მაიკ ტაისონი: ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ედი და დედაჩემი ყველაფერზე ჩხუბობდნენ: სხვა ქალებისთვის და კაცებისთვის, ფულისთვის, იმისთვის, თუ ვინ იყო მათ შორის მთავარი. დედა შინ დაქალებს შეკრებდა ხოლმე, ისინი თვრებოდნენ.

დედაჩემი ითიშებოდა და ედის სათითაოდ ყველა მის მეგობართან ჰქონდა სექსი. შემდეგ ჩხუბი იწყებოდა. ველური სცენები იყო - დანით დაჭრითა და გინებით: "დამპალო, შენი დედაც!" და ა.შ. ჩვენ ვყვიროდით: "დედა, არა, გაჩერდი!"

შვიდი წლის ვიყავი. მათ ისევ იჩხუბეს. ედიმ მუშტი დაარტყა და ოქროს კბილი ამოუგდო. დედა ოთახიდან გავიდა და დიდი ქვაბით წყალი დადგა ცეცხლზე. ჩემს დას და
ძმას უბრძანა, საბნის ქვეშ შემძვრალიყვნენ, მე კი გატაცებით ვუყურებდი ტელევიზორში ჩემს საყვარელ სპორტულ პროგრამას და არაფერი მესმოდა. დედამ გვერდით ჩამიარა, სრული სიმშვიდე სუფევდა - თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ედი ჩემ გვერდით იჯდა. უცებ უცნაური ხმა გავიგე და ადუღებული წყლით სავსე ქვაბი ედის თავში მოხვდა. წყლის შხეფები მეც გადმომესხა და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ერთ ტონას იწონიდა.

"ა-ა-ა-ა-ა!" - ედი ყვირილით გავარდა დერეფანში. მას სირბილით გავყევი. შემობრუნდა და დამიჭირა. "შვილო, ამ ძუკნამ შენც მოგაბეზრა თავი? - დაიყვირა მან. - ხო, მეც მომაბეზრა, ა-ა-ა-ა"! ოთახში შევათრიეთ და პერანგი გავხადეთ - კისერი, ზურგი და სახის ნაწილი წყლულებით ჰქონდა დაფარული. რეპტილიას ჰგავდა. ფანჯრის პატარა კონდიციონერის წინ იატაკზე დავაწვინეთ. ჩემი და გვერდით მიუჯდა, სანთებელით ნემსი გააცხელა და ერთიმეორის მიყოლებით წყლულები დაუხეთქა. მე და და ვტიროდით. გასამხნევებლად, ედის მეოთხედი დოლარი ვაჩუქე.

როცა ამაზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება დედა, როგორც მსხვერპლი, რადგან უმეტეს შემთხვევებში, ედი ურტყამდა მას. დარწმუნებული ვარ, ქალბატონები ქალთა განთავისუფლების მოძრაობიდან, მოიწონებდნენ მის საქციელს. და მაინც, კითხვა მებადებოდა - როგორ შეიძლებოდა დედა ასე მოქცეოდა იმას, ვისაც თავის მამაკაცს უწოდებდა? და ვხვდებოდი, რომ ის ნამდვილად არ იყო დედა ტერეზა. მას სერიოზული გამოხდომები ჰქონდა ედის მიმართ, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც რჩებოდა დედასთან.

რაც ყველაზე საინტერესოა, მას შემდეგ, რაც დედამ ის ცხელი წყლით "მოხარშა", ედი მაღაზიაში წავიდა მისთვის სასმლის შესაძენად. როგორც ხედავთ, მადლობის გადახდა გადაწყვიტა "შეყვარებულისთვის". აი, რატომ არ მქონდა ყველაფერი წესრიგში სექსუალური თვალსაზრისით.

აი, ასეთ გარემოებაში გავიზარდე. შეყვარებული ადამიანები თავს უტეხავდნენ ერთმანეთს და სისხლი სდიოდათ, როგორც ძაღლებს. ერთმანეთი უყვარდათ - და დანებს იქნევდნენ. ეშმაკმა დალახვროს, ჩემს ოჯახს შეძრწუნებამდე მივყავდი. ვიზრდებოდი უხეშ ქალებს შორის. ისეთ ქალებს შორის, რომლებიც მამაკაცებს ეჩხუბებოდნენ. როგორც მივხვდი, იქ ქალთან ჩხუბზე ტაბუ არ იყო დადებული. იმ ქალებს, რომლებსაც მე ვიცნობდი, თავისუფლად შეეძლოთ შენი მოკვლა. იძულებული იყავი, გეჩხუბა მათთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეეძლოთ დანა გაეყარათ ან ტყვია ესროლათ შენთვის, ან ბიჭებს მოგიყვანდნენ და ისინი "დაგამუშავებდნენ".

მეშინოდა შინ დარჩენის, მაგრამ არც ქუჩაში გასვლა იყო უსაფრთხო. იმ დროს საშუალო სკოლაში დავდიოდი და ეს იყო ნამდვილი კოშმარი. პუტკუნა ბიჭი ვიყავი, ძალიან მორცხვი, როგორც გოგო და ენაჩლიფინა. ბავშვები ასე მეძახდნენ - "ბიჭი-პატარა ფერია", რადგან ყველგან დასთან ერთად დავდიოდი. დედამ დამარიგა, რომ დენიზის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, რადგან ასაკით დიდი იყო და ჩემზე უნდა ეზრუნა.

კიდევ ისინი "ჭუჭყიანს" მეძახდნენ, ვინაიდან იმ დროს ცოტა რამ ვიცოდი ჰიგიენის შესახებ. ჩვენ არ გვქონდა ცხელი წყალი შხაპის მისაღებად, ხოლო, როცა გაზს გვითიშავდნენ, წყლის ადუღებაც კი არ შეგვეძლო. დედა ცდილობდა, ესწავლებინა ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ცუდად გამომდიოდა. ჩვეულებრივ, ის იღებდა ცხელ წყალს, საპონის ნატეხს და თავად მბანდა. მაგრამ, როცა ბავშვი ხარ, დიდად არ ზრუნავ ჰიგიენაზე. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ქუჩაში უფროსი ბავშვებისგან გავიგე. ისინი მომიყვნენ ოდეკოლონ "ბრიუტზე", ტუალეტის წყალ "პაკო რაბანიზე" და პიერ კარდენის პარფიუმერიაზე.

სკოლა ჩვენს სახლთან ახლოს იყო და ხანდახან დედა, რომელიც წინა ღამის ლოთობისგან ისვენებდა, გაკვეთილებზე არ მაცილებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გზაში ბავშვები ხელს მკრავდნენ და კეფაში მირტყამდნენ, თან მიყვიროდნენ: "აქედან გაეთრიე, ზანგო, ბინძურო ნაბიჭვარო!" შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ამბავი იყო. სახეში მირტყამდნენ, მე კი გავრბოდი. როცა სკოლაში მივდიოდით, აგვეკიდებოდნენ და გვაწუხებდნენ, ხოლო შინ დაბრუნებისას, იარაღს იღებდნენ და გვძარცვავდნენ იმის გამო, რომ სხვებისგან განსხვავებულნი ვიყავით. ეს, უბრალოდ, წამება იყო - მცირეწლოვანები გვძარცვავდნენ ჩვენს საკუთარ სახლში.

ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, რომ პირველ კლასში სათვალის ტარება დავიწყე. დედამ მხედველობა შეამოწმებინა. აღმოჩნდა, რომ ახლომხედველი ვიყავი და მან სათვალე შეუკვეთა. საშინელი ფორმის იყო. ერთხელ, სკოლაში სასადილო შესვენების დროს, შინ მოვდიოდი და სასადილოდან ფოლგაში გახვეული გუფთა მომქონდა. მომიახლოვდა ბიჭი და მკითხა: "ეი, ფული გაქვს?" ვუპასუხე: "არა". მან ჯიბეები გამიჩხრიკა, რის შემდეგაც გუფთის წართმევა მოინდომა. წინააღმდეგობა გავუწიე და წიხლების კვრა დავიწყე: "არა, არა, არა!" ჩემთვის შეიძლებოდა ფული წაგერთმია, მაგრამ არა საკვები.

მოვიხარე და მთელი სხეულით ვიცავდი გუფთას. ის თავში მირტყამდა, შემდეგ სათვალე მომხსნა და სატვირთო მანქანის საწვავის ავზის ქვეშ შეტენა. სახლში გავიქეცი, თუმცა გუფთა მაინც არ შევახვედრე.

პასუხი უნდა გამეცა ამ ბიჭებისთვის, მაგრამ ძალიან შეშინებული ვიყავი, რადგან თავხედები და თვითდაჯერებულები იყვნენ. მეჩვენებოდა, რომ მათ იცოდნენ რაღაც, რაც ჩემთვის უცხო და უცნობი იყო. "ნუ მირტყამთ, თავი დამანებეთ, შეწყვიტეთ!" - მხოლოდ ამას ვიმეორებდი. ასეთი შეურაცხყოფის გამო დღემდე ჩემს თავს მხდალს ვუწოდებ. ეს არის გაშმაგებული გრძნობა, როცა უმწეო ხარ - ამას ვერასოდეს დაივიწყებ.

იმ დღის შემდეგ, როცა იმ ბიჭმა სათვალე წამართვა, სკოლაში აღარ წავსულვარ. ეს გახდა სასწავლო დაწესებულებაში ჩემი განათლების დასასრული. შვიდი წლის ვიყავი და უბრალოდ, აღარ დავბრუნდი იქ.

ამის შემდეგ სკოლაში მხოლოდ საუზმისთვის მივდიოდი. ორი საათი უაზროდ დავყიალობდი ქუჩებში, შემდეგ სკოლაში სასადილოდ ვბრუნდებოდი და ისევ უკან მოვდიოდი. ერთხელ, 1974 წლის გაზაფხულზე, ქუჩაში სამი ბიჭი მომიახლოვდა. გამჩხრიკეს. "ფული გაქვს?" - მკითხეს მათ. "არა", - ვუპასუხე მე. ისინი აგრძელებდნენ: "და თუ ვიპოვით?" მათ ჯიბეები ამომიბრუნეს და ვერაფერი იპოვეს. ამის შემდეგ მკითხეს:

- სად მიდიხარ? არ გინდა ჩვენთან ერთად ფრენა?

- ეს რას ნიშნავს? - დავინტერესდი მე.

სკოლასთან მივედით. ისინი ღობეზე გადაძრომაში დამეხმარნენ და მე იქიდან რამდენიმე პაკეტი რძე გადავუგდე. შემდეგ რამდენიმე კვარტალი გავიარეთ და ერთ მიტოვებულ შენობაში შესვლა მიბრძანეს.

"არ ვიცი", - ვყოყმანობდი მე. პატარა და სუსტი ვიყავი, ისინი კი სამნი იყვნენ. მაინც შევედით და ისევ მიბრძანეს: "სახურავზე ადი, შიბზიკ". წარმოდგენა არ მქონდა: იქნებ მოკვლას მიპირებდნენ. სახურავზე ავედით და დავინახე პატარა ყუთი, რომელშიც მტრედები ჰყავდათ ჩასმული. ეს ბიჭები სამტრედეს აშენებდნენ. ასე გავხდი მათი მოსამსახურე. მალე გავიგე, რომ მტრედები ხშირად სხდებიან სხვა სახლის სახურავზე - თუ დაბრუნება ეზარებათ ან ჯანმრთელად არ არიან. ამ შემთხვევაში, ქვემოთ ჩამოვდიოდი, ვარკვევდი, რომელ სახურავზე სხდებოდნენ, იმ შენობის სახურავზე ავდიოდი და იქიდან მტრედებს ვდენიდი. მთელი დღე მათ დავდევდი - და ეს შესანიშნავი იყო. მომწონდა ეს საქმე. ასევე მომწონდა ზოომაღაზიაში წასვლა მათთვის საკვების საყიდლად.

ჩემი ნაცნობები "მაგარი ბიჭები" იყვნენ და მათ მოსწონდათ, რომ მოსამსახურე ჰყავდათ. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს უიღბლოს ვუწოდებდი, მაგრამ აქ, სახურავზე, ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ეს საქმე ზუსტად ჩემი იყო.

მეორე დღეს ისევ მივედი იმ შენობასთან. ჩემი გუშინდელი ნაცნობები სახურავზე დამხვდნენ და დამინახეს თუ არა, აგურები დამიშინეს. "აქ რას აკეთებ, ნაბიჭვარო? მტრედები გინდა მოგვპარო?" - მკითხა ერთ-ერთმა. მე კი მეგონა, რომ ეს შენობა ჩემი ახალი სახლი იყო.

- სულაც არა! - შემეშინდა მე. - უბრალოდ, მინდოდა გამეგო, მაღაზიაში ხომ არ გაგეგზავნოთ და მტრედები ხომ არ არის მოსაძებნი!

- სერიოზულად ამბობ? - გაუკვირდა მას. - მაშინ აქ მოდი, "შიბზიკ".

და მაღაზიაში სიგარეტისთვის გამაგზავნეს. ეს იყო ქუჩის სასტიკი ბიჭების ბრბო, მაგრამ მე თანახმა ვიყავი მათ დახმარებაზე, რადგან მტრედებმა გამიტაცეს. ეს მართლაც შესანიშნავი იყო - დააკვირდე, ორასამდე მტრედი როგორ არტყამს ცაში წრეებს, შემდეგ კი სახურავზე ბრუნდება.

მტრედების აფრენა - დიდი სპორტია ბრუკლინში. ამით გატაცებული იყო ყველა - მაფიის ბოსებით დაწყებული, გეტოს პატარა ბიჭებით დამთავრებული. ამის ახსნა შეუძლებელი იყო, ეს უბრალოდ სისხლში ჰქონდათ. ვისწავლე, როგორ უნდა მოვეპყრა მტრედებს, გავიგე მათი თავისებურებები. დრო გადიოდა და ამ საქმის ნამდვილი მცოდნე გავხდი და ვამაყობდი, რომ ვერკვეოდი ამ ყველაფერში. თითოეული უშვებდა თავის მტრედს ერთსა და იმავე დროს. მთელი მუღამი სხვა მტრედების ხელში ჩაგდებაში მდგომარეობდა. ეს ცხენების დოღს ჰგავდა. თუ ეს სისხლში გაქვს, ამას ვეღარ გადააგდებ. ამის შემდეგ, სადაც არ უნდა მეცხოვრა, სამტრედეს ვიშენებდი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული