ახვედრებდა. საბოლოოდ, მეექვსე რაუნდში გადაღლილმა, უძლიერესი დარტყმა მიიღო და წაიქცა. როცა გამოფხიზლდა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა და როგორ წააგო კლეისთან.
რაუნდი 6: სახელის შეცვლა
ტიტულის მოპოვებიდან მომდევნო დღეს კასიუს კლეიმ მოითხოვა, მისთვის დაეძახათ - მოჰამედ ალი. ეს სახელი მისმა სასულიერო პირმა, შავი მუსულმანების ეკლესიის მოძღვარმა შეურჩია.ალის მიაჩნდა, რომ კასიუს კლეის მსგავსი სახელი არ გამოხატავს მისი ხალხის ისტორიას. ეს ისეთი სახელი იყო, რომელსაც პლანტაციებში შავკანიან მონებს აძლევდნენ მათი მეპატრონეები.
სახელის შეცვლას მოჰყვა განქორწინება. სულიერმა მოძღვარმა დაარწმუნა მოკრივე, რომ მის გვერდით არ უნდა ყოფილიყო "ძალიან ვულგარულად" ჩაცმული გოგონა, რომელიც არ იზიარებდა მის მუსულმანურ რწმენასა და მის ღირებულებებს.
რაუნდი 7: უარი არმიას
ლისტონის დამარცხების შემდეგ მოჰამედ ალიმ ცხრაჯერ დაიცვა აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული. 1970 წელს კი სამხედრო კომიტეტიდან უწყება მიიღო. საყოველთაოდ ცნობილ მოკრივეს ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში უნდა გაევლო სამსახური. სწორედ იმ მომენტში, აშშ-ს ომი ჰქონდა ვიეტნამთან, რასაც საზოგადოება მკვეთრად აკრიტიკებდა.ალი გამოცხადდა სამხედრო კომიტეტში მხოლოდ ერთი რამის გამო - უარი ეთქვა არმიისთვის. მისი სიტყვებით, არ უნდოდა სამშობლოდან 10 ათასი კილომეტრის მოშორებით გამგზავრება და სრულიად უდანაშაულო ადამიანების ხოცვა.
მოკრივე არ დააპატიმრეს, მაგრამ რინგზე გასვლა აუკრძალეს. ამით ხაზი გადაესვა კარიერის ზენიტში მყოფი ალის კარიერას.
რაუნდი 8: პირველი შვილი
იძულებითი ოზოლაციისას ალიმ სხვა სარგებელი ნახა. ჯერ ერთი, იპოვა ახალი ცოლი, რომელიც მუსულმანობის მიღებას დათანხმდა. ასე გახდა 1967 წელს ბელინდა ბოიდი ჰალილა ალი.მანვე, 1968 წელს დიად ჩემპიონს პირველი შვილი აჩუქა - გოგონა მარიუმი. 1970 წელს გაჩნდნენ ტყუპი გოგონები - ჯამილა და რაშიდი. და 1972 წელს, ქვეყანას მოევლინა მოჰამედ ალის მემკვიდრე - მოჰამედ ალი-უმცროსი.
რაუნდი 9: რინგზე დაბრუნება
უკრივოდ გატარებული სამი წლის შემდეგ ალის აკრძალვა მოუხსნეს და ის სრულ მზადყოფნაში იყო, რათა ისევ დაეწყო სვლა საჩემპიონო ტიტულისკენ, რომელიც ასე უსამართლოდ წაართვეს.1970 წლის 26 ოქტომბერს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ბრძოლა ჩაატარა თანამემამულე ჯერი კუორის წინააღმდეგ. ალი დარწმუნებული იყო თავის ძალებში, მაგრამ ბუკმეკერებს მიაჩნდათ, რომ ის აუტსაიდერი იყო და მის მოგებაზე ფსონი ექვსი-ერთზე მიიღებოდა.
განრისხებულმა ალიმ მესამე რაუნდში რინგზე გააკრა მეტოქე და განაცხადა, რომ აღარ დაუშვებს, მის მოგებაზე ასეთი სამარცხვინო კოეფიციენტი გამოიტანონ.
რაუნდი 10: პირველი წაგება
კუორისთან ბრძოლა 30-ე იყო მოჰამედ ალის კარიერაში. თავის 31-ე ბრძოლაში მან ასევე მოუგო ოსკარ ბონავენას, რის შემდეგაც იყო შოკისმომგვრელი წაგება ლეგენდარულ ჯო ფრეზერთან ბრძოლაში.ბრძოლის წინ ალი, როგორც შეეძლო, შეურაცხყოფას აყენებდა მეტოქეს და მას ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებდა. ფრეზერს წყენა გულში პრაქტიკულად ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. მაგრამ ასეთი იყო ალის სტილი - მას მთელი კარიერის განმავლობაში მიიჩნევდნენ მოლაყბე და ტრაბახა მოკრივედ.
ჯო ფრეზერმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, მაგრამ ალი ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მოგება სწორედ მას ეკუთვნოდა. მის სასარგებლოდ ის ფაქტი ლაპარაკობდა, რომ ფრეზერმა ბრძოლის შემდეგ, 30 დღე ინტენსიური თერაპიის პალატაში გაატარა და იშუშებდა 15-რაუნდიანი ბრძოლის იარებს. თავად ალი უკვე მეორე დღეს ისევ ინესტრებოდა, ოღონდ სიტყვებით - პრესის საშუალებით.
რაუნდი 11: ტიტულის დაბრუნება
პირველ წაგებას მოჰყვა გრძელი გზა მორიგ საჩემპიონო ტიტულამდე. გზად ალის ჰქონდა 13 მოგება და კიდევ ერთი წაგება. და მაინც, მან დაიმსახურა თავის კარიერაში მეორე საჩემპიონო ბრძოლა, რომელშიც ის პრეტენდენტი იყო.ბოლო ბარიერი იყო დიადი და საშინელი ჯორჯ ფორმენი. ბრძოლის გამართვა გადაწყვიტეს აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობის სამშობლოში - აფრიკაში. კერძოდ, ზაირის (ამჟამად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) დედაქალაქ კინშასაში. ალი იქ ადრე ჩავიდა და "ტრაბახამ" და "მოლაყბემ" მაშინვე განაწყო ქვეყნის მთელი მოსახლეობა ფორმანის წინააღმდეგ: განაცხადა, რომ მისი მოწინააღმდეგე ბელგიელია. ბელგიელებს კი ზაირში ვერ იტანდნენ.
ბრძოლა ფორმანის ინიციატივით რამდენჯერმე გადადეს. მას ის აწუხებდა, რომ ალის საერთოდ არ ჰქონდა მეტოქის მიმართ შიში. და მაინც, ჯორჯს მოუწია რინგზე გასვლა... და დამარცხდა. უკვე მერვე რაუნდში მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა ბრძოლის გაგრძელებას და თავისი ტიტული მოჰამედ ალის გადაულოცა.
1974 წელს გამართული ამ ბრძოლის შემდეგ ალიმ ისევ დათმო ტიტული 1978 წლის თებერვალში - ლეონ სპინქსთან ბრძოლაში, მაგრამ მალე დაიბრუნა ჩემპიონობა - იმავე წლის სექტემბერში გამართულ მატჩ-რევანშში. ამის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ 1980 და 1981 წლებში რინგზე დაბრუნდა ფულის გამო, რომლის დეფიციტსაც განიცდიდა. ორივე ბრძოლა ალიმ წააგო და საბოლოოდ გადაწყვიტა წასვლა.
რაუნდი 12: ავადმყოფობა
1984 წელს ალი კლინიკაში მოათავსეს მხედველობისა და მეტყველების პრობლემების გამო. ბევრი ანალიზის შემდეგ ექიმები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ დიად ჩემპიონს პარკინსონის დაავადება აქვს.ალიმდე ამ ავადმყოფობის დამარცხება ვერავინ შეძლო, მაგრამ მოჰამედმა მას ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა. ბოლო 39 წლის განმავლობაში ის ამ ავადმყოფობით არსებობდა, მაგრამ აქტიური ცხოვრების წესს მისდევდა. მაგრამ ბოლო წლებში თანდათან დათმო პოზიციები ამ ბრძოლაში და დაცვაში გადავიდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"