დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
(გაგრძელება. დასაწყისი N160, 161, 162)

ჩემი ძმა როდნი ხუთი წლით უფროსი იყო ჩემზე, ასე რომ, საერთო ძალიან ცოტა გვქონდა. ის უჩვეულო ბიჭი იყო. მე და ჩემი მეგობრები შავი ბიჭები ვიყავით გეტოდან, ის კი მეცნიერს ჰგავდა: კოლბებს უკირკიტებდა, მუდმივად ექსპერიმენტებს მიმართავდა. მას მონეტების კოლექციაც კი ჰქონდა. ანუ აკეთებდა იმას, რითაც თეთრები იყვნენ დაკავებულნი.

ერთხელ კოლეჯის გვერდით, პრატის ინსტიტუტის ქიმიურ ლაბორატორიაში მივიდა და იქიდან ექსპერიმენტისთვის ქიმიური პრეპარატები წამოიღო. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სახლიდან გავიდა, მის ოთახში შევაღწიე და ერთ-ერთ კოლბაში წყალი ჩავამატე.
აფეთქებისგან ეზოში გამავალი ფანჯარა ამოვარდა და ოთახში ხანძარი გაჩნდა. ამის შემდეგ საკუთარ კარზე საკეტი დააყენა.

მას ხშირად ვუწყობდი ოინებს, მაგრამ ეს მისთვის ჩვეულებრივი ანცობები იყო, რომელსაც მშვიდად უყურებდა... იმ დღემდე, სანამ სამართებლით არ დავჭერი. მან რაღაცის გამო მცემა და შემდეგ დასაძინებლად დაწვა. მე და ჩემი და დენიზი მორიგ "საპნის ოპერას" ვუყურებდით საავადმყოფოზე.

ერთ-ერთ სერიაში ოპერაციას უჩვენებდნენ. "ჩვენც შეგვიძლია ასე, როდნი კი შეიძლება პაციენტად გამოვიყენოთ. მე ვიქნები ექიმი, შენ - ექთანი", - ვუთხარი დას. ასე რომ, სახელოები დავიკაპიწეთ და მისი მარცხენა ხელის დამუშავებას შევუდექით. "სკალპელი", - ვბრძანე მე და დენიზმა სამართებელი გადმომცა. ოდნავ დავუსვი ხელზე და სისხლმა იფეთქა. "სპირტი მჭირდება", - გავეცი ბრძანება.

დენიზმა ალკოჰოლი მომაწოდა და სითხე ჭრილობაზე დავასხი. მან ღრიალით გაიღვიძა და მთელ სახლში გამოგვეკიდა. დედას ამოვეფარე. ამ ოინის შემდეგ მას დღემდე ნაიარევი დარჩა.

ხანდახან შესანიშნავად ვატარებდით დროს. ერთხელ ძმასთან ერთად ატლანტიკ-ავენიუზე ვსეირნობდი. მან მითხრა: "მოდი, ფუნთუშების ფაბრიკაში მივიდეთ". ადრე იქიდან რამდენიმე ფუნთუშა მოიპარა და ეჭვი მაქვს, უნდოდა ჩემთან დაეტრაბახა, რომ ისევ შეძლებდა ამის გაკეთებას.

მივუახლოვდით შენობას, კარი ღია იყო. შევედით და რამდენიმე პაკეტი ფუნთუშა ავიღეთ, მაგრამ კარი უკვე დაკეტილი აღმოჩნდა. ის შიგნით დარჩა, არადა, დაცვა გვიახლოვდებოდა. ფუნთუშები შემატენა და ნაძარცვთან ერთად შინ გავიქეცი. ცოტა ხანში დასთან ერთად სახლის წინ ვისხედით და ფუნთუშებს ვანადგურებდით. შაქრის ფხვნილისგან სახეები თეთრი გვქონდა. დედა გვერდით იდგა და მეზობელს ელაპარაკებოდა.

- ჩემმა ვაჟმა ძალიან კარგად ჩააბარა ტესტი ბრუკლინის ტექნიკურში (ბრუკლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლა), - ტრაბახობდა მეზობელთან. - ის შესანიშნავი მოსწავლეა, საუკეთესოა კლასში.
და სწორედ ამ დროს მოგვიახლოვდა პოლიციის ავტომობილი, რომელშიც როდნი იჯდა. ისინი სახლის წინ აპირებდნენ მის გადმოსმას, მაგრამ ძმამ გაიგონა - როგორ ტრაბახობდა დედა და პოლიციელებს უთხრა, გზა გაეგრძელებინათ. მათ ის პირდაპირ სპოფორდში, არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ ცენტრში მიიყვანეს. მე და დამ კი დიდი სიამოვნებით მივირთვით ყველა ფუნთუშა.

დროის დიდ ნაწილს დასთან ერთად ვატარებდი. ის ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და რაიონში ყველას უყვარდა. თუ მას მეგობრად მიიჩნევდი, მაშინ ის შენი საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ თუ გემტერებოდა, უმჯობესი იყო, ქუჩის მეორე მხარეს გადასულიყავი. ჩვენ ვაცხობდით ნამცხვრებს ნაყინით და თხილით, ვუყურებდით ფილმებს რესტინგზე და კარატეზე, დავდიოდით მაღაზიაში დედასთან ერთად. შესანიშნავი ცხოვრება გვქონდა. მაგრამ მოგვიანებით, როცა შვიდი წლის გავხდი, ჩვენი სამყარო თავდაყირა დადგა.

დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, დედამ დაკარგა სამსახური და გამოგვაძევეს ბედ-სტაიში ჩვენი მშვენიერი ბინიდან. მოვიდნენ უცნობი მამაკაცები და მთელი ჩვენი ავეჯი ქუჩაში გამოყარეს. სამივენი ვისხედით და ვყარაულობდით ნივთებს, სანამ დედა ახალ თავშესაფარს ეძებდა. მოვიდნენ ნაცნობი ბავშვები და დაინტერესდნენ: "მაიკ, რატომ არის ქუჩაში თქვენი ავეჯი?" და ჩვენ ვუპასუხეთ, რომ გადავდიოდით. შემდეგ მეზობლებმა შეგვამჩნიეს და საჭმელი მოგვიტანეს. ასე აღმოვჩნდით ბრაუნსვილში.

სხვაობის შეგრძნება ძალიან იოლი იყო. ადამიანები უფრო ხმაურიანები და აგრესიულები იყვნენ. ეს იყო საშინელი, სასტიკი და ამაზრზენი ადგილი. დედა მიჩვეული არ იყო აგრესიულ ზანგებს.

შეშინებული ჩანდა, როგორც ჩემი და-ძმა. გარშემო მტრული გარემო იყო, აქ ადგილი არ ჰქონდა მაღალ მატერიებს. მუდმივად სადღაც მიიჩქაროდნენ პოლიციელები თავიანთი სირენებით, მუდმივად ვიღაც აჰყავდა ქუჩიდან სასწრაფო დახმარების მანქანას, მუდმივად ისმოდა სროლის ხმა. ადამიანებს დანებით ჭრიდნენ, ამტვრევდნენ ფანჯრებს. ერთხელ მე და ჩემი ძმა პირდაპირ ჩვენი სახლის წინ დაგვაყაჩაღეს. ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო იმაზე დაკვირვება - როგორ ესროდნენ ეს ბიჭები ერთმანეთს იარაღიდან. ეს ყველაფერი მოგაგონებდათ ფილმებს ედვარდ რობინსონის (ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რომელმაც აღიარება მოიპოვა განგსტერთა როლების შესრულებით) მონაწილეობით. ამ ყველაფრის შემხედვარე, აუცილებლად წამოიყვირებდი: "ჯანდაბა, თურმე ასეთი რამ მართლა ხდება!"

მთელი კვარტალი გარყვნილების ბუდედ იყო ქცეული. ბევრისთვის სირცხვილის გრძნობა სრულიად უცხო იყო. ქუჩაში ხშირად გაიგონებდით ორალურ სექსზე ხმამაღალ შეთავაზებებს - როგორც კაცებისგან, ასევე ქალებისგან. ერთხელ ერთმა უცნობმა მამაკაცმა ქუჩიდან მიტოვებულ შენობაში შემათრია და "შებმა" დამიწყო. ასეთ ქუჩებში არასოდეს ვგრძნობდი თავს დაცულად. საერთო ჯამში, უსაფრთხოდ არც საკუთარ სახლში ვიყავი. როდესაც ბრაუნსვილში გადმოვსახლდით, დედაჩემის საღამოები დასრულდა. დედამ რამდენიმე მეგობარი შეიძინა, მაგრამ მხიარულ ნადიმებს აღარ აწყობდა. ამიტომაც სასმელს მიეძალა, თან ძლიერ. სხვა სამუშაო ვერ იპოვა და კარგად მახსოვს დედასთან ერთად გრძელ რიგში დგომა სოციალური უზრუნველყოფის ცენტრში. საათობით ველოდებოდით და როცა უკვე ჩვენი რიგი ახლოვდებოდა, ხუთი საათი ხდებოდა და იკეტებოდნენ. პირდაპირ შენ ცხვირწინ. ზუსტად ისე, როგორც კინოში.

ბრაუნსვილშიც მუდმივად გვასახლებდნენ. ეს რამდენჯერმე მოხდა. ხანდახან სავსებით მისაღებ ადგილზე აღმოვჩნდებოდით, სადაც ახალ მეგობრებს ვხვდებოდით, დედა - მორიგ ბოიფრენდს.
მაგრამ, ძირითადად, ყოველი გადასვლის შემდეგ პირობები სულ უფრო აუტანელი ხდებოდა - ცუდიდან უფრო უარესისკენ და ბოლოს, საერთოდ გაუსაძლისი. ბოლოს, ისეთ სახლებში შევდიოდით, რომელიც დანგრევას ექვემდებარებოდა - სითბოს, ელექტრობისა და წყლის გარეშე.

ზამთარში ოთხივეს ერთ საწოლში გვეძინა, ერთმანეთი რომ გაგვეთბო. და ასეთ სახლებში იქამდე ვრჩებოდით, სანამ ვინმე არ მოვიდოდა და არ გამოგვაგდებდა. დედაჩემი აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო, რომ ღია ცის ქვეშ არ დავრჩენილიყავით. ხშირად, ეს მისთვის ნიშნავდა ისეთ ვინმესთან დაწოლას, ვინც დიდად გულზე არ ეხატებოდა. ყველაფერი ზუსტად ასე იყო.

დედას არასოდეს ჩავუბარებივართ უსახლკაროთა თავშესაფარში, უბრალოდ, მორიგ მიგდებულ სახლში გადავდიოდით. ფსიქოლოგიურად ამან ძალიან იმოქმედა, მაგრამ რა უნდა გვექნა? აი, რას ვერ ვიტან სინამდვილეში და ეს დედამ დამანახვა: არ არსებობს არაფერი, რაც არ შეიძლება გააკეთო თავის გადასარჩენად.

ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის თანამშრომლებს, რომლებიც არარეგისტრირებულებს ეძებდნენ. ეს მოხდა ზაფხულში, როცა უფასო საუზმისა და სადილის მისაღებად დავდიოდით. მე მათ ვუთხარი: "ცხრა და-ძმა მყავს". ამიტომაც ბევრი საჭმელი მომცეს. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ომში ჩავეწერე და ფულადი დახმარება მივიღე. ამაყი ვიყავი, რომ სახლისთვის საკვები ვიშოვე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს ყველაფერი? ვაღებ მაცივარს და ვხედავ გასაცოდავებულ სენდვიჩს, ფორთოხალს და რძის პატარა პაკეტს. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი 20 შეკვრაა. სხვებიც დავპატიჟე. "ხომ არ გშია, ძმაო? ჩვენ გვაქვს საკვები". ისე ვიქცეოდით, თითქოს ეს სურსათი საკუთარი ფულით შევიძინეთ. ეს კი უფასო სადილი იყო.

პატარაობაში დედიკოს ბიჭი ვიყავი. ყოველთვის დედასთან ერთად მეძინა. ჩემს დასა და ძმას საკუთარი ოთახები ჰქონდათ, მე კი დედასთან მეძინა, სანამ 15 წელი არ შემისრულდა. ერთხელ დედა მამაკაცთან იყო იმ დროს, როცა მის საწოლში ვიწექი. ალბათ, ეგონა, რომ ღრმად მეძინა. დარწმუნებული ვარ, ამან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ რაც იყო, იყო.

როდესაც გამოგვეცხადებოდა მისი მამაკაცი ედი ჯილისონი, ტახტზე მიშვებდნენ. მათი სასიყვარულო ურთიერთობა მეტად უცნაური იყო. ისინი ერთად სვამდნენ, ჩხუბობდნენ, სექსზე გადადიოდნენ, კამათობდნენ, შედეგ ისევ სმა, ჩხუბი, სექსი... და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. მათ მართლაც უყვარდათ ერთმანეთი, თუნდაც ეს რაღაც გარყვნილი სიყვარული ყოფილიყო.

ედი სამხრეთ კაროლინადან იყო. დაბალი და ჩასკვნილი. მუშაობდა "ლონდრომეტის" ქარხანაში. სწავლის მხრივ, შორს ვერ წავიდა და იმ დროისთვის, როცა ჩემი და და ძმა მეოთხე კლასში გადავიდნენ, ვეღარ ეხმარებოდა მათ საშინაო დავალების მომზადებაში.

ედი ის კაცი იყო, ვისაც უნდოდა მთავარი ყოფილიყო ოჯახში. მაგრამ იგივე უნდოდა დედაჩემსაც. ასე რომ, სრულიად უწყინარ სიტუაციაში, შეიძლებოდა გაუთვალისწინებელი რამ მომხდარიყო. ყოველთვის იყო ჩხუბი, პოლიციელები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მე კი მეუბნებოდნენ: "ეი, ბიჭუნა, გაისეირნე ქუჩაში". ხანდახან ჩვენც ვერთვებოდით ჩხუბში.

ერთხელ დედამ და ედიმ სერიოზულად იჩხუბეს და მუშტებიც ჩართეს საქმეში. მათ შორის ჩავდექი და დედას დაცვა ვცადე. და უცებ, ედიმ მუცელში მუშტი მომარტყა. იატაკზე დავვარდი. მე ხომ პატარა ბავშვი ვიყავი. აი, ამიტომაც ხელს არასოდეს ვწევ ჩემს შვილებზე. როდესაც გაიზრდებიან, არ მინდა იფიქრონ, რომ ურჩხული ვარ. მაგრამ იმ დროს, ბავშვის ცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაშინ ეს არავის ანაღვლებდა. ეს დღეს ითვლება თითქმის მკვლელობად და ციხეში მიდიხარ.

(გაგრძელება იქნება)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული