საშინელება იყო შტატის გამოსასწორებელ დაწესებულებაში მოხვედრა. იქ უკვე მოზრდილ ბიჭებთან ერთად აღმოვჩნდი, რომლებიც უფრო მაგრები იყვნენ, ვიდრე "სპოფორდის" ბავშვები. მაგრამ "ტრიონიც" არ იყო ცუდი ადგილი. აქ კოტეჯის მსგავსი ბევრი სახლი იდგა, შეიძლებოდა სასეირნოდ გასვლა, კალათბურთის თამაში, სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში.
მაგრამ მე თავიდანვე შარში გავეხვიე. უბრალოდ, მუდმივად რაღაცაზე ვიყავი გაბრაზებული. ყველასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა. ყველას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მინდოდა სცოდნოდათ, რომ ბრუკლინიდან ვარ და ჩემთან ხუმრობა არ გაუვათ.
მეცადინეობაზე უნდა წავსულიყავი, როცა უცნობმა ბიჭმა გვერდით ჩამიარა. გამომწვევად და უხეშად ვიქცეოდი,
"ის შენია, მაიკ!" - გავიფიქრე მე. მივუახლოვდი. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ისე მიყურებდა, თითქოს ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ აწუხებდა. თითქოს მე უნდა დამევიწყებინა, რომ 45 წუთის წინ ქუდი წამართვა. გაშმაგებული ვეძგერე...
ხელბორკილები დამადეს და "ელმვუდში" - გამოუსწორებელთა კარცერში გამიშვეს. "ელმვუდი" შემზარავი იყო. იქაური პერსონალი - ჯანმრთელი და უხეში სოფლელები იყვნენ. უნდა გენახათ, ეს აყლაყუდები როგორ ეპყრობოდნენ ხელბორკილიანებს.
ვინც დაიმსახურებდა, უქმეებზე "ელმვუდიდან" რამდენიმე საათით უშვებდნენ და ისინი გატეხილი ცხვირით, ჩამოყრილი კბილებით და დამსხვრეული ნეკნებით ბრუნდებოდნენ. თავიდან მეგონა, რომ მათ პერსონალი სცემდა, რადგან იმ დროს არავინ რეკავდა ჯანმრთელობის სამინისტროში ან სოციალურ სამსახურში იმ შემთხვევებისას, როცა დაცვა ბავშვებს აზიანებდა. მაგრამ, რაც უფრო მეტს ვსაუბრობდი ნაცემ ბავშვებთან, მით უფრო მეტად მესმოდა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.
"ჩვენ თითქმის გავაკეთეთ ეს!" - იცინოდნენ ისინი. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდნენ, სანამ ყველაფერი კარგად არ ამიხსნეს. აღმოჩნდა, რომ ისინი კრივში ვარჯიშობდნენ მისტერ სტიუარტთან - ერთ-ერთ აღმზრდელთან. ბობი სტიუარტი ძლიერი ირლანდიელი ბიჭი იყო, პროფესიონალი მოკრივე. თავის დროზე, ქვეყნის ჩემპიონი იყო მოყვარულებს შორის. როცა ისევ მოვხვდი კარცერში, ერთ-ერთმა მცველმა დამიდასტურა, რომ ყოფილი ჩემპიონი ბავშვებს კრივს ასწავლიდა. თანამშრომლები, რომლებმაც ამის შესახებ მომიყვნენ, კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩემ მიმართ და გადავწყვიტე სტიუარტთან შეხვედრა. მეგონა, რომ ისიც კარგად შემხვდებოდა.
იმ საღამოს ჩემს ოთახში ვიყავი, როცა კარზე ძლიერი და შიშისმომგვრელი კაკუნი გაისმა. კარი გავაღე - ეს იყო მისტერ სტიუარტი.
- აბა, ხელებიანო უკანალო, გავიგე, ჩემთან საუბარი გსურს, - ჩაიბურტყუნა მან.
- მინდა მოკრივე გავხდე, - ვუთხარი მე.
- როგორც სხვა ბიჭებს. მაგრამ ისინი სათანადოდ არ მუშაობენ იმისთვის, რომ მათგან მოკრივე გამოვიდეს, - მიპასუხა მან. - თუ შენ ყველაფერს სწორად გააკეთებ, სისულელეებს თავს დაანებებ და ამ საქმეს პატივს სცემ, მზად ვარ, შენთან ვიმუშაო.
ასე რომ, ჩემი მხრიდან განაცხადი გაკეთებული იყო. ვეჭვობ, სისულელე ჩავიდინე, მაგრამ იმ დღიდან ბეჯითად სწავლა დავიწყე, ფრიადოსანი გავხდი, ყველას ასე ვპასუხობდი: "დიახ, სერ", "არა, მემ". და საერთოდ, სამაგალითო მოქალაქედ ვიქეცი. ასე რომ, ახლა შემეძლო სტიუარტთან საჩხუბრად წასვლა. მოლოდინმა ერთი თვე დაიკავა, მაგრამ, როგორც იქნა, დავიმსახურე ეს.
ყველა შეიკრიბა იმის სანახავად - შევძლებდი თუ არა მასწავლებლის ცემას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდი და ამის შემდეგ თითოეული დაიწყებდა ჩემ წინაშე ლაქუცს.
თავიდავე მუშტების ქნევა დავიწყე. ის ჩაიკეტა. ვურტყამდი გაუთავებლად. უცებ სტიუარტი შემობრუნდა და პირდაპირ მუცელში მომარტყა. გული ამერია. ამოვუშვი ყველაფერი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მქონდა ნაჭამი. "ეს რა არის, ამის დედაც?" იმ დროს კრივზე არაფერი ვიცოდი. მოგვიანებით გავიგე, რომ თუ მუცელში მოგარტყეს, რამდენიმე წამი სუნთქვა გიჩერდება. ამის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. მომეჩვენა, რომ ვეღარასოდეს ამოვისუნთქავდი და დავიხრჩობოდი. გამწარებულმა ვცადე ამოსუნთქვა და... ისევ გული ამერია.
- ადექი და აქედან გაეთრიე! - დამიღრიალა მან.
როცა ყველანი წავიდნენ, მორჩილად მივადექი სტიუარტს.
- მაპატიეთ, სერ, შეგიძლიათ მასწავლოთ, როგორ კეთდება ეს? - ვკითხე მე.
ვოცნებობდი იმაზე, რომ ბრაუნსვილში დაბრუნების შემდეგ რომელიმე ნაბიჭვარს ასევე მოვდებდი მუცელში, ის გაითიშებოდა და მისი ჯიბეების გამოცარიელებას შევძლებდი. აი, რაზე ვფიქრობდი.
შესაძლოა, მან ჩემში რაღაც დაინახა, რაღაც მოეწონა, ამიტომაც მეორე შეხვედრის დროს მითხრა:
- მართლა გინდა ამის გაკეთება?
და დავიწყეთ რეგულარული ვარჯიში. მეცადინეობების შემდეგ ჩემს ოთახში ვბრუნდებოდი და მთელი ღამე ჩრდილთან ვჩხუბობდი. სულ უფრო უკეთ გამომდიოდა. თავად ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ერთ-ერთი სპარინგის დროს ისეთი დარტყმა შევასრულე, რომ ბობს ცხვირი გაუტყდა და კინაღამ დაეცა. მან ერთ კვირა პაუზა აიღო და შინ იწვა.
რამდენიმეთვიანი ვარჯიშების შემდეგ დედას დავურეკე და ყურმილი ბობის მივაწოდე. "უთხარი, უთხარი!", - ვთხოვე მასწავლებელს. მინდოდა, დედასთვის ეთქვა - რა შემიძლია. წარმოვიდგინე - თუ თეთრი მამაკაცი ეტყოდა ამას, დედა დაიჯერებდა ჩემს წარმატებას. თუმცა მან გადაწყვიტა, რომ ისევ რაღაც შემემთხვა და ბობს უპასუხა, რომ საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვს. დედა ისევ ფიქრობდა, რომ გამოუსწორებელი ვიყავი.
სულ მალე ბობი ჩემთან იდეით მოვიდა:
- მინდა შენი თავი ვაჩვენო კრივში ლეგენდარულ მწვრთნელს, კას დ'ამატოს. მას შეუძლია ახალ დონეზე გაგიყვანოს.
- რა ჯანდაბად მინდა? - ვიკითხე მე. იმ დროს არავის ვენდობდი ბობი სტიუარტის გარდა, რომელიც თურმე ჩემი თავის სხვისთვის გადაცემას აპირებდა.
- უბრალოდ, დაუჯერე ამ ადამიანს,- მითხრა მან.
და აი, 1980 წლის მარტში, ერთ-ერთ უქმეებზე მე და ბობი ნიუ იორკის უბანში - კატსკილში მივედით. დ'ამატოს სპორტული დარბაზი გადაკეთებულ საკონფერენციო დარბაზს ჰგავდა. ფანჯრები არ იყო, დარბაზს ანათებდა ძველმოდური ლამფები. კედლებზე შევამჩნიე პლაკატები და ამონაჭრები ადგილობრივი გაზეთებიდან იმ ბიჭებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს.
კას დ'ამატო ისე გამოიყურებოდა, როგორიც უნდა იყოს კრივის მაგარი მწვრთნელი. დაბალი იყო, ჩაფსკვნილი, ძლიერი და მელოტი. მკვეთრად ლაპარაკობდა და ძალიან სერიოზული იყო. მის სახეზე ღიმილის ნატამალიც კი არ შეიმჩნეოდა.
- როგორ არის საქმეები? მე კასი ვარ, - გამეცნო ის. იგრძნობოდა ძლიერი ბრონქსული აქცენტი. მასთან ერთად იყო ახალგაზრდა მწვრთნელი - ტედი ატლასი.
მე და ბობი რინგზე ავედით და სპარინგი დავიწყეთ. ბობს მთელ რინგზე ვარბენინებდი, დარტყმებით ვამუშავებდი. როგორც წესი, ჩვენი ბრძოლები სამი რაუნდი გრძელდებოდა, მაგრამ მეორე რაუნდის შუაში ბობიმ ორჯერ მარჯვენათი ცხვირში მომარტყა და სისხლი წამსკდა. არ მტკენია, მაგრამ სახე წითლად შემეღება.
- საკმარისია! - გამოაცხადა ტედიმ.
- სერ, გთხოვთ, დამამთავრებინეთ ეს ბრძოლა! ჩვეულებრივ, ყოველთვის ასე ვჩხუბობთ! - ვითხოვე მე. მინდოდა კასზე შთაბეჭდილება მომეხდინა. ვფიქრობდი, რომ შევძლებდი ამის გაკეთებას. როცა რინგიდან ჩამოვედით, პირველი, რაც დ'ამატომ ბობის უთხრა, ეს ფრაზა იყო: "ეს არის მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში".
სპარინგის შემდეგ კასთან სადილზე წავედით. ის ვიქტორიანულ სტილში გადაწყვეტილ თეთრ სახლში ცხოვრობდა, რომელსაც ათი აკრი მიწა ჰქონდა გარშემორტყმული. აივნიდან ჰუძონი მოჩანდა. სახლის მეორე მხარეს იყო ნეკერჩხლის ხეები და ვარდის ბუჩქები. ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი სახლი.
დავსხედით. კასი გამომიტყდა, რომ თავიდან არ დაიჯერა, 13 წლის რომ ვიყავი. შემდეგ ჩემს მომავალზე მელაპარაკა. მხოლოდ ექვსი წუთი მნახა რინგზე, მაგრამ უკვე ურყევი აზრი ჩამოუყალიბდა.
- ბრწყინვალედ გამოიყურები, - მითხრა მან. - შესანიშნავი მებრძოლი ხარ.
ეს უდიდესი კომპლიმენტი იყო.
- თუ ჩემს რჩევებსა და ბრძანებებს მიჰყვები, შევძლებ, შენგან შევქმნა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მძიმე წონაში.
ჯანდაბა! საიდან იცოდა ეს ყველაფერი? ისღა დამრჩენოდა, მეფიქრა, რომ ის გარყვნილი იყო. იმ სამყაროში, საიდანაც მე მოვდიოდი, ადამიანები სწორედ ასე იქცეოდნენ მაშინ, როცა ცუდი საქმისთვის თვალში მოუვიდოდი. არ ვიცოდი, რა მეთქვა. არასოდეს არავის უთქვამს ჩემთვის სასიამოვნო სიტყვები. მასთან დარჩენა მომინდა, რადგან მომწონდა მისი მზრუნველობა. მოგვიანებით ჩავწვდი კასის ფსიქოლოგიას: სუსტს აგრძნობინებ, რომ ძლიერია და ის შენზე დამოკიდებული ხდება.
უკანა გზაზე, "ტრიონში" მიმავალი, ძალიან აღელვებული ვიყავი. მუხლებზე კასის ნაჩუქარი ვარდების თაიგული მედო. ადრე ვარდები არასოდეს მენახა, მხოლოდ ტელევიზორში. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მინდოდა რაღაც წამომეღო სახსოვრად და თხოვნა გავბედე. ვგრძნობდი მათ სურნელს, ვიხსენებდი დ'ამატოს სიტყვებს და შესანიშნავ განწყობაზე ვიყავი. თითქოს ჩემთვის მთელი სამყარო შეიცვალა. იმ წუთებში ვიცოდი, რომ მართლაც გავხდებოდი სახელგანთქმული.
- ვფიქრობ, შენ მას მოეწონე, - მითხრა ბობიმ. - თუ სრული იდიოტი არ ხარ, ყველაფერი კარგად იქნება.
მასაც უხაროდა ჩემ გამო.
სასწავლო-გამოსასწორებელ სახლში დაბრუნებულმა ვარდები წყალში ჩავაწყვე. კასმა "კრივის დიდი ენციკლოპედია" გამომატანა და მის კითხვაში მთელი ღამე გავატარე. გავიგე ბენი ლეონარდის (1896-1947, ნამდვილი სახელი გერშონ ბენ ავრაამი, ამერიკელი მოკრივე-პროფესიონალი, რომელიც მჩატე წონაში გამოდიოდა), ჰარი გრების (1894-1926, ედვარდ ჰენრი გრები, ამერიკელი მოკრივე-პროფესიონალი, მსოფლიოს ჩემპიონი საშუალო და ნახევრად მძიმე წონაში), ჯეკ ჯონსონის (1878-1946, ჯონ არტურ ჯონსონი, ამერიკელი მოკრივე-პროფესიონალი, პირველი შავკანიანი ჩემპიონი მძიმე წონაში) შესახებ.
ამან ძალიან დამაინტერესა. მინდოდა ამ ბიჭებივით ვყოფილიყავი. მათთვის, როგორც ჩანს, არ არსებობდა არანაირი მიღებული წესი. ისინი ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ შესვენებებისას შეეძლოთ, უბრალოდ, ეხეტიალათ ქუჩებში.
კასთან ყოველ უქმეებზე დავიწყე სავარჯიშოდ სიარული. ტედისთან სატრენაჟორო დარბაზში ვმუშაობდი, შემდეგ კი კასთან სახლში ვრჩებოდი. იქ სხვა მოკრივეებიც იყვნენ, რომლებიც მწვრთნელთან და მის მეუღლესთან, შესანიშნავ უკრაინელ ქალთან, კამილა ევალდთან ერთად ცხოვრობდნენ. როცა პირველად მოვხვდი მათ სახლში, ფული მოვიპარე ტედის საფულედან. ეს საზიზღარი ჩვევა ასე უცებ არ გაივლის მხოლოდ იმის გამო, რომ შენს ცხოვრებაში ყველაფერი კალაპოტში დგება. მე ხომ მარიხუანასთვის ფული მჭირდებოდა.
გავიგონე, როგორ უთხრა ტედიმ კასს:
- ალბათ, ეს მან ჩაიდინა.
- არა, ეს მას არ გაუკეთებია, - უპასუხა კასმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"