კლიჩკომ მეტოქედ ჩისორა აირჩია და არა ჰეი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში IBF-ის და WBO-ს ვერსიებით, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო 30 აპრილს ბრიტანული თანამეგობრობის ჩემპიონს, დერეკ ჩისორას შეხვდება. ამ ინფორმაციის შესახებ ოფიციალურად ძმების პრომოუტერულმა კომპანია KMG-მ გადაწყვიტა. დუელი მანჰეიმში SAP Arena-ზე შედგება, სადაც ამ მოკრივეებს შორის ჩხუბი 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა დაპირისპირება კლიჩკოს მუცლის კუნთის ტრავმის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლის გადადების შემდეგ კლიჩკოს გუნდი მეორე ბრიტანელთან WBA-ს, ჩემპიონ დევიდ ჰეისთან შეხვედრის გასამართად მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო. მხარეებმა შეხვედრის ვადად 2 ივლისი დათქვეს. მაგრამ ჰეი მიიჩნევს, რომ თუ კლიჩკო
30 აპრილს ჩისორას შეხვდება, მაშინ ის მის წინააღმდეგ საბრძოლველად ძნელად თუ გამოვა.

დევიდის აზრით, ძალიან საეჭვოა, რომ უკრაინელი 9 კვირის მანძილზე 2 ბრძოლის გასამართად მზად იქნება.

სუპერმძიმე წონაში WBA-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ კლიჩკოს მშიშარა უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინელი მასთან დაპირისპირებას ყველანაირად არიდებდა თავს.

"მოლაპარაკებების დროს ნათელი გახდა, რომ მშიშარა კლიჩკო მიზეზს ეძებდა, რათა ბრძოლისთვის თავი აერიდებინა. აშკარად შევატყვე, რომ ჩემთან ჩხუბი არ სურდა - უარი თქვა ინგლისში ჩამოსვლაზე, სურდა საკუთარი ხელთათმანებით ეჩხუბა, რინგზე მეორე გამოსულიყო და ა.შ. ყველაფერზე დავეთანხმე, რათა ჩხუბი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამეყენებინა. მაისშიც შემეძლო მეჩხუბა და ივნისშიც, მაგრამ კლიჩკომ მხოლოდ ორი თარიღი დაასახელა - 30 აპრილი ან 2 ივლისი. აპრილის თარიღი ამირ ხანის ბრძოლას ემთხვეოდა, რაც ფასიანი ტრანსლაციების არხის Sky Box Office-თვის პრობლემატური იქნებოდა. ამიტომ ივლისზე შევთანხმდით.

კლიჩკომ განაცხადა, რომ ჩემთანაც იჩხუბებს და ჩისორასთანაც. მაგრამ ეს აბსურდია. შეიძლება მოკრივისგან, რომელმაც 2009 წელს ერთი, 2010 წელს კი სულ 2 ბრძოლა ჩაატარა, ელოდო, რომ 9 კვირის განმავლობაში რინგზე ორჯერ გამოვა? ჩემთან დაპირისპირება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანი და ყველაზე საშიშია ის ვლადიმერისთვის, მის მიერ ჩატარებულ ყველა ბრძოლას შორის. კლიჩკო არასდროს გამართავს ახალ ბრძოლას 9 კვირის შემდეგ", - განაცხადა ჰეიმ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული