დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ერთხელ სახურავზე ვიყავით და მტრედებს თავს დავტრიალებდით, როცა ჩვენზე უფროსი ბიჭი გვესტუმრა - ამ ჩემი ნაცნობებიდან ერთ-ერთის მეგობარი.

მას ბარკიმი ერქვა. დაინახა, რომ მისი მეგობარი იმ მომენტში ჩვენთან არ იყო და გვთხოვა, მისთვის გადაგვეცა, რომ ამ საღამოს ჩვენი კვარტლის გასართობ ცენტრში ჯემ-სეიშენზე ელოდებოდა. ჯემ-სეიშენი მოზარდთა ცეკვებს ჰგავდა, თუმცა ეს არ იყო ნაგავი არჩი და ვერონიკას სტილში (არჩი და ვერონიკა - კომიქსების გმირები გეტოსთვის მიუღებელი "წესიერი ოჯახებიდან" გამოსული მოზარდებისთვის). გასართობ ცენტრში მიდიოდნენ ბანქოს მოყვარულები, ჯიბის ქურდები, მძარცველები... ეს იყო ავაზაკთა ბუნაგი.

მაშ ასე, იმ საღამოს გასართობ ცენტრში წავედი. შვიდი წლის ვიყავი და არანაირი წარმოდგენა არ მქონდა ისეთ პროცედურაზე, როგორიცაა ტანსაცმლის გამოცვლა. არ ვიცოდი, რომ იქამდე, სანამ კლუბში წახვალ, შინ შხაპი უნდა მიიღო და გამოიცვალო.

ეს იმისთვის, რომ სხვებზე ნორმალური შთაბეჭდილება მოახდინო. ანუ მოიქცე ისე, როგორც ის ბიჭები, რომლებსაც მტრედები ჰყავთ. მაგრამ მე გასართობ ცენტრში პირდაპირ სამტრედედან გავემგზავრე, იმავე აყროლებული ტანსაცმლით, რომელიც მტრედის სკლინტში იყო ამოსვრილი. იმედი მქონდა, რომ ის ბიჭები თავისიანად ჩამთვლიდნენ, რადგან მათ მტრედებს ვუვლიდი.

მივედი გასართობ ცენტრში და ხალხი გაოგნდა:

- რა სუნია? შეხედეთ ერთი ამ ბინურ და აყროლებულ ნაბიჭვარს!

ყველამ ჩემი დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ამან ძალიან მატკინა გული. ერთდროულად ვტიროდი და ვიცინოდი, რადგან მინდოდა, იმ სიტუაციას მოვრგებოდი. ვეჭვობ, ბარკიმს ჩემი ჩაცმულობის შემხედვარე, შევეცოდე. მომიახლოვდა და მითხრა:

- ეი, შიბზიკ, წადი აქედან. ხვალ, დილის რვა საათზე სახურავზე შევხვდებით.

მომდევნო დილას, სამტრედესთან დანიშნულ დროს მივედი. გამოჩნდა ბარკიმი და ლექცია წამიკითხა.

- რას აკეთებ, შენი დედაც?! არ უნდა გამოიყურებოდე ქუჩის მაწანწალასავით. ჩვენ ხომ საქმიანი ადამიანები ვართ, - სწრაფად ლაპარაკობდა და ვცდილობდი, მისი თითოეული სიტყვა გამეაზრებინა. - მოკლედ, ფული უნდა ვიშოვოთ, შიბზიკ. მზად ხარ?

და დავიწყეთ სხვისი სახლების ძარცვა. ის ფანჯრიდან გადაძრომას მაიძულებდა - იქ, სადაც თვითონ ვერ გაეტეოდა. შემდეგ შიგნიდან კარს ვუღებდი. როგორც კი სახლში აღმოვჩნდებოდით, დაუვლიდა კარადებს, ყუთებს, ხსნიდა სეიფებს - ყველაფერს მუსრს ავლებდა.

ერთხელ რვაბილიკიანი სტერეოსისტემა წამოვიღეთ, საიუველირო ნაკეთობები, იარაღი, ფული. ამ საქმის შემდეგ დილენსი-სტრიტზე წამიყვანა და მაღალი ხარისხის ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი და ძვირფასი ქურთუკი მიყიდა. იმავე საღამოს ჯემ-სეიშენზე წამიყვანა, სადაც ყველანი იყვნენ, ვინც მაშინ დამცინა. ახალი ქურთუკი და ტყავის შარვალი მეცვა და ვერავინ მიცნო, თითქოს სულ სხვა ადამიანი ვყოფილიყავი. დაუჯერებელი იყო.

ბარკიმი ის ბიჭი აღმოჩნდა, ვინც კრიმინალურ სამყაროში შემიყვანა. მანამდე არასოდეს არაფერი მომიპარავს - თუნდაც ერთი პური და ტკბილეულობა. არ მქონდა ანტისაზოგადოებრივი გადახრები. უბრალოდ, ვერ გავბედავდი ამას. მაგრამ ბარკიმმა ამიხსნა - როცა კარგად გამოიყურები, შენ მიმართ ყველა პატივისცემას გამოხატავს. თუ ბოლო მოდაზე ხარ ჩაცმული, საუკეთესო ტანსაცმელი გაქვს, საზოგადოებრივ აღიარებას მოიპოვებ.

ერთხელ ბარკიმმა იუტიკ-ავენიუზე გორგოლაჭებიან ციგურებზე სასრიალოდ წამიყვანა. იქ შევხვდი ბიჭებს, რომლებსაც "რატლენდ-როუდის გუნდი" ერქვა.

ისინი ახალგაზრდები იყვნენ, დაახლოებით 12 წლის, მაგრამ უფროსებივით ეცვათ: ნიანგის ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელი, ბეწვეული, შლაპები... მათ ჰქონდათ დიზაინერული ტანსაცმელი სერჯო ვალენტესგან, ჯორდაშისგან, პიერ კარდენისგან... ჩემზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბარკიმმა ამიხსნა, როგორ მოახერხეს ეს: ეს ბიჭები ჯიბის ქურდები, მძარცველები, წამგლეჯები იყვნენ. ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდნენ და თან საათები, ბეჭდები, ძვირფასეულობა ჰქონდათ. მოპედებით მოძრაობდნენ. მათ ყველა ბანდიტებს უწოდებდა, ჩვენ - "ფულის ძმებს". შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი.

ბარკიმმა ქუჩაში თავის შვილად წარმადგინა. რამდენიმე წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ ასეთია ქუჩის ტერმინოლოგია, რომელიც აფრთხილებდა ყველას, რომ ჩემ მიმართ პატივისცემა უნდა გამოეჩინათ. ეს ნიშნავდა: "ეს ჩემი ქუჩის შვილია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთად ვიპარავთ. ეს არის ჩემი უმცროსი საქმიანი პარტნიორი. თავი დაანებეთ ამ ზანგს".

ის, ვინც პატივს სცემდა ბარკიმს, ახლა იგივე გრძნობა ჩემ მიმართაც უნდა გამოეხატა. ბარკიმი მასწავლიდა, ვისგან დამეჭირა თავი შორს, ვისი ნდობა არ შეიძლებოდა - თუ თითს დაანახებ, მთლიანად ხელს მოგაჭამენ. ჩემი ცხოვრება ოლივერ ტვისტის ცხოვრებას მაგონებდა, როცა ფეჯინი ასწავლიდა მას სხვადასხვა ოინს. ბარკიმი ხშირად ყიდულობდა ჩემთვის ტანსაცმელს, მაგრამ არასოდეს მაძლევდა ბევრ ფულს. თუ ორი ათასს მოიპარავდა, 200 დოლარს გადმომიგდებდა. მაგრამ რვა წლის ასაკში ორასი დოლარი - დიდი ფული იყო. ხანდახან რამდენიმე დღე მოპარული სამკაულის ტარების უფლებას მაძლევდა.

"რატლენდ-როუდის გუნდთან" ერთად, კრიმინალურ სამყაროში ნაცნობობის ახალ დონეზე გავედი. ისინი, ძირითადად, ლათინოსები იყვნენ კრაუნ-ჰაითსის რაიონიდან. ბარკიმი იცნობდა დიდების ჯგუფს, რომელსაც "კეტსი" ერქვა.

მე კი საქმე დავიჭირე "რატლენდ-როუდის გუნდის" უმცროს ჯგუფთან. მათ დავყავდი ბინების ბლიც-ქურდობებზე. მივდიოდით სკოლაში, იქ ვსაუზმობდით, შემდეგ ვსხდებოდით ავტობუსში ან მეტროში და სასკოლო გაკვეთილების დროს ქურდობას ვეწეოდით. დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ რაღაც საერთო საქმეს ვეკუთვნოდი. ყველანი თანაბარნი ვიყავით, თითოეული ჩვენგანი თანაბრად მონაწილეობდა ამ ძარცვებში.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ვიღაცებს შეუძლიათ გამკიცხონ, როგორც ჩამოყალიბებული ზრდასრული დამნაშავე, მაგრამ მე ხომ ამ ყველაფერს 35 წლის წინ ჩავდიოდი. პატარა ბიჭი ვიყავი, რომელიც სიყვარულსა და აღიარებას ეძებდა და ეს მე ქუჩაში ვიპოვე. იქ მივიღე ჩემი ერთადერთი განათლება, ეს ბიჭები კი ჩემი მასწავლებლები იყვნენ. ასაკით ჩემზე გაცილებით უფროსი ქურდებიც კი მეუბნებოდნენ:

"არ ღირს ამის კეთება. უმჯობესია, სკოლაში წახვიდე". მაგრამ არ მინდოდა მათი მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში პატივისცემით სარგებლობდნენ. ისინი მირჩევდნენ, სწავლა გამეგრძელებინა, თავად კი იმავე ასაკში სკოლიდან გარბოდნენ და იპარავდნენ.

ყველა თანატოლი პატივს მცემდა, რადგან პატარა საქმოსანი ვიყავი. მეგობრებს ვუყოფდი ფულს, როცა მათ ეს სჭირდებოდათ. ყველასთვის მიმქონდა საკვები და ალკოჰოლი. დავიწყე მტრედების შეძენა. თუ კარგი ფრინველები გყავდა, უფრო მაღლდებოდი ყველას თვალში.

ყველაფერთან ერთად, ეს იყო სიამოვნება - ჯერ მოიპარო, შემდეგ წახვიდე და შენთვის რაღაც იყიდო. ვხედავდი, როგორ მეპყრობდნენ, როცა კარგად ჩაცმული გამოვცხადდებოდი ხოლმე - პალტოში, ბეწვის საყელოთი, "პუმას" საფირმო სპორტული ფეხსაცმლით... მქონდა სათხილამურო კოსტიუმი და ყვითელი სათვალე, თუმცა სათხილამურო ტრასაზე არასოდეს ვყოფილვარ. დამარცვლითაც ვერ ვკითხულობდი ამ საშინელ სახელწოდებას - "ადიდასი", სამაგიეროდ, ვიცოდი, როგორ გრძნობ თავს ამ ტანსაცმელში.

"რატლენდ-როუდის" გუნდიდან ერთმა ბიჭმა მასწავლა - როგორ გამეხსნა საკეტი. თუ გაქვს გასაღები, რომელიც რაღაცნაირად მაინც ერგება ხვრელს, შენ უბრალოდ მოქმედებ იქამდე, სანამ ის არ გატეხავს საკეტის საპირეს - და კარი ღიაა. ერთხელ ასეთი ხერხით გავაღეთ კარი და უნდა გენახათ, რამდენი რამ წამოვიღეთ:

სუფრის ვერცხლეულობა, იარაღი, ფულის დასტები. უზომოდ ბედნიერები ვიყავით, ერთდროულად ვქვითინებდით და ვიცინოდით. ყველაფერი ერთად ვერ წამოვიღეთ. არ შეგვეძლო ამ ყველაფრით ქუჩაში გასვლა. ასე რომ, უბრალოდ, რაც ჯიბეებში ჩაგვეტია, ის გამოვიტანეთ.

ერთხელ ჩემს მეგობართან, კერტისთან ერთად სახლს ვძარცვავდი. იქაური მცხოვრებელები ლათინოსები იყვნენ, როგორც კერტისი. უკუნეთ სიბნელეში წინ მივდივარ და მესმის: "ვინ არის? ეს შენ ხარ, ძვირფასო?" გადავწყვიტე, რომ კერტისი მაიმუნობს ჩემ შესაშინებლად და ვუპასუხე: "მინდა ვიპოვო იარაღი და ფული. სეიფი მონახე". "რა თქვი, ძვირფასო?" და მაშინ მივხვდი, რომ ეს კერტისი არ იყო. ეს იყო მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა. კარისკენ გავიქეცი.

"კერტის, ჩავვარდით! გავიქცეთ აქედან, აქ ვიღაც არის", - ჩავიჩურჩულე მე. მაგრამ კერტისი პედანტი იყო. იმის ნაცვლად, რომ გაქცეულიყო, ჯერ კარის ჩაკეტვა გადაწყვიტა. მე კი მთელი ძალით გავიქეცი. სახლის პატრონმა კარი გააღო და კერტისს თავი გაუტეხა, შემდეგ კი სასტიკად სცემა. მოგვიანებით ვნახე ის. ცოცხალი იყო, მაგრამ სახე საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. ძალიან მოხვდა. დიახ, ჩვენი ცხოვრება სავსე იყო ხიფათით.

როცა სუფრის ვერცხლეულობას ან ძვირფასეულობას მოვიპარავდით, უტიკ-ავენიუზე სელთან ან სტერლინგ-სტრიტზე მივდიოდით. მაღაზიაში იცოდნენ, რომ მათთან მოპარული ნივთებით მივდიოდი, თუმცა ვიცოდი, რომ ისინი არაფერს დამიშავებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებოდნენ. ვიცოდი, რა მინდოდა.

ხანდახან, როცა შუადღეზე ქუჩაში დავყიალობდით და შემთხვევით სკოლის შენობას მივადგებოდით, უბრალოდ, შიგნით შევდიოდით, ლანგარს ვიღებდით, რიგში ვდგებოდით და ჭამას ვიწყებდით. ამ დროს შეგვეძლო ვინმე შეგვეთვალიერებინა, ვისაც ღირებული ყელსაბამი ეკეთა. მივირთმევდით, ლანგარს უკან ვაბრუნებდით, კართან მივდიოდით, შერჩეულს ყელსაბამს ჩამოვგლეჯდით და გავრბოდით.

ვცდილობდით, ქუჩაში კარგი სანახავები ვყოფილიყავით, რადგან თუ შენ ხარ პატარა შავი ბიჭი, მოუვლელი და ჭუჭყიანი მარტო დადიხარ ქალაქში, როგორც წესი, უცნობები გაწუხებენ. ამიტომაც სასიამოვნოდ და უწყინრად გამოვიყურებოდით. სასკოლო ზურგჩანთები გვქონდა, საბავშვო სათვალე გვეკეთა და თეთრი პერანგები გვეცვა - სრული სასკოლო ეკიპირება.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მარტომ დავიწყე ბინების ძარცვა. ეს მომგებიანი იყო, თუმცა ქუჩაში შეკრებები და ბრბოში ჯიბის ქურდობები უფრო მაცდური იყო. ხელს სტაცებ ქალის სამკაულს და პოლიციელები მოგვდევენ. ამას ვეძახდით: "მოვიდნენ გმირები და მოაგვარეს ყველა პრობლემა". ეს იყო დიდი რისკი ნაკლები ფულისთვის, მაგრამ გვიყვარდა მძაფრი შეგრძნებები. იმისთვის, რომ წარმატებული და იღბლიანი ჯიბის ქურდი გახდე, როგორც წესი, მეწყვილე უნდა გყავდეს.

ხანდახან დაუგეგმავად ხვდებოდი ვიღაც ნაცნობს და ერთ გუნდად ვერთიანდებოდით. ხანდახან კონკურენტებსაც შევეჩეხებოდით ხოლმე. ადიხარ ავტობუსში, იქ კი ვიღაცაა, რომელიც მზად არის, დააცარიელოს მგზავრების ჯიბეები. მაგრამ შენ მასზე უფრო მეტად იპყრობ ყურადღებას. ამას ჰქვია "ავტობუსის გაღვიძება". შენამდე ავტობუსში სიმშვიდე იყო, მაგრამ როგორც კი ახვედი, მძღოლი ხმამაღლა აცხადებს:

"ქალბატონებო და ბატონებო, ავტობუსში ამ წუთას შემოვიდნენ ცნობილი ახალგაზრდა ადამიანები. ყურადღებით გააკონტროლეთ თქვენი ჯიბეები. ისინი თქვენ გაქურდვას შეეცდებიან". ჩადიხარ მომდევნო გაჩერებაზე და ჯიბის ქურდი, რომელიც თვალში არავის ხვდებოდა, გიახლოვდება:

- ნაბიჭვარო, ავტობუსი გააღვიძე, - გიყვირის ის. თუ ის შენზე უფროსია, შეიძლება გცემოს და წაგართვას ფული ან ძვირფასეულობა, რომელიც მოიპარე.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული