მაშ ასე, შევიარაღდით ყველა ამ დახასიათებით და 1992 წლის 26 მარტს, მოსამართლე პატრიცია გიფორდის წინაშე წარვდექით, რომელსაც ჩემთვის განაჩენი უნდა გამოეტანა. მოწმეების ჯერი დადგა და ვინს ფულერმა გამოიძახა ლოიდ ბრიჯესი - ინდიანაპოლისში რივერსაიდის გამოსასწორებელი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ჩემი დაცვა ამტკიცებდა, რომ რეალური პატიმრობის ვადის ნაცვლად, შეიძლებოდა პირობითი სასჯელის მოცემა. ჩემთვის ეს ნიშნავდა გამოსაცდელ ვადას იმ შენობაში, რომელსაც "სახლი ნახევარგზაზე" ჰქვია (სარეაბილიტაციო დაწესებულება ყოფილი პატიმრებისთვის, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლიზმისგან განკურნებულებისთვის, ფსიქიკურად დაავადებულებისთვის), სადაც მკურნალობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასთან უნდა შემეთავსებინა.
ბრიჯესი,
ასე რომ, ახლა საკითხი მხოლოდ შემდეგში მდგომარეობდა - პატიმრობის რა ვადას მომცემდა "ჯალათი მოსამართლე".
და აი, ფულერი სიტყვისთვის მოემზადა. მისთვის ზუსტად ის დრო იყო, რომ მილიონ დოლარად ღირებული ჯადოქრობა გამოეჩინა. ამის ნაცვლად, მივიღეთ ჩვეულებრივი იაფფასიანი სიყალბე.
"ტაისონის შესახებ გაჩნდა უამრავი უსიამოვნო ჭორი. გაზეთებმა ის ლაფში ამოსვარეს. დღე არ გავა, რომ პრესაში მისი ნაკლოვანებების შესახებ არ იმსჯელონ. ეს ის ტაისონი არ არის, რომელსაც ვიცნობ, რადგან სინამდვილეში, ის ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია. რინგზე ყველას თავზარს სცემს, მაგრამ როცა რინგიდან ჩამოდის, მისი მრისხანებისგან კვალიც აღარ რჩება".
ეს გამოსვლა ახლოსაც ვერ მივიდოდა დონ კინგის მჭევრმეტყველებასთან, მაგრამ ცუდი არ იყო, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით იმას, რომ მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ფულერმა ველურ მხეცად და გაუთლელ მამაკაცად გამომიყვანა, რომელიც მხოლოდ სექსუალური სიამოვნებებისთვის იყო გაჩენილი.
შემდეგ ფულერმა თემა შეცვალა და დაიწყო ლაპარაკი ჩემს ღარიბ და გაჭირვებულ ბავშვობაზე, აგრეთვე, კრივში ლეგენდარულ მწვრთნელ კას დ'ამატოსთან ჩემს ნაცნობობაზე.
- მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს ერთგვარი ტრაგედია, - თქვა მან. - დ'ამატო მხოლოდ კრივზე იყო კონცენტრირებული. ტაისონი, როგორც ადამიანი, მისთვის უკანა პლანზე იხევდა, რადგან მხოლოდ მის საკრივო დიდებაზე ფიქრობდა.
ჩემი დედობილი კამილა, რომელიც მრავალი წელი დ'ამატოს ცხოვრების მეგზური იყო, შეურაცხყოფილი დარჩა მსგავსი განცხადებით. ფულერმა თითქოს ჩემი მწვრთნელის საფლავზე მოისაქმა. ადვოკატი აგრძელებდა მჭევრმეტყველებას, მაგრამ მისი სიტყვა ისეთივე უსისტემო იყო, როგორიც მთელი სასამართლო გარჩევის დროს.
ჩემი ჯერიც დადგა - სიტყვით უნდა მიმემართა სასამართლოსთვის. წამოვდექი და ტრიბუნასთან მივედი. წესიერად არც მოვმზადებულვარ, არანაირი ჩანაწერი არ მქონდა. მხოლოდ სულელური ფურცელი მეჭირა ხელში, რომელიც ვუდუს ქურუმმა მომცა. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი: არ ვაპირებდი ბოდიშის მოხდას იმის გამო, რაც იმ ღამით სასტუმროში, ჩემს ნომერში, მოხდა. მე უკვე მოვუხადე ბოდიში პრესას, სასამართლოს, "მის შავი ამერიკის" შოუს სხვა მონაწილეებს. სწორედ იქ გავიცანი დეზირე ვაშინგტონი. მაგრამ ეს ბოდიში არ ეხებოდა ჩემს მოქმედებებს სასტუმროს ნომერში.
- გეთანხმებით, ჩემი საქციელი რამდენადმე უტაქტო იყო, მაგრამ არავინ გამიუპატიურებია. მცდელობაც კი არ მქონია. ვწუხვარ.
გავხედე გრეგ ჰარისონს - ჩემს პროკურორსა და ჯალათს და გავაგრძელე:
- ჩემი პირადი ცხოვრება მოკლებული იყო თავისუფლებას, ის რაღაც უსასრულო კოშმარულ სიზმარს ჰგავდა. აქ იმისთვის არ ვარ, რომ პატიება გთხოვოთ, მემ. მე უკვე მზად ვარ ყველაზე უარესისთვის. ლაფში ამომსვარეს, მთელ მსოფლიოში შემარცხვინეს. საზოგადოებრივი აზრი ჩემ წინააღმდეგაა. და მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ვიღაც კიდევ მხარს მიჭერს. მზად ვარ გავუმკლავდე იმას, რასაც თქვენ ჩემ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტთ.
დაცვის მაგიდასთან დავჯექი და მოსამართლემ რამდენიმე შეკითხვა დამისვა თემაზე - რამდენად მისაბაძი მაგალითი ვარ ბავშვებისთვის.
- ჩემთვის არასოდეს უსწავლებიათ - როგორ უნდა მოვიქცე სახელგანთქმულის სტატუსით. არ ვეუბნები ბავშვებს, რომ მათ ჰქონდეთ კონკრეტული მისწრაფება - გახდნენ მაიკ ტაისონი. ყოველთვის მიბაძვის საუკეთესო მაგალითი მშობლები არიან, - ვუპასუხე მას.
შემდეგ სიტყვა მისცეს ბრალდების მხარეს. "სოფლელი" ჰარისონის ნაცვლად, რომელიც ჩემ წინააღმდეგ გამოდიოდა მთელი სასამართლო გარჩევის მსვლელობისას, ტრიბუნასთან მივიდა მისი ბოსი, ჯეფრი მოდისეტი - მერიონის ოლქის პროკურორი. ის ათი წუთი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ მამაკაცები, რომლებმაც სიმდიდრე და დიდება მიიღეს, არ უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული პრივილეგიებით. შემდეგ წაიკითხა დეზირე ვაშინგტონის წერილი:
"1991 წლის 19 ივნისის დილას მოხდა ძალადობა არა მხოლოდ ჩემს სხეულზე, არამედ ჩემს ფსიქიკაზეც. ფიზიკურად იმ დონემდე ვიყავი განადგურებული, რომ მიმაჩნდა, თითქოს ყველაზე მთავარი წამართვეს: ჩემი პიროვნება. იმის ნაცვლად, რაც მქონდა ჩემი ცხოვრების 18 წლის განმავლობაში, სრული სიცივე და სიცარიელე მივიღე. აბსოლუტურად არ ვიცი, რა მელოდება წინ.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაუპატიურების შემდეგ ჩემი ყოველი დღე ბრძოლას დაემსგავსა:
ისევ უნდა ვისწავლო ნდობა, გაღიმება და ვიპოვო ის დეზირე ლინ ვაშინგტონი, რომელიც მომპარეს მე და იმათ, ვისაც 1991 წლის 19 ივლისამდე ვუყვარდი. რაც შეეხება იმ ტკივილს, რომელიც მოძალადემ მომაყენა, ღმერთმა მაჩუქა იმდენი სიბრძნე იმის გასაცნობიერებლად, რომ ის ფსიქიკურად დაავადებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნაღვლიანი თვალების დანახვისას ხშირად ვტირი, შემიძლია თანაგრძნობა გამოვხატო მოძალადის მიმართ. ყოველთვის მინდოდა და ახლაც ჩემი სურვილია, რომ მან რეაბილიტაცია გაიაროს".
მოდისეტმა წერილი გადადო და გააგრძელა:
- ტაისონისთვის ჯერ არ გამოუტანიათ განაჩენი და დღეს მთელი მსოფლიო მოლოდინშია: არსებობს თუ არა მართლმსაჯულების რაიმე სისტემა. უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემა არსებობს: უნდა განვკურნოთ ეს ავადმყოფი ადამიანი. მოძალადე მაიკ ტაისონი არ უნდა დარჩეს თავისუფალი.
შემდეგ ჩემი განკურნების მიზნით მან რვა-ათი წელი პატიმრობა მოითხოვა. ახლა ჯერი ჯიმ ვოილესზე მიდგა, რომელსაც ჩემი სახელით უნდა ელაპარაკა. ვოილესი ადგილობრივი ადვოკატი გახლდათ, რომელიც ფულერმა იურიდიული კონსულტაციისთვის დაიქირავა. შესანიშნავი ბიჭი იყო - გულღია, მხიარული და ჭკვიანი. ის იყო ერთადერთი ადვოკატი ჩემს გუნდში, რომელსაც კარგად ვეწყობოდი. ყველაფერთან ერთად, კარგი ნაცნობობა ჰქონდა მოსამართლე გიფორდთან.
"ვენდოთ ამ ბიჭს", - სასამართლო პროცესის დაწყებამდე შევთავაზე დონ კინგს. ვოილესს შეეძლო საქმე ჩემ სასარგებლოდ შემოეტრიალებინა, მაგრამ დონმა და ფულერმა გაასულელეს ის: არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ. მთელი სასამართლო გარჩევისას, ერთი სიტყვაც არ ათქმევინეს. ერთ-ერთ მეგობართან საუბრისას, ჯიმმა საკუთარ თავს "ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცარიელი ადგილი" უწოდა. ახლა კი, როგორც იქნა, მიიღო ხმის ამოღების უფლება. მან მგზნებარე სიტყვით აუხსნა ყველას, რომ პატიმრობა რეაბილიტაციით უნდა შეეცვალათ, მაგრამ ეს სიტყვა სმენადაქვეითებულისთვის იყო. მოსამართლე გიფორდს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება.
თავდაპირველად, მან კომპლიმენტი მითხრა ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისა და "ქველმოქმედებისთვის", მაგრამ, ამას მოაყოლა "პაემანზე გაუპატიურების" შესახებ ტირადებით დახუნძლული სიტყვა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ზიზღს განიცდის ამ ტერმინის მიმართ:
- კანონი იძლევა ძალიან ზუსტ განსაზღვრებას გაუპატიურებაზე. აქ არსად არ არის ნათქვამი - უნდა იყვნენ თუ არა რაიმეთი დაკავშირებული ერთმანეთთან ბრალდებული და დაზარალებული. "პაემანი" არ ამართლებს პაემანზე გაუპატიურების ფაქტს... (ამ იურიდიული კაზუისტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცნება "პაემანი" გულისხმობს იმას, რომ წყვილს შორის არსებობს რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც, პოტენციურად, შეიძლება გადაიზარდოს სექსუალურ კავშირში, მაგრამ გაუპატიურების შემთხვევაში, ეს ურთიერთობა არ შეიძლება მოძალადის გამართლებად იქნას გამოყენებული).
ამ ლექციის დროს გონებით სულ სხვაგან ვიყავი. წარმოთქმულ სიტყვას ჩემთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ჩვენ არ ვყოფილვართ პაემანზე: როგორც დიადი კომიკოსი ბილ ბელამი იტყოდა, ეს იყო შეხვედრა სექსისთვის და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. მაგრამ შემდეგ ისევ დარბაზს დავუბრუნდი.
- ...და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებულის ბუნებიდან გამომდინარე, არსებობს მისი მხრიდან დანაშაულის რეციდივის რისკი, - თქვა მოსამართლემ და დაჟინებული მზერით მომაშტერდა. - თქვენს დოსიეში არ არსებობს ადრე ჩადენილი დანაშაული, ბევრი შესაძლებლობით ხართ დაჯილდოებული, მაგრამ ფეხი დაგიცდათ...
პაუზა გააკეთა და წარმოთქვა:
- ...ბრალდების პირველი პუნქტით გისჯით ათწლიან პატიმრობას...
"დამპალო ძუკნა", - ჩუმად ჩავილაპარაკე. ვიგრძენი, რომ რისხვა შემომაწვა. ამ პუნქტით ბრალი მედებოდა გაუპატიურებისთვის.
- ...ბრალდების მეორე პუნქტით გისჯით ათწლიან პატიმრობას...
დონ კინგმა და მისმა მეგობრებმა ამოიოხრეს. ამ პუნქტით, ბრალს მდებდნენ თითების გამოყენებაში. თითო წელი თითო თითისთვის.
- ...ბრალდების მესამე პუნქტით გისჯით ათწლიან პატიმრობას...
ეს კი ენის გამოყენებისთვის. 20 წუთის განმავლობაში. ალბათ, ეს იყო მსოფლიოს რეკორდი გაუპატიურებისას განხორციელებული კუნილინგუსის ხანგრძლივობის მხრივ.
- ...სასჯელი ერთდროულად შესრულდება, - აგრძელებდა მოსამართლე. - გაკისრებთ მაქსიმალურ ჯარიმას 30 ათასი დოლარის ოდენობით. ვამცირებ სასჯელის ვადას ოთხ წლამდე. ასევე, გამოსაცდელი ვადა განსაზღვრულია ოთხი წლით. ამ დროის განმავლობაში, ჩაერთვებით დოქტორ ჯერომ მილერის ფსიქოანალიტიკურ პროგრამაში და შეასრულებთ 100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს, მათ შორის, საგანმანათლებლო სამუშაოს ახალგაზრდებს შორის, სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით.
ფულერი წამოხტა და განაცხადა, რომ თავდებით უნდა გამათავისუფლონ იქამდე, სანამ ცნობილი ადვოკატი ალან დერშოვიცი არ მოამზადებს ჩემს აპელაციას. დერშოვიცი იქვე დარბაზში იჯდა და განაჩენის გამოტანას ესწრებოდა. ფულერის შემდეგ სიტყვა აიღო ჰარისონმა. მოგვიანებით, ბევრი ამტკიცებდა, რომ რასიზმის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ ვფიქრობ, მოდისეტი და ჰარისონი ასე საკუთარი დიდებისთვის იქცეოდნენ. სინამდვილეში, მათ არ აინტერესებდათ სასამართლო პროცესის შედეგი. ისინი, უბრალოდ, ესწრაფოდნენ პრესაში საკუთარი სახელების გამოჩენას - თუ როგორი "მაგარი ბიჭები" იყვნენ.
(გაგრძელება იქნება)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"