ფალიანი კმაყოფილია - კონკურენცია თითქმის ყველა წონაში

AutoSharing Option
ჩვენი 40 მოკრივე ბაკურიანულ შეკრებაზე გაემგზავრა და ქართული საკრივო სეზონიც ამით დაიწყო. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა და ახალგაზრდულის თავკაცმა ბეჟან ჭიჭინავამ სამთო კურორტზე ის სპორტსმენები წაიყვანეს, რომლებიც ამ ორი გუნდის კანდიდატებად მოიაზრებიან.

ახალგაზრდული ნაკრების თემაზე ვრცლად მაშინ ვისაუბრებთ, როცა ამ ასაკში საერთაშორისო ტურნირები მოახლოვდება, დღეს კი მთავარ გუნდს მოვავლოთ თვალი და განვიხილოთ თითოეულ წონაში პირველნომრობის ვის როგორი შანსი აქვს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თებერვლიდან ეროვნული ნაკრები ბულგარეთში გადაინაცვლებს, სადაც იქაურ გუნდთან ერთობლივი შეკრება, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ტურნირი ელის.
ამას უკვე ბაქოური შეკრება და შეჯიბრება მოჰყვება. 2011 წელს მსოფლიოს კრივის კალენდარი საკმაოდ დატვირთულია - წლეულს იმართება როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი და იქ ღირსეულად გამოსასვლელად უდიდესი შრომა და სატურნირო პრაქტიკაა საჭირო, რასაც საქართველოს კრივის ფედერაცია და სამწვრთნელო შტაბი კარგად აცნობიერებს.

მივუბრუნდეთ კონკურენციის თემას. ფალიანისთვის საქართველოს განვლილი ჩემპიონატის შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის პირველობის მოგების გამო თავი ქუდში არავინ უნდა დაიგულოს და მოპოვებული პოზიციის შესანარჩუნებლად ბევრი ოფლი უნდა დაღვაროს.

რამდენიმე წონაში ნაკრების სტაჟიანმა წევრებმა საქართველოს ჩემპიონატი საპატიო მიზეზის გამო გამოტოვეს და მათ პირველი ნომრობისთვის მოქმედ ჩემპიონებთან სპარინგი ელით. ეროვნული ნაკრების თავკაცი მოხარულია, რომ ფაქტობრივად ყველა წონაში დიდი კონკურენციაა, რაც მოკრივეთა მომზადების დონეზე დადებითად აისახება.

შეგახსენებთ, სულ ახლახანს მსოფლიოს კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (AIBA) წონების რაოდენობა 11-დან 10-მდე შეამცირა. ცვლილებები მსუბუქ წონებს შეეხო. ძველი 48, 51, 54 და 57-ის ნაცვლად, შემოიღეს სამი - 49, 52 და 56 წონითი კატეგორია, დანარჩენი წონები კი უცვლელი დარჩა.

ახლა კი სანაკრებო კანდიდატები ჩამოვთვალოთ.

49 კგ.
თუკი შარშან აქ პირველი ნომერი ახალქალაქელი ალექსან ჩეჩელიანი იყო, ამიერიდან ნაკრების უპირველესი კანდიდატი უკვე ფოთელი გიორგი გოგატიშვილია, რომელმაც ჩეჩელიანს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში სძლია.

52 კგ.
საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებამ ფოთელ გიორგი კილანავას პოზიციები გაუმყარა, მისი მთავარი კონკურენტი კი თბილისელი სევერიან ჭილაძეა.

56 კგ.
ავტოავარიით გამოწვეული მძიმე ტრავმებისა და თითქმის ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ფოთელმა ნიკოლოზ იზორიამ ძველი პოზიციები დაიბრუნა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. მისი ყველაზე რეალური კონკურენტები რუსთაველი იროდიონ ონაშვილი და ქუთაისელი მერაბ თურქაძე არიან.

60 კგ.
წონის ლიდერი კობა ფხაკაძე საქართველოს ჩემპიონატზე არ გამოსულა, მის არყოფნაში კი პირველი ადგილი ირაკლი მელიქიშვილმა დაიკავა, რითაც ნაკრებში მოხვედრაზე რეალური პრეტენზია გამოთქვა. მასსა და ფხაკაძეს შორის საუკეთესოს სპარინგი გამოავლენს.

64 კგ.
დიდი პროგრესი აქვს ბაკურ გოგოჭურს, რომელიც აქ 69 კილოგრამიდან გადმოვიდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა, თანაც ისე, რომ ყველა მეტოქეს იოლად გაუმკლავდა. დღეისთვის მისი კანდიდატურა უალტერნატივოა.

69 კგ.
ქვედა წონიდან ამოსულმა თბილისელმა ზაალ კვაჭატაძემ ქვეყნის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო, თანაც, ეს 39-გრადუსიანი სიცხით შეძლო. ჩემპიონატი გამოტოვა წონის ლიდერმა კახაბერ ჟვანიამ და მათ შორის საუკეთესო ბაქოში გაირკვევა. ქართული მხარის თხოვნით, მეტი ობიექტურობისთვის იქ კვაჭატაძისა და ჟვანიას ბრძოლას უცხოელი მსაჯები განსჯიან.

75 კგ.
ახალციხელი ჯაბა ხოსიტაშვილი, რომელიც ერთი წლის წინ ამ წონაში მხოლოდ მესამე ნომრად მიიჩნეოდა, დღეს უკვე უპირველესი სანაკრებო კანდიდატია. საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ახალგაზრდული ნაკრების წევრს, პერსპექტიულ გორელ ნიკოლოზ სეხნიაშვილს. ამ უკანასკნელის მზარდ პროგრესს თუ გავითვალისწინებთ, ამ წონაში სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი.

81 კგ.
ნაკრების სტაჟიანი წევრი, ვარიანელი რევაზ ქარელიშვილი საქართველოს ჩემპიონატზე არ გამოსულა, რომლის არყოფნაშიც ფოთელმა იაგო კიზირიამ ტურნირიც მოიგო და პირველნომრობის მთავარი კანდიდატიც გახდა. ქუთაისში გამართულ ქვეყნის პირველობაზე მას ყველაზე ტექნიკური მოკრივისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს, გულშემატკივრებმა კი მეტსახელად "ტაისონი" შეარქვეს. ფინალში მან ნაკრების კიდევ ერთ კანდიდატს, თბილისელ ლევან გულედანს აჯობა.

91 კგ.
ყველასთვის მოულოდნელად, ამ წონაში საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა ქუთაისელმა გიორგი გვენეტაძემ მოიგო. წონის შარშანდელი ლიდერი, ვარიანელი დავით გოგიაშვილი კი შეჯიბრებას ადრეული ეტაპიდანვე გამოეთიშა.

+91 კგ.
მძიმე წონაში ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისელი მიხეილ ბახტიძე გახდა, რომელმაც ფინალში საბერძნეთიდან დაბრუნებული ალექსანდრე კარტოზია დაამარცხა. ბახტიძის უმთავრესმა კონკურენტმა, გორელმა ბექა ლობჟანიძემ პროფესიონალებში ჩატარებული ბრძოლების გამო საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა, მაგრამ ნაკრების კანდიდატად რჩება და იქ მოსახვედრად ბახტიძეს შეებრძოლება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული