დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ერთხელ, დედამ თავის მეგობართან ვიასთან წამიყვანა სტუმრად. ვიას ქმარი ჩემს მსხვერპლად ზედგამოჭრილი იყო. როგორც კი დასაძინებლად დაწვა, მისი ჯიბიდან საფულე ამოვიღე და ფული მოვიპარე. გაღვიძებულმა, სასტიკად სცემა ვია, რადგან ეგონა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო. რაიონში ყველას საშინლად შევძულდი. ხოლო იმას, ვისაც ასეთი რამ არ გაუბედავს, ჩემი შურდა, პარტნიორებსაც კი. ახლა უკვე მყოფნიდა თავხედობა სხვადასხვა სარისკო საქციელზე.

ეს დაუჯერებელი იყო. არანაირ გრძნობას არ განვიცდიდი იმ დროს, როცა ხელს ვტაცებდი ყელსაბამს, ვიღაცას კიბეზე ქვემოთ მივათრევდი და მისი თავი საფეხურებზე ხტუნავდა. მაღელვებდა
თუ არა ეს? სულაც არა, მხოლოდ ყელსაბამი მჭირდებოდა.

არაფრის გაგონება არ მსურდა სიბრალულსა და თანაგრძნობაზე. არავის არასოდეს გამოუჩენია ჩემ მიმართ სიბრალული. სიბრალულს მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი, როცა ძარცვის დროს, იარაღით ან დანით ჩემს რომელიმე მეგობარს დაჭრიდნენ. აი, მხოლოდ ამ დროს ვიყავი ნაღვლიანი. მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ქურდობას. იმედი მქონდა, რომ არ გამაგორებდნენ. უბრალოდ არ შემეძლო გაჩერება.

ვიცოდი, რომ ვიღაცას შეიძლება მოვეკალი, მაგრამ ეს არ მაღელვებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მქონდა იმედი, რომ 16 წლამდე ვიცოცხლებდი და რატომ არ უნდა ამეღო ჩემი?

ჩემმა ძმამ როდნიმ ერთხელ თქვა, რომ მისი აზრით, მე ვიყავი ყველაზე გაბედული ბიჭი იმათგან, ვისაც კი ოდესმე იცნობდა. მაგრამ სულაც არ ვთვლიდი, რომ თამამი ვიყავი. მე მყავდა გაბედული მეგობრები, რომლებიც შეეძლოთ მოეკლათ ძვირფასეულობის, საათის ან მოტოციკლის გამო, მაგრამ ისინი, არაფრის დიდებით არ დათმობდნენ ამ ნივთებს. ამ ბიჭებს რაიონში ყველაზე მეტ პატივს სცემდნენ.

არ ვიცი - ვიყავი თუ არა გაბედული, მაგრამ ასეთი ბიჭი ჩემს ცხოვრებაში ბევრი მინახავს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე უფრო გიჟი ვიყავი, ვიდრე გაბედული. ღიად ვესროდი ადამიანებს მაშინ, როცა დედაჩემი ფანჯარაში იყურებოდა. უტვინო ვიყავი. როდნი ფიქრობდა, რომ ეს გაბედულობა იყო, მაგრამ, არა - ეს იყო ტვინის დეფიციტი. მაქსიმალისტი ვიყავი, ზღვარი არ ვიცოდი.

ყველა ჩემი ნაცნობი საქმეში იყო. ის ბიჭებიც კი, რომლებსაც სამსახური ჰქონდათ, მაინც ხელმრუდობდნენ და რაღაც ფულს შოულობდნენ. ვიღაც ნარკოტიკებს ყიდდა, ვიღაც იპარავდა. ეს კიბორგების სამყაროს ჰგავდა, სადაც პოლიციელები ცუდი ბიჭები იყვნენ, მძარცველები - კარგები. თუ არავის შეეხებოდი, შენც არავის აინტერესებდი. უბრალოდ, მუდოს დაგიძახებდნენ. და თუ რაიმე სისაძაგლეს სჩადიოდი, ყველაფერი წესრიგში გქონდა. თუ ვინმესთან დაძაბულ ურთიერთობაში იყავი, ისინი ჩხუბში წამოგყვებოდნენ. შენზე იციან, რომ ერთ-ერთი მათგანი ხარ. იმდენად მაგარი ვიყავი, რომ რაიონში ყველა საძაგელმა ნაძირალამ იცოდა ჩემ შესახებ.

შემდეგ თანდათან გართულდა ყველაფერი. კინაღამ პოლიციამ მომიღო ბოლო. ჩხუბი ბრაუნსვილში - მხოლოდ ნახევარი უბედურება იყო. მოფარებულ ადგილას ბანქოს თამაშობდი და ამ დროს, გამოჩნდებოდნენ ბიჭები, რომლებიც სხვა ბიჭებს ესროდნენ. არასოდეს იცოდი, საიდან გამოჩნდებოდა მორიგი საფრთხე.

შეიძლებოდა გამოჩენილიყო რომელიღაც ბანდა მოტოციკლებით და ცეცხლი გაეხსნა ჩვენთვის. ვიცოდით, სად იყო დაბანაკებული ყველა ბანდა, ამიტომაც გვესმოდა, რომ იქ არ უნდა გამოვჩენილიყავით.

მაგრამ, სულ სხვა საქმეა, როცა პოლიციელები გესვრიან. ერთ მშვენიერ დღეს, ემბოი-სტრიტზე საიუველირო მაღაზიის წინ გავიარეთ და უცებ შევამჩნიე, რომ იუველირს რაღაც კოლოფი მოჰქონდა. ხელიდან გამოვგლიჯე და გავიქეცით. უკვე ჩვენს კვარტალთან ვიყავით, როცა საბურავების დამუხრუჭების ხმა გავიგონეთ. ავტომანქანიდან გადაცმული პოლიციელები გადმოცვივდნენ და სროლა დაგვიწყეს. იმ მიტოვებულ შენობაში შევვარდი, სადაც, ჩვეულებრივ ვიკრიბებოდით. მას ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი. ვიცოდი, როგორ გავსულიყავი კედლებში ან ავსულიყავი სახურავზე, როგორ "ჩამეყვინთა" ნაპრალში და ავსულიყავი ჭერქვეშ ნივნივაზე. ასეც მოვიქეცი. ჭერში ავძვერი და ნაპრალში ყურება დავიწყე. ვხედავდი ყველას, ვინც ქვემოთ მოძრაობდა.

დავინახე, როგორ შემოვიდნენ პოლიციელები შენობაში. შეყენებული იარაღით ქვემოთ დადიოდნენ და ერთ-ერთი პირდაპირ ნაპრალისკენ გაემართა.

- ამის დედაც... ეს ბანდა ნერვებზე მოქმედებს. ამის გამო მოვეთრიე ამ ნანგრევებში, - თქვა მან. - დავხოცავ ამ ნაბიჭვრებს!

მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდნენ თეთრი პოლიციელები ერთმანეთს და იცინოდნენ. ისინი მეორე სართულზე ვერ ამოვიდოდნენ, რადგან საფეხურები ჩამონგრეული იყო. მაგრამ შეეძლოთ მიმხვდარიყვნენ, რომ ჭერში ვიმალებოდი და ტყვიებს დამიშენდნენ. იმასაც ვფიქრობდი - მეზობელ სახურავზე ხომ არ გადავმხტარიყავი, რადგან ეს უკვე ჩემი სახლი იყო, მაგრამ ნახტომისთვის იქ ათი ფუტი (სამ მეტრზე მეტი) იყო.

სახურავზე გავედი. ჩემი მეგობარი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა, უკვე მელოდა მოპირდაპირე სახლის სახურავზე. მუხლებზე ვიდექი, რომ პოლიციელებს არ დავენახე, მეგობარი კი დაწვრილებით მაბარებდა ანგარიშს მომხდარზე.

- დამშვიდდი, მაიკ. ისინი შენობიდან გავიდნენ. მაგრამ ისევ გეძებენ. პოლიციის უამრავი მანქანაა, - შემატყობინა მან.

ველოდი და მეგონა, მთელი ცხოვრება სახურავზე დავრჩებოდი.

- წავიდნენ, მაიკ, - როგორც იქნა, მომახსენა ჩემმა მეგობარმა.

ჩამოვედი, მაგრამ გარკვეული ხანი შიგნით დავიცადე. მეგობრებმა მთელი კვარტალი შეამოწმეს, რომ
დარწმუნებულიყვნენ - პოლიციელები არსად იმალებოდნენ.

- კიდევ ცოტა ხანი მოიცადე, მაიკ, - მირჩიეს მათ.

როგორც იქნა, შემატყობინეს, რომ გამოსვლა შემეძლო. ძალიან გამიმართლა, რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვერი. იმ კოლოფში, რომელიც გავიტაცეთ, იყო ძვირფასი საათი, მედალიონები, სამაჯურები, ბრილიანტები, რუბინები... ორი კვირა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს "ნაგავი" მოგვეშორებინა. რაღაც ნაწილი ერთ ადგილას გავყიდეთ, დანარჩენი ძვირფასეულობა - ქალაქის მეორე ბოლოში.

შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ჩემს კრიმინალურ პრაქტიკაში, პირველად მოპარული საკრედიტო ბარათის გამო დამაპატიმრეს. ცხადია, ათი წლისა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ საკრედიტო ბარათი მქონოდა, ამიტომაც, ჩვეულებრივ, უფრო მოზრდილ ბიჭს ვპოულობდი, ვთხოვდი, ჩემთვის ესა და ეს ეყიდა და კიდევ რამე თავისთვის. შემდეგ საკრედიტო ბარათს სხვა ბიჭს მივყიდდით ხოლმე.

მაგრამ, ერთხელ ბელმონ-ავენიუზე ვიყავით და გადავწყვიტეთ, თავად გვესარგებლა ბარათით.

სუფთად გვეცვა, მაგრამ უფროსებს მაინც არ ვგავდით, რომ საკრედიტო ბარათი გვქონოდა. ავირჩიეთ ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, ეს ყველაფერი დახლთან მივათრიეთ და მოლარეს ბარათი მივაწოდეთ. მან შეყოვნებისთვის ბოდიში მოგვიხადა და დარეკა. შემდეგ ბარათი ორად გაჭრა, რამდენიმე წამში პოლიციელებიც მოვიდნენ და დაგვაპატიმრეს.

პოლიციაში წამიყვანეს. დედას ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომაც გავუარეთ და განყოფილებაში გავიყოლეთ. მან პირდაპირ იქ დამიწყო ყვირილი და ცემა. იმ დროისთვის, როცა 12 წელი შემისრულდა, პოლიციაში ჩემი მიყვანა ჩვეულებრივი რიგითი მოვლენა გახდა. ამ დაკავებების შემდეგ, სასამართლოში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ციხეში ვერ გამიშვებდნენ, რადგან არასრულწლოვანი ვიყავი.

ვერ ვიტანდი, როცა დედა პოლიციის განყოფილებაში მოდიოდა და მირტყამდა. ამის შემდეგ, დაქალებთან ერთად სვამდა და უყვებოდა მათ - როგორ მცემდა. როცა საცემრად იწევდა, კუთხეში ზურგით ვბრუნდებოდი და თავის დაცვას ვცდილობდი. წამებასავით იყო. დღემდე, როცა რომელიმე ოთახში აღმოვჩნდები, უნებლიეთ მზერა მისი კუთხეებისკენ გამირბის. და მახსენდება ის ცემა-ტყეპა, რომელიც დედისგან გადავიტანე. მისთვის არაფერი იყო ჩემი მიტყეპვა პროდუქტების მაღაზიაში, ქუჩაში, ჩემი თანაკლასელების თანდასწრებით და სასამართლო დარბაზში.

პოლიციას, რა თქმა უნდა, ეს არ აღელვებდა. ერთხელ, პოლიციელები ჩემთან დაკავშირებით ოქმის შედგენას აპირებდნენ, მაგრამ შემოვარდა დედა და ისე სასტიკად მცემა, რომ ოქმი აღარც ახსოვდათ.
ის მცემდა მაშინაც კი, როცა, ხანდახან, მართალი ვიყავი. ერთხელ, 11 წლისა, ქუჩაში კამათლებს ვთამაშობდი. ჩემს წინააღმდეგ იყო 18 წლის ბიჭი. იმ დღეს მიმართლებდა და ჩემი მეგობრები ფსონებს აკეთებდნენ იმ ნომრებზე, რომლებიც მე ამომდიოდა. თავდაპირველად 200 დოლარი წავაგე, მაგრამ შემდეგ ჩემი ციფრი ზედიზედ ექვსჯერ ამოვიდა და მას 600 დოლარი მოვუგე.

- კიდევ ერთხელ ვისროლოთ. საკუთარ საათს ჩამოვდივარ, - თქმა მან.
ვისროლე. ამოვიდა 4-5-6.
- წესებით, ეს თამაშის დასასრულია, - ვთქვი მე. - საათი მომეცი.
- საერთოდ არაფერს მოგცემ, - მიპასუხა მან და მოგებული ფულის წართმევაც მოინდომა. ჯერ ვუკბინე, შემდეგ ქვა დავარტყი და ჩხუბი დაიწყო. დედაჩემის მეგობრებმა ეს დაინახეს და მასთან გაიქცნენ.
- შენი შვილი ვიღაც მოზრდილ ბიჭთან ჩხუბობს, - შეატყობინეს მას.

დედაჩემი სცენაზე გამოვიდა. სხვა მოზრდილები მშვიდად ელოდნენ ჩხუბის შედეგს, რადგან მასზე იყო დამოკიდებული ფულის ბედი. თუ ეს ბიჭი არ გადაიხდიდა, სხვებიც ასევე მოიქცეოდნენ. ჩხუბის კულმინაცია ახლოვდებოდა, როცა დედაჩემმა ხელი მტაცა, დამარტყა და მიწაზე დამაგდო.

- რატომ ჩხუბობ მასთან? - დაიწყო ყვირილი. - რა გაგიკეთა? - შემდეგ იმ ბიჭს მიუბრუნდა და უთხრა: - ვწუხვარ, სერ.
- ფულის წართმევა მინდოდა! - გავაპროტესტე მე.
მაშინ დედამ ჩემი ფული აიღო და იმ ბიჭს მისცა, მე კი სახეში გამარტყა.
- ვწუხვარ, სერ, - გაუმეორა ბიჭს.
- მოგკლავ, ნაბიჭვარო! - დავიყვირე, სანამ შინ წამათრევდა.

დავიმსახურე ეს ცემა. მინდოდა ერთ-ერთი იმ მაგარ ბიჭთაგან ვყოფილიყავი, რომლებსაც სამკაულები და ჯიბეში ფული აქვთ, ხოლო უფრო მოზრდილებს, გოგონები ჰყავთ. იმ დროისთვის, მაინცდამაინც არ ვიყავი გატაცებული გოგონებით, მაგრამ მომწონდა კარგი ტანსაცმლის ტარება და ყურადღების მიპყრობა. უკვე იმ დროს დედამ ხაზი გადამისვა. მისი სხვა შვილები კარგად სწავლობდნენ და სხვებს ხასიათით ეწყობოდნენ, მაგრამ შემდეგ გავჩნდი მე, ერთადერთი, რომელმაც არც წერა იცოდა და არც კითხვა. არ შემეძლო ამ სისულელის დაძლევა.

- რატომ არ შეგიძლია ამის გაგება, - მეკითხებოდა დედა. - რა არ არის ისე შენთვის?

როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ გონებადაქვეითებული ვიყავი. ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში, სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში დავყავდი ლი-ავენიუზე და ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას მიტარებდნენ. თურმე, ბავშვობაში საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. ეჭვი მაქვს, რომ 70-იან წლებში ეს არანორმალური იყო.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული